არჩეულ მასალაზე გადასვლა

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს

უბედური შემთხვევის დროს იეჰოვას მოწმეები დახმარებას უწევენ თანამორწმუნეებსა თუ სხვებს. ისინი ამას სიყვარულით აკეთებენ, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანია (იოანე 13:35).

ქვემოთ მოცემული ცნობები მოიცავს 2011—2012 წლებში მომხდარ შემთხვევებს. ამჯერად ვისაუბრებთ, როგორ დაეხმარნენ იეჰოვას მოწმეები დაზარალებულებს, თუმცა ყურადღებას არ გავამახვილეთ სულიერ და ემოციურ დახმარებაზე, რომელსაც, ჩვეულებრივ, ამ დროს მოწმეები დაზარალებულებს უწევენ.

ფილიალები სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტების მეშვეობით ორგანიზებას უწევენ დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას. გარდა ამისა, ადგილობრივი კრებებიც იღებენ ამაში მონაწილეობას.

იაპონია

იაპონია: 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში ასობით ათასი ადამიანი დაზარალდა. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებმა გულუხვობა გამოავლინეს და მათ დასახმარებლად გაიღეს თანხები; დაზარალებულებს გაუგზავნეს საჭირო ნივთებიც. ბევრი მათგანი ჩავიდა სტიქიური უბუდურების ზონაში, რათა აღდგენით სამუშაოებში მიეღო მონაწილეობა. უყურეთ ვიდეორგოლს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინეს მოწმეებმა დახმარება სტიქიით დაზარალებულთ იაპონიაში.

ბრაზილია: წყალდიდობამ და მეწყერმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იეჰოვას მოწმეებმა უმალვე გაგზავნეს სტიქიური უბედურების ზონაში 42 ტონა არამალფუჭებადი საკვები, 20 000 ბოთლი სასმელი წყალი, 10 ტონა ტანსაცმელი, 5 ტონა დასალაგებელი თუ სარეცხი საშუალებები, მედიკამენტები და სხვა ნივთები.

კონგო (ბრაზავილი): როდესაც იარაღის საწყობი აფეთქდა, ოთხ იეჰოვას მოწმეს დაენგრა სახლი, სხვა 28-ს კი — დაუზიანდა. დაზარალებულებს საჭმელი და ტანსაცმელი გაუგზავნეს, ადგილობრივმა მოწმეებმა კი უსახლკაროდ დარჩენილები სახლში შეიფარეს.

კონგო (კინშასა): მოწმეებმა ქოლერით დაავადებულებს მედიკამენტები გაუგზავნეს; მათ, ვინც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა — ტანსაცმელი; მედიკამენტები, თესლეული და ტონობით ტანსაცმელი კი იმ და-ძმებს, რომლებიც ლტოლვითა ბანაკებში ცხოვრობდნენ.

ვენესუელა: გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. უბედურებების დროს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები დაეხმარნენ 288 დაზარალებულ მოწმეს. ორგანიზება გაეწია 50-ზე მეტი ახალი სახლის აშენებას. გარდა ამისა, ეს კომიტეტები დახმარებას უწევენ მათ, ვინც ცხოვრობს ისეთ სახლებში, რომლებიც ტბა ვალენსიის ადიდების შედეგად დაიტბორა.

ფილიპინები

ფილიპინები: ტაიფუნის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ქვეყნის ერთი ნაწილი დატბორა. ფილიალმა დაზარალებულებს საკვები და ტანსაცმელი გაუგზავნა. ადგილობრივი მოწმეები კი ერთმანეთს დაეხმარნენ, რომ სახლებიდან წყალი ამოეტუმბათ.

კანადა: ალბერტას პროვინციის ტყეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ქალაქ სლეივ ლეიკის კრებას რეგიონში მცხოვრებმა მოწმეებმა გაუგზავნეს დიდი ოდენობის თანხა, რათა ტერიტორია გაეწმინდათ. ვინაიდან მთელი თანხა არ დასჭირდათ, შემოწირული თანხის ნახევარზე მეტი გადააგზავნეს მსოფლიოს სხვა ნაწილში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

კოტ-დ’ივუარი: მოწმეებმა იზრუნეს, რომ ქვეყანაში მომხდარ ომამდე, ომის დროს და მის შემდეგ გასაჭირში მყოფ და-ძმებს ჰქონოდათ თავშესაფარი, საჭირო ნივთები და მედიკამენტები.

