რა არის ათი მცნება?
ბიბლიის თვალსაზრისი
ათი მცნება შეიცავს კანონებს, რომლებიც ღმერთმა მისცა ძველად ისრაელ ერს. ზოგიერთ ენაში „ათი მცნება“ აგრეთვე ცნობილია, როგორც „ათი სიტყვა“, რაც ებრაული ფრაზის „ასერეთ ჰადდევარიმ“-ის სიტყვასიტყვითი თარგმანია. ეს ფრაზა ხუთჯერ გვხვდება ხუთწიგნეულში (თორა), რომელიც ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს მოიცავს (გამოსვლა 34:28; კანონი 4:13; 10:4). ბერძნულ ენაში ამ ფრაზის ეკვივალენტი არის „დეკა“ (ათი) „ლოგუს“ (სიტყვები), საიდანაც მომდინარეობს სიტყვა „დეკალოგი“.
ათი მცნება ღმერთმა თავად ამოტვიფრა ქვის ორ ფილაზე და გადასცა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე (გამოსვლა 24:12—18). ბიბლიაში ათი მცნება ჩაწერილია გამოსვლის 20:1—17-სა და კანონის 5:6—21-ში.
ათი მცნების ჩამონათვალი
თაყვანი ეცი მხოლოდ იეჰოვას (გამოსვლა 20:3)
არ სცე თაყვანი კერპებს (გამოსვლა 20:4—6)
არ ახსენო ღვთის სახელი უღირსად (გამოსვლა 20:7)
დაიცავი შაბათი (გამოსვლა 20:8—11)
პატივი ეცი მშობლებს (გამოსვლა 20:12)
არ მოკლა (გამოსვლა 20:13)
არ იმრუშო (გამოსვლა 20:14)
არ მოიპარო (გამოსვლა 20:15)
არ გამოხვიდე ცრუმოწმედ (გამოსვლა 20:16)
არ იყო ხარბი (გამოსვლა 20:17)
რატომ განსხვავდება ათი მცნების თანმიმდევრობა?
ბიბლიაში ათი მცნება არ არის დანომრილი. შესაბამისად, შეხედულებები იმის თაობაზე, თუ რომელი მცნება რომლის შემდეგ მოდის, არაერთგვაროვანი და განსხვავებულია. ზემოთ მოცემული ჩამონათვალი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. თუმცა ზოგი განსხვავებულ თანმიმდევრობას ასახელებს. ყველაზე ხშირად იცვლება პირველი, მეორე და ბოლო მცნებების ადგილები. a
რა მიზნით დაწერა ღმერთმა ათი მცნება?
ათი მცნება მოსეს კანონის ნაწილი იყო. ამ კანონთა კრებულში 600-ზე მეტი კანონი შედიოდა. იგი არეგულირებდა ღმერთსა და ძველ ისრაელ ერს შორის დადებულ შეთანხმებას (გამოსვლა 34:27). ღმერთი დაჰპირდა ისრაელ ერს, რომ თუ დაიცავდნენ მოსეს კანონს, კურთხეულები იქნებოდნენ (კანონი 28:1—14). თუმცა მოსეს კანონის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ისრაელები მიეყვანა აღთქმულ მესიამდე, ქრისტემდე (გალატელები 3:24).
მოეთხოვებათ ქრისტიანებს ათი მცნების დაცვა?
არა. ღმერთმა მოსეს კანონი, მათ შორის ათი მცნება, უშუალოდ ძველ ისრაელ ერს მისცა (კანონი 5:2, 3; ფსალმუნი 147:19, 20). მოსეს კანონის დაცვა ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ; უფრო მეტიც, იუდეველი ქრისტიანებიც კი გათავისუფლებულნი იყვნენ ამ კანონისგან (რომაელები 7:6). b მოსეს კანონი „ქრისტეს კანონმა“ ჩაანაცვლა; „ქრისტეს კანონი“ თავის თავში აერთიანებს ყველა იმ მითითებას, რაც ქრისტემ თავის მიმდევრებს მისცა (გალატელები 6:2; მათე 28:19, 20).
დღესაც გამოსადეგია ათი მცნება?
დიახ. ვინაიდან ათ მცნებაში ღვთის თვალსაზრისი ჩანს, ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ მცნებებიდან (2 ტიმოთე 3:16, 17). ათივე მცნება ურყევ პრინციპებზეა დაფუძნებული და ეს პრინციპები არასდროს მოძველდება (ფსალმუნი 111:7, 8). ფაქტობრივად, იმ სწავლებების უმეტესობას, რომლებიც „ახალ აღთქმაში“ გვხვდება, საფუძვლად სწორედ ეს პრინციპები უდევს (იხილეთ „ ათი მცნების პრინციპები, რომლებიც ასახულია „ახალ აღთქმაში“).
იესო ასწავლიდა, რომ მთელი მოსეს კანონი, მათ შორის ათი მცნება, ორ ძირითად კანონზე იყო აგებული. მან თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი“ (მათე 22:34—40). ასე რომ, მართალია, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა, მაგრამ ისინი ვალდებულები არიან, უყვარდეთ იეჰოვა და ადამიანები (იოანე 13:34; 1 იოანე 4:20, 21).
ათი მცნების პრინციპები, რომლებიც ასახულია „ახალ აღთქმაში“
პრინციპი |
„ახალი აღთქმა“ |
---|---|
თაყვანი ეცი მხოლოდ იეჰოვას |
|
არ სცე თაყვანი კერპებს |
|
პატივი მიაგე ღვთის სახელს |
(მათე 6:9) |
შეუსრულე ღმერთს მსახურება რეგულარულად |
|
პატივი ეცი მშობლებს |
|
არ მოკლა |
|
არ იმრუშო |
|
არ მოიპარო |
|
არ გამოხვიდე ცრუმოწმედ |
|
არ იყო ხარბი |
a ტრადიციული ებრაული წყობის მიხედვით, გამოსვლის მე-20 თავის მე-2 მუხლი ითვლება პირველ „სიტყვად“ ანუ მცნებად, 3—6 მუხლები კი ერთ მცნებად მოიაზრება და ითვლება მეორე მცნებად (The Jewish Encyclopedia). მეორე მხრივ, კათოლიკები გამოსვლის 20:1—6 მუხლებს ერთ მცნებად მიიჩნევენ. ამ ლოგიკით, მითითება ღვთის სახელის უღირსად გამოყენებასთან დაკავშირებით, მეორე მცნებად სახელდება. რიცხვი ათი რომ შეენარჩუნებინათ, ბოლო მცნება ორად გაყვეს — ერთი იყო ის, რომ კაცს არ უნდა ესურვა მოძმის ცოლი, ხოლო მეორე იყო ის, რომ არ ესურვა მოძმის საკუთრება.
b რომაელების 7:7-ში პავლე საუბრობს მოსეს კანონზე და ახსენებს მე-10 მცნებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ათი მცნება მოსეს კანონის ნაწილი იყო.