ვინ შექმნა?
კატის ენა
შინაურ კატებს უყვართ თავის მოვლა და სიკოხტავე. ისინი თავის მოვლასა და მოწესრიგებაში ატარებენ იმ დროის მეოთხედს, როცა ღვიძავთ. კატები ამას თავიანთი ენის გასაოცარი აგებულების წყალობით ახერხებენ.
დაფიქრდით: კატის ენა დაფარულია 290 პაწაწინა, ხორხის მხარეს მიმართული, დვრილისებრი გამონაზარდით, რომელიც ისეთივე მყარია, როგორიც ადამიანის ფრჩხილი. თითოეულ დვრილს აქვს ღარი და როგორც კი კატა ენას უკან შეწევს, გამოყოფილი ნერწყვი ამ ღარებში გროვდება. ლოკვის დროს დვრილები ღრმად აღწევს კატის ბეწვში და გამოყოფილი ნერწყვი ხვდება კანზე.
კატას ენის მეშვეობით შეუძლია დღეში დაახლოებით 48 მილილიტრი ნერწყვი „იპკუროს“ კანსა და ბეწვზე. ნერწყვი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებს დამაბინძურებელ ნივთიერებებს. გარდა ამისა, როცა კატის სხეულზე მოხვედრილი ნერწყვი ორთქლდება, სხეულის მეოთხედი ნაწილი გრილდება. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კატას არა აქვს ბევრი საოფლე ჯირკვალი.
როცა დვრილი ეხება აბურძგნილ ბეწვს, სწრაფად შედის შიგნით და წარმოქმნის საჭირო ძალას აწეწელი „თმის დასავარცხნად“. ამ პროცედურის დროს ზოგჯერ დვრილისებრი გამონაზარდების წვერები კანს ასტიმულირებს. მკვლევრებმა კატის ენაზე დაკვირვებით შექმნეს ექსპერიმენტული სავარცხელი. ამ ჯაგრისი სავარცხლით თმის დავარცხნისას უფრო ნაკლები ძალაა საჭირო, ვიდრე სხვა სავარცხლის გამოყენებისას. იგი აწეწილ თმასაც კარგად ვარცხნის და სავარცხლის გასუფთავებაც უფრო მარტივია. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ კატის ენაზე დაკვირვებით გამოიგონებენ უკეთეს საშუალებებს აბურდული და ბეწვიანი ზედაპირების გასასუფთავებლად. გარდა ამისა, მეცნიერებმა შეიძლება დახვეწონ მეთოდები იმისათვის, რომ თმით დაფარულ კანში ადვილად შეაღწიოს ლოსიონებმა და მედიკამენტებმა.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა კატას ასეთი ენა, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?