არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს

როგორ გამოვხატოთ სიყვარული მეუღლის მიმართ?

როგორ გამოვხატოთ სიყვარული მეუღლის მიმართ?

 დროის სვლასთან ერთად ზოგი ცოლ-ქმარი სულ უფრო ნაკლებ სიყვარულს ავლენს ერთმანეთის მიმართ. თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის? თუ დიახ, უნდა გაღელვებდეთ ეს საკითხი?

 რა უნდა იცოდეთ

 სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა აუცილებელია მტკიცე ქორწინებისთვის. როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაა საჭირო საკვებისა და წყლის რეგულარულად მიღება, ასევე აუცილებელია, ყოველთვის ვავლენდეთ თბილ გრძნობებს, რათა ოჯახური კვანძები მტკიცე და ძლიერი იყოს. ათწლეულებიც რომ იყოს გასული ქორწინებიდან, ცოლსაც და ქმარსაც ყოველთვის სჭირდება იმაში დარწმუნება, რომ მეუღლეს ძალიან უყვარს ის და ზრუნავს მასზე.

 ნამდვილი სიყვარული თავისას არ ეძებს. ასეთი სიყვარული ადამიანს აღძრავს, სხვებს სიხარული და ბედნიერება მოჰგვაროს. ამიტომ გულისხმიერი მეუღლე მხოლოდ მაშინ კი არ ავლენს სითბოსა და სიყვარულს მეუღლის მიმართ, როცა გრძნობები მოუზღვავდება, არამედ ყოველთვის, როცა ეს მეუღლეს სჭირდება.

 როგორც წესი, ქმართან შედარებით ცოლს უფრო მეტად აქვს მოთხოვნილება, მეუღლე მის მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდეს. შეიძლება ქმარს მართლა ძალიან უყვარს ცოლი, მაგრამ თუ ის სიყვარულს იშვიათად გამოხატავს ან თუ ამას მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობის წინ აკეთებს, ცოლს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, ნამდვილად უყვარს თუ არა თავის ქმარს. ბევრად უკეთესია, როცა ქმარი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოხატავს სათუთ გრძნობებს ცოლის მიმართ და ამას ყოველდღიურად აკეთებს.

 გამოსავალი

 სიტყვიერად გამოხატეთ სიყვარული. ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „მიყვარხარ“, „ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ“, შეუძლია მეუღლეს თავი ბედნიერ ადამიანად აგრძნობინოს.

 ბიბლიური პრინციპი: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34).

 რჩევა: ნუ დასჯერდებით სიყვარულის გამოხატვას მხოლოდ სიტყვებით; დაუწერეთ მეუღლეს სასიყვარულო სიტყვები ფურცელზე ან გაუგზავნეთ ელ-ფოსტითა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

 მოქმედებით გამოხატეთ სიყვარული. ჩახუტებით, კოცნით თუ ხელის ჩაჭიდებით აჩვენებთ, რომ თქვენ მიერ ნათქვამი „მე შენ მიყვარხარ“ მხოლოდ ცარიელი სიტყვები არაა. სიყვარულის გამომხატველი იქნება აგრეთვე მიალერსება, თბილი მზერა ან დროდადრო საჩუქრების გაკეთება. სიყვარულის გამოხატვა სხვა მხრივაც შეიძლება: დაეხმარეთ თქვენს ცოლს ჩანთის ტარებაში, ჭურჭლისა და სარეცხის დარეცხვაში ან სადილის მომზადებაში. ცოლებისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დახმარება — მათთვის ეს საქმით დამტკიცებული სიყვარულია.

 ბიბლიური პრინციპი: „გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:18).

 რჩევა: ისეთივე ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით მეუღლის მიმართ, როგორიც შეყვარებულობის დროს.

 გამონახეთ დრო ერთად ყოფნისთვის. მეუღლესთან ერთად განმარტოება განამტკიცებს ოჯახურ კვანძებს და არწმუნებს თქვენს მეუღლეს, რომ გსიამოვნებთ მის გვერდით ყოფნა. რა თქმა უნდა, განმარტოება ადვილი არ იქნება, თუ შვილები გყავთ ან დღის მანძილზე არაერთი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ ხოლმე ერთად, მხოლოდ თქვენ ორმა.

 ბიბლიური პრინციპი: „რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

 რჩევა: ზოგ წყვილს, რომელთაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ, წინასწარ აქვთ განსაზღვრული, როდის გაატარებენ ერთად დროს. ეს შეიძლება იყოს რომელიმე საღამო ან შაბათ-კვირა.

 იცოდე მეუღლის მოთხოვნილებები. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. ამიტომ ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი სახით გსურთ, მეუღლემ სიყვარული გამოხატოს თქვენ მიმართ და იმაზეც, უფრო ხშირად ხომ არ გმართებთ ამის გაკეთება. შემდეგ კი ყველანაირად ეცადეთ, მეუღლის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოთ. გახსოვდეთ: სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა აუცილებელია მტკიცე ქორწინებისთვის.

 ბიბლიური პრინციპი: „სიყვარული ... თავისას არ ეძებს“ (1 კორინთელები 13:4, 5).

 რჩევა: ნაცვლად იმისა, რომ მეუღლეს თქვენ მიმართ სიყვარულის გამოვლენა მოსთხოვოთ, უმჯობესია, საკუთარ თავს ჰკითხოთ: „რა გავაკეთო, რომ მეუღლეს უფრო მეტად შევაყვარო თავი?“