არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„ღირსების გრძნობა დამიბრუნდა“

„ღირსების გრძნობა დამიბრუნდა“
  • დაბადების წელი: 1963

  • ქვეყანა: მექსიკა

  • წარსულში: უსახლკარო; დაკარგული ჰქონდა ღირსების გრძნობა

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე ჩრდილოეთ მექსიკაში, ქალაქ სიუდად-ობრეგონში. რვა დედმამიშვილი მყავდა; ოჯახში მეხუთე შვილი ვიყავი. ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობდით ერთ ლამაზ და მყუდრო ადგილას; მამაჩემს იქ პატარა ფერმა ჰქონდა. მთელი ოჯახი მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდით. 5 წლის ვიყავი, როცა ჩვენს ქალაქს ქარიშხალმა გადაუარა და ჩვენი ფერმა მიწასთან გაასწორა. იძულებულები გავხდით, სხვა ქალაქში გადავსულიყავით.

 მამაჩემმა იქაც კარგად ააწყო საქმე, თუმცა იმ პერიოდში სმას მიჰყო ხელი. ამან უარყოფითად იმოქმედა მთელ ოჯახზე. მე და ჩემი ძმები მამას სიგარეტს ვპარავდით და ჩუმად ვეწეოდით. მახსოვს, 6 წლის ვიყავი, პირველად რომ დავთვერი. ცოტა ხანში ჩვენი მშობლები დაშორდნენ და მეც ბევრ ცუდ რამეში გავერიე.

 დედამ სხვა კაცთან დაიწყო ცხოვრება და ჩვენც თავისთან გადაგვიყვანა. სამწუხაროდ, ის კაცი ფულს არ გვაძლევდა, დედის ხელფასით კი თავი ვერ გაგვქონდა, ამიტომ ბავშვებსაც გვიწევდა მუშაობა. რაც კი შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით, მაგრამ მაინც ძალიან გვიჭირდა. ხან ფეხსაცმლის მწმენდავად ვმუშაობდი, ხან პურს ვყიდდი, ხან — გაზეთებს, ხან — საღეჭ რეზინებს და ხან კიდევ — ათას რამეს. დავდიოდი და მდიდრების სახლებთან ნაგვის ურნებში საჭმელს ვეძებდი.

 ათი წლის რომ ვიყავი, ერთმა კაცმა მითხრა, წამოდი, ქალაქის ნაგავსაყრელზე გამუშავებო. სკოლა მივატოვე, სახლიდანაც წამოვედი და ნაგავსაყრელზე დავიწყე მუშაობა. დღეში დოლარზე ნაკლებს მიხდიდნენ და ნაგვიდან მოგროვილ საჭმელს მაძლევდნენ. ჩემსავე აშენებულ პატარა ხუხულაში ვცხოვრობდი. დღედაღამ უზნეო ხალხის გარემოცვაში ვიყავი და დილიდან საღამომდე ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მესმოდა. ნარკომანებისა და ლოთების წრეში ვიზრდებოდი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე შავბნელი პერიოდი იყო. მახსოვს, როგორ ვკანკალებდი შიშისგან და როგორ ვტიროდი ხოლმე ღამღამობით. ძალიან მრცხვენოდა, ასეთი ღარიბი და გაუნათლებელი რომ ვიყავი. დაახლოებით სამი წელი ვიცხოვრე იმ ნაგავსაყრელზე, მერე მექსიკის სხვა შტატში გადავედი. იქ მინდორში ვმუშაობდი — ბამბას და ყვავილებს ვკრეფდი, შაქრის ლერწამს ვაგროვებდი და კარტოფილს ვიღებდი.

სამი წელი ვცხოვრობდი ერთ-ერთ ასეთ ნაგავსაყრელზე

 ოთხი წლის შემდეგ სიუდად-ობრეგონში დავბრუნდი და მამიდაჩემის სახლში ერთ პატარა ოთახში დავბინავდი. მამიდაჩემი ექიმბაში იყო. იმ პერიოდში ღამე კოშმარები მესიზმრებოდა; ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, რომ თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი. მახსოვს, ერთ ღამეს ვილოცე და ღმერთს ვთხოვე, ღმერთო, თუ არსებობ, დამეხმარე, გაგიცნო და პირობას გაძლევ, სამუდამოდ გემსახურები-მეთქი; ვევედრებოდი, ჭეშმარიტების პოვნაში დამხმარებოდა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 ყოველთვის მინდოდა ღმერთთან დაახლოება. ბავშვობიდანვე დავდიოდი სხვადასხვა ეკლესიაში, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. არცერთი რელიგია არ ასწავლიდა ბიბლიას და ვერსად ვერ მივიღე ჩემს კითხვებზე პასუხები. ზოგ ეკლესიაში ფულის მეტი არაფერი აინტერესებდათ, ზოგან კი მრევლი აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა.

