არჩეულ მასალაზე გადასვლა

Blue Planet Archive/Mark Conlin

ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?

კალიფორნიული ათერინების ქვირითობა

კალიფორნიული ათერინების ქვირითობა

 კალიფორნიული ათერინები პატარა ზომის თევზებია, რომლებიც კალიფორნიასა (აშშ) და ქვემო კალიფორნიაში (მექსიკა) წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ქვირითობენ. ქვირითი რომ დაიცვან, ისინი ზუსტად საზღვრავენ, კონკრეტულად რომელ დღეს და რა დროს უნდა დაიწყონ ქვირითის დაყრა.

 დაფიქრდით: ყოველ სავსე ან ახალ მთვარობაზე, ყველაზე დიდი მოქცევიდან სამი-ოთხი ღამის შემდეგ, კალიფორნიული ათერინები ქვირითს ყრიან. ამ დროს წყლის დონე იკლებს და ქვიშის ფენის სისქე იზრდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ქვირითი უსაფრთხოდ იყოს. თუ ათერინები ამ პროცესს დიდ მოქცევამდე დაიწყებდნენ, ქვიშაში ჩაფლულ ქვირითს ტალღები გადარეცხავდა.

Wally Skalij/Los Angeles Times via Getty Images

 ქვირითობის სეზონზე, გაზაფხულსა და ზაფხულში, წყლის დონე ღამით უფრო მაღალია, ვიდრე დღისით. ეს ათერინებს ეხმარება, რომ წყლიდან, რაც შეიძლება შორს გამოცურონ ქვიშიან სანაპიროზე და მომდევნო მოქცევისთვის ქვირითის დასაცავად შესაფერისი გარემო შექმნან.

 კალიფორნიული ათერინები დიდ ტალღებს მოუყვებიან, რომ ოკეანიდან ქვიშიან სანაპიროზე გამოცურონ. როცა სანაპიროზე წყლის დონე იკლებს, მდედრი სველ ქვიშაში სხეულით პატარა ხვრელს თხრის და კუდით შიგნით ძვრება. შემდეგ ის ხუთიდან რვა სანტიმეტრის სიღრმეში ქვირითს ყრის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე მამრი ანაყოფიერებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ თევზი წყლისკენ მიხოხავს და როგორც კი ნაპირს ტალღა დაარტყამს, ოკეანეში ბრუნდება.

 მართალია, ქვირითი სველ ქვიშაში ვითარდება, მაგრამ გამოჩეკვის პროცესში ტალღების მოძრაობაც დიდ როლს თამაშობს. ლარვები დაახლოებით ორ კვირაში გამოდიან ქვირითიდან, როცა დიდი მოქცევაა, თუმცა გამოჩეკვას შეიძლება ოთხი კვირაც დასჭირდეს.

 რას ფიქრობთ? თავისით განუვითარდა კალიფორნიულ ათერინას ქვირითობისთვის დროის განსაზღვრის უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?