ფიჯი: გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს 192 მოწმის ოჯახიდან უმეტესობა დაზარალდა; მათ დაეხოცათ შინაური ცხოველები და გაუნადგურდათ ნათესები, რის გამოც საკვებისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათ გაეგზავნათ საკვები.

განა: ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობით დაზარალებულებს გაუგზავნეს საკვები, თესლეული და იზრუნეს, რომ მათ თავშესაფარი ჰქონოდათ.

შეერთებული შტატები: ტორნადოს შედეგად სამ შტატში დაზიანდა 66 მოწმის სახლი, ხოლო 12-ის — მიწასთან გასწორდა. მართალია, უმეტესობას ჰქონდა დაზღვევა, მაგრამ მოწმეები აღდგენით სამუშაოებში მაინც დაეხმარნენ.

არგენტინა: იეჰოვას მოწმეთა კრებები დაეხმარნენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ და-ძმებს, რომლებსაც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სახლები დაუზიანდათ.

მოზამბიკი: გვალვის შედეგად დაზარალებულ 1 000-ზე მეტ ადამიანს გაეგზავნა საკვები.

ნიგერია: ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს დაახლოებით 25 მოწმეს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სერიოზულად დაზიანდნენ. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ბევრ მოწმესაც აღმოუჩინეს დახმარება, რომლებიც ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების დროს უსახლკაროდ დარჩნენ.

ბენინი: წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს პრეპარატები, ტანსაცმელი, მწერებისგან დამცავი ბადეები და წყალი გაეგზავნათ. მოწმეებმა იმაზეც იზრუნეს, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს თავშესაფარი ჰქონოდათ.

დომინიკელთა რესპუბლიკა

დომინიკელთა რესპუბლიკა: ქარიშხალ „აირენის“ შემდეგ ადგილობრივი კრების წევრები დაეხმარნენ დაზარალებულებს სახლების შეკეთებაში და მატერიალური დახმარებაც აღმოუჩინეს.

ეთიოპია: მოწმეებმა გვალვისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს აღმოუჩინეს საჭირო დახმარება.

კენია: გვალვის შედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

მალავი: დზალეკას ლტოლვითა ბანაკში მცხოვრებ მოწმეებს დახმარება აღმოუჩინეს.

ნეპალი: მეწყერმა სერიოზულად დააზიანა ერთი მოწმის სახლი. მისთვის დროებითი საცხოვრებელი ააშენეს და ადგილობრივმა კრების წევრებმა სათანადო დახმარებაც აღმოუჩინეს.

პაპუა-ახალი გვინეა: რვა მოწმეს სახლი გადაუწვეს. ორგანიზება გაეწია იმას, რომ მათთვის ახალი სახლები აეშენებინათ.

რუმინეთი: წყალდიდობის დროს ზოგ მოწმეს სახლი დაენგრა. მათ დაეხმარნენ ახალი სახლების აშენებაში.

მალი: სენეგალთან ახლოს მცხოვრებ მოწმეებს საკვები გაუგზავნეს, რადგან გვალვის გამო მოსავალი ვერ აიღეს.

სიერა-ლეონე: იეჰოვას მოწმე ფრანგმა ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს თავიანთ და-ძმებს ომის შემდეგ.

ტაილანდი: წყალდიდობამ სერიოზულად დააზიანა რამდენიმე პროვინცია. შეიქმნა მაშველთა ჯგუფები, რომელთაც გაასუფთავეს და შეაკეთეს 100 სახლი და 6 სამეფო დარბაზი.

ჩეხეთის რესპუბლიკა: წყალდიდობის შემდეგ რამდენიმე სახლი დაზიანდა; მეზობელ ქვეყანაში, სლოვაკეთში, მცხოვრებმა მოწმეებმა დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულებს.

შრი-ლანკა: ცუნამის შემდეგ სამაშველო სამუშაოების უმეტესობა დასრულდა.

სუდანი: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პოლიეთილენის პარკები გაეგზავნათ იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც ომის დროს საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.

ტანზანია: ძლიერი წყალდიდობის დროს 14 ოჯახმა მთელი ქონება დაკარგა. კრებებმა მათ ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები გაუგზავნეს, ერთი სახლი კი ააშენეს.

ზიმბაბვე: გვალვის შედეგად ქვეყნის ერთ ნაწილში საკვების მარაგი გამოილია. გასაჭირში მყოფთ საკვები და თანხები გაუგზავნეს.

ბურუნდი: ლტოლვილებს დახმარება, მათ შორის სამედიცინო დახმარებაც, აღმოუჩინეს.