რა საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაში?
იეჰოვას მოწმეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლას. მათი სასწავლო პროგრამები ქრისტიანული ცხოვრების ყველა მხარეს ეხება, მათ შორის საჯარო მსახურებას. მსახურებაში იმ საქმის შესრულება იგულისხმება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა – ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და სწავლება (მათე 24:14; 28:19, 20). დასწავლებას ვიღებთ ყოველკვირეულ შეხვედრებზე და ყოველწლიურ სარაიონო თუ რეგიონულ კონგრესებზე. ის იეჰოვას მოწმეები, რომელთაც ორგანიზაციაში გარკვეული პასუხისმგებლობები აკისრიათ, დამატებით მომზადებას გადიან სპეციალურ ბიბლიურ სკოლებში.
რა სახის მომზადებას გადიან იეჰოვას მოწმეები?
კრების შეხვედრები. ყოველკვირა ორ შეხვედრას ვესწრებით თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ შენობებში, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა დარბაზების სახელითაა ცნობილი. როგორც წესი, კრების ერთი შეხვედრა ტარდება შუა კვირაში, მეორე კი – შაბათ-კვირას. შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია და არ ხდება ფულის აკრეფა.
შუაკვირის შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ვსწავლობთ, როგორ დავხვეწოთ კითხვის, საუბრის, საჯაროდ სიტყვით გამოსვლის, ქადაგებისა და სწავლების უნარი. პროგრამა მოიცავს მოხსენებებს, ინსცენირებებსა და ვიდეოებს; აგრეთვე განხილვას აუდიტორიის მონაწილეობით. ეს დასწავლება გვეხმარება, უფრო ეფექტიანად გადავცეთ ხალხს ბიბლიური ცნობა და ბიბლიის შესწავლები უკეთ ჩავატაროთ მათთან, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.
შეხვედრებზე წარმოდგენილი მასალა თითოეული დამსწრისთვის არის გამოსადეგი. თუმცა ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ის არის, რომ ღვთისადმი რწმენა გაგვიძლიეროს, უფრო მეტად შეგვაყვაროს ის და თანაქრისტიანები.
შაბათ-კვირის შეხვედრა. ეს ორნაწილიანი შეხვედრა იწყება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებით, რომელიც ძირითადად ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი. შეხვედრის მეორე ნაწილში კითხვა-პასუხებით განვიხილავთ სტატიას ჟურნალ „საგუშაგო კოშკიდან“. a ამ სტატიებში სიღრმისეულად განიხილება ბიბლიური თემები და პრინციპები, რომლებიც გვეხმარება როგორც მსახურებაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სარაიონო და რეგიონული კონგრესები. ყოველწლიურად სამი დიდი შეხვედრა იმართება, რომელთაც ბევრი კრება ერთად ესწრება. თითოეულ ასეთ შეხვედრას ერთი მთავარი ბიბლიური თემა გასდევს. პროგრამაში წარმოდგენილია ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები, ინსცენირებები, ინტერვიუები და ვიდეოები. კრების შეხვედრების მსგავსად, სარაიონო და რეგიონული კონგრესები გვეხმარება, გავიღრმაოთ ბიბლიური ცოდნა და სასიხარულო ცნობის უკეთესი მქადაგებლები და მასწავლებლები გავხდეთ. ამ შეხვედრებზე დასწრებაც ყველას შეუძლია და არ ხდება ფულის აკრეფა.
იეჰოვას მოწმეთა ბიბლიური სკოლები
ზოგიერთ იეჰოვას მოწმეს ბიბლიურ სკოლებში იწვევენ, რათა უფრო მეტად დაიხვეწონ. რომელ სკოლებზე ვსაუბრობთ? რა მიზანს ემსახურება თითოეული სკოლა? რა ხანგრძლივობისაა სასწავლო კურსები? ვის შეუძლია ამ სკოლებში სწავლა?
პიონერული მსახურების სკოლა
მიზანი: დაეხმაროს სრული დროით მსახურებს ანუ პიონერებს, b უფრო ეფექტიანად იქადაგონ და ასწავლონ. სასწავლო კურსი მოიცავს საკლასო განხილვებს, ინსცენირებებს, მოხსენებებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
ხანგრძლივობა: 6 დღე.
მოსწავლეები: ამ სკოლაში იმ იეჰოვას მოწმეებს იწვევენ, რომლებიც უკვე ერთ წელზე მეტია, პიონერებად მსახურობენ; აგრეთვე მათ, ვინც დიდი ხანია, რაც პიონერია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სკოლა არ გაუვლია.
სამეფოს მახარობელთა სკოლა
მიზანი: ეს სკოლა განკუთვნილია გამოცდილი სრული დროით მსახურებისთვის. სასწავლო კურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიუმჯობესონ ქადაგებისა და სწავლების უნარი და უფრო ღრმად ჩასწვდნენ ბიბლიურ საკითხებს. ბევრ კურსდამთავრებულს ისეთ ტერიტორიებზე აგზავნიან, სადაც მქადაგებლებზე მეტი საჭიროებაა.
ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსწავლეები: განცხადების შევსება შეუძლიათ იმ პიონერებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს და მდგომარეობა ხელს უწყობთ, იქადაგონ იქ, სადაც მეტი საჭიროებაა.
უხუცესების სკოლა
მიზანი: ეს სკოლა ეხმარება უხუცესებს, c უკეთ შეასრულონ სწავლებისა და დამწყემსვის პასუხისმგებლობები და უფრო შეიყვარონ ღმერთი და თანაქრისტიანები (1 პეტრე 5:2, 3).