 19 წლის ვიყავი, როცა ჩემი სიძე იეჰოვას მოწმეებზე დამელაპარაკა, რომლებმაც აჩვენეს მას, რა ეწერა ბიბლიაში ხატებსა და კერპებზე. მან წამიკითხა გამოსვლის 20:4 და 5, სადაც გამოსახულებებზე წერია: „არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“. ჩემმა სიძემ მკითხა: „თუ ღმერთი სასწაულებს გამოსახულებების მეშვეობით ახდენს და უნდა, რომ ჩვენც ხატების და კერპების მეშვეობით ვცეთ თაყვანი, რატომღა გვიკრძალავს ამის გაკეთებას?“ ამ საკითხმა ძალიან დამაფიქრა. ამის შემდეგ მე და ჩემმა სიძემ კიდევ რამდენჯერმე ვისაუბრეთ ბიბლიურ თემებზე. ისე მსიამოვნებდა ეს საუბრები, რომ დროის გასვლას ვერც კი ვამჩნევდი.

 მოგვიანებით, ჩემმა სიძემ იეჰოვას მოწმეების კრებაზე წამიყვანა. იქ საოცარი სიტუაცია დამხვდა. გამაოცა ნანახმა და მოსმენილმა. პროგრამაში ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულები და თავისუფლად ლაპარაკობდნენ ტრიბუნიდან. ჩემთვის გავიფიქრე, რა მაგარ განათლებას იღებს-მეთქი აქ ხალხი. გრძელი თმა მქონდა და მაინცდამაინც სუფთადაც არ მეცვა. მაგრამ მოწმეებმა ძალიან თბილად მიმიღეს. ერთმა ოჯახმა სადილადაც კი დამპატიჟა კრების შემდეგ.

 მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. გავიგე, რომ თურმე იეჰოვა მოსიყვარულე მამა ყოფილა, რომელიც ძალიან ზრუნავს ჩვენზე იმის მიუხედავად, თუ რამდენი გვაქვს შემოსავალი, რომელ სოციალურ ფენას მივეკუთვნებით, საიდან ვართ წარმოშობით და რა განათლება გვაქვს მიღებული. დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად მიუკერძოებელი ღმერთია (საქმეები 10:34, 35). როგორც იქნა, ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ახლა ნამდვილად აღარ განვიცდი შინაგან სიცარიელეს.

კურთხევები

 ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თავი დავანებე მოწევას, სმას და უწმაწური სიტყვების გამოყენებას. გულისწყრომა, რომელიც ბავშვობიდან მტანჯავდა, ღამის კოშმარებთან ერთად თანდათანობით წარსულს ჩაჰბარდა. დავძლიე უღირსობის გრძნობაც, რომელიც ბავშვობაში გადატანილი ტრავმებისა და იმის შედეგად ჩამომიყალიბდა, რომ სასკოლო განათლებაც კი ვერ მივიღე ნორმალურად.

 დღეს უკვე დაოჯახებული ვარ და საოცარი მეუღლე მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს იეჰოვა. ჩემი მეუღლე მართლა ბევრ რამეში მეხმარება. ამჟამად სარაიონო ზედამხედველად ვმსახურობ, ვინახულებ იეჰოვას მოწმეების კრებებს, ვამხნევებ და ვასწავლი ჩემს სულიერ და-ძმებს. ბიბლიიდან ნასწავლმა ემოციური ჭრილობები მომიშუშა. ღვთის სიტყვიდან მიღებული ბრწყინვალე განათლების მეშვეობით დავძლიე უღირსობის გრძნობა და თავი ადამიანად ვიგრძენი.

მე და ჩემი მეუღლე ვეხმარებით სხვებს ისე, როგორც ერთ დროს მე დამეხმარნენ