ხანგრძლივობა: 5 დღე.
მოსწავლეები: ამ სკოლის გავლა შეუძლიათ ახლად დანიშნულ უხუცესებს; აგრეთვე იმ უხუცესებს, რომელთაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ გაუვლიათ ეს სკოლა.
სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის
მიზანი: სკოლა ეხმარება სარაიონო ზედამხედველებს, d თავიანთ პასუხისმგებლობას წარმატებით გაართვან თავი (1 ტიმოთე 5:17). გარდა ამისა, სკოლაში სწავლის დროს სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები უფრო იღრმავებენ ბიბლიურ ცოდნას.
ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსწავლეები: სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები, რომლებიც უკვე ერთი წელია, რაც ამ დავალებას ასრულებენ. ამ სკოლის გავლა მათ ხუთ წელიწადში ერთხელ შეუძლიათ.
სამეფო მსახურების სკოლა
მიზანი: დაეხმაროს უხუცესებს და მომსახურეებს, e უკეთ შეასრულონ თავიანთი დავალებები, კრებაში არსებული სიტუაციების და საჭიროებების გათვალისწინებით (2 ტიმოთე 3:1). სკოლა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება.
ხანგრძლივობა: ხშირ შემთხვევაში 1 დღე.
მოსწავლეები: სარაიონო ზედამხედველები, უხუცესები და მომსახურეები.
ბეთელში მსახურების სკოლა
მიზანი: დაეხმაროს ბეთელელებს, f წარმატებით შეასრულონ თავიანთი საქმე და გაიღრმაონ სიყვარული ღვთისა და ერთმანეთის მიმართ.
ხანგრძლივობა: ხუთდღენახევარი.
მოსწავლეები: ახალი ან დიდი ხნის ბეთელელები, რომელთაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ გაუვლიათ ეს სკოლა.
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“
მიზანი: ეს სკოლა ეხმარება მოსწავლეებს, მადლიერება გაიღრმაონ ღვთის სიტყვის მიმართ და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ (1 თესალონიკელები 2:13). სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულ, სულიერად მოწიფულ ქრისტიან მამაკაცებსა და ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ იეჰოვას ორგანიზაციისა და ბიბლიური საგანმანათლებლო საქმის მხარდასაჭერად. ისინი შეიძლება დაინიშნონ როგორც თავიანთი, ისე სხვა ქვეყნის ფილიალში ან სხვა სახის დავალება მიიღონ.
ხანგრძლივობა: 5 თვე.
მოსწავლეები: ფილიალის კომიტეტი ირჩევს იმ სრული დროით მსახურებს, რომელთაც შეუძლიათ „გალაადის“ განცხადების შევსება. ეს სკოლა ტარდება პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ), „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში.
სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი მეუღლეებისთვის
მიზანი: ეხმარება კომიტეტის g წევრებს, ზედამხედველობა გაუწიონ ფილიალის საქმიანობას და იეჰოვას მოწმეთა სხვადასხვა ღონისძიებას ფილიალის ტერიტორიაზე.
ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსწავლეები: იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო იწვევს ფილიალის კომიტეტის წევრებსა და მათ მეუღლეებს. ეს სკოლა ტარდება პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ), „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში.
რას ეფუძნება იეჰოვას მოწმეთა სასწავლო პროგრამები?
იეჰოვას მოწმეთა სასწავლო პროგრამები ყოველთვის ბიბლიაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და მასში მოცემულ რჩევებს საუკეთესო ხელმძღვანელობის გაწევა შეუძლია ცხოვრების ყველა სფეროში (2 ტიმოთე 3:16, 17).
ფასიანია სასწავლო პროგრამები?
არა. ბიბლიური განათლების მიღება უფასოა. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა მთლიანად ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება (2 კორინთელები 9:7).
a ბიბლია და სწავლებაში დამხმარე საშუალებები, მათ შორის ვიდეოები, ხელმისაწვდომია ჩვენს ვებსაიტზე jw.org.
b პიონერი არის მონათლული სამაგალითო იეჰოვას მოწმე, რომელიც ყოველთვიურად განსაზღვრულ დროს უთმობს ბიბლიური ცნობის შესახებ სხვებთან საუბარს.
c უხუცესები არიან მოწიფული ქრისტიანი მამაკაცები, რომლებიც სწავლების დროს ბიბლიას იყენებენ, ასევე ეხმარებიან და ამხნევებენ ღვთის ხალხს. ისინი ამ ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებენ.
d სარაიონო ზედამხედველი არის სრული დროით მსახური, რომელიც ყოველკვირეულად ინახულებს სხვადასხვა კრებას. ის ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებებით ამხნევებს თანაქრისტიანებს და მათთან ერთად მონაწილეობს სამქადაგებლო საქმეში.
e მომსახურეები სხვადასხვა სახის პრაქტიკულ დახმარებას უწევენ კრებაში თანაქრისტიანებს; ასე უხუცესებს მეტი დრო რჩებათ სწავლებისა და დამწყემსვის საქმისთვის.
f ბეთელი ეწოდება იეჰოვას მოწმეების ფილიალს. ბეთელში მომსახურე სრული დროით მსახურები მხარს უჭერენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ადგილობრივი ფილიალის ტერიტორიაზე.
g ფილიალის კომიტეტი შედგება სამი ან მეტი სულიერად მოწიფული და გამოცდილი მამაკაცისგან.