არჩეულ მასალაზე გადასვლა

არის ღმერთი ყველგან და ყველაფერში?

არის ღმერთი ყველგან და ყველაფერში?

ბიბლია გვპასუხობს

 ღმერთს შეუძლია ყველაფერი დაინახოს და ნებისმიერ ადგილას გააკეთოს ის, რასაც მოისურვებს (იგავები 15:3; ებრაელები 4:13). თუმცა ბიბლია არ ასწავლის, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. ნაცვლად ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის პიროვნებაა და თავის სამყოფელში მკვიდრობს.

  •   როგორია ღმერთი: ღმერთი სულია (იოანე 4:24). ადამიანებს მისი დანახვა არ შეუძლიათ (იოანე 1:18). ბიბლიაში ჩაწერილი ხილვებიდან, რომლებშიც ღმერთია აღწერილი, ვიგებთ, რომ ღმერთს კონკრეტული ადგილსამყოფელი აქვს და, რომ ის ყველგან არ არის (ესაია 6:1, 2; გამოცხადება 4:2, 3, 8).

  •   ღვთის ადგილსამყოფელი: ღმერთი მკვიდრობს სულიერ სამყაროში, რომელიც განსხვავდება ფიზიკური სამყაროსგან. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ზეციურ სამყოფელში მკვიდრობს (1 მეფეები 8:30). ბიბლიაში მოცემულია შემთხვევა, როცა სულიერი ქმნილებები „იეჰოვას a წინაშე წარდგნენ“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთს კონკრეტული ადგილსამყოფელი აქვს (იობი 1:6).

თუ ღმერთი ყველგან არ არის, შეუძლია მას იზრუნოს ჩემზე?

 დიახ. ღმერთი თითოეულ ადამიანზე ზრუნავს. მართალია, ღმერთი სულიერ სამყაროში მკვიდრობს, მაგრამ ის ყურადღებას აქცევს თავის ერთგულ მსახურებს დედამიწაზე და ეხმარება კიდეც მათ (1 მეფეები 8:39; 2 მატიანე 16:9). განვიხილოთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებზე:

  •   როდესაც ლოცულობთ: იეჰოვა ისმენს თქვენს ლოცვებს (2 მატიანე 18:31).

  •   როდესაც გულგატეხილი ხართ: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

  •   როდესაც ხელმძღვანელობა გჭირდებათ: ღმერთი გვპირდება: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).

მცდარი შეხედულებები ღვთის სამყოფელზე

 მცდარი შეხედულება: ღმერთი ყველა ქმნილებაში მკვიდრობს.

 სინამდვილე: ღმერთი არც დედამიწაზე მკვიდრობს და არც ფიზიკური სამყაროს რომელიმე ნაწილში (1 მეფეები 8:27). ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ვარსკვლავები და სხვა ქმნილებები „ღვთის დიდებას აუწყებს“ (ფსალმუნი 19:1). თუმცა ღმერთი პირდაპირი გაგებით არ მკვიდრობს თავის ქმნილებებში, როგორც მხატვარი არ მკვიდრობს თავის ნახატებში. ნახატის მსგავსად, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის თავის შემქმნელზე, ხილული სამყარო შემოქმედის უხილავ თვისებებს გვაცნობს: ძალას, სიბრძნესა და სიყვარულს (რომაელები 1:20).

 მცდარი შეხედულება: ღმერთი ყველგან არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ეცოდინება ყველაფერი და არც ყოვლისშემძლე იქნება.

 სინამდვილე: ღმერთს თავისი წმინდა სულის, ანუ მოქმედი ძალის მეშვეობით შეუძლია ყველაფრის შეცნობა. მას შესწევს ძალა, გააკეთოს ის, რასაც მოისურვებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ამისთვის საჭირო არ არის მისი ამა თუ იმ ადგილზე ყოფნა (ფსალმუნი 139:7).

 მცდარი შეხედულება: ფსალმუნის 139:8-ში ჩაწერილი სიტყვები ამტკიცებს, რომ ღმერთი ყველგან არის. ამ მუხლში ვკითხულობთ: „ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ, სამარეშიც რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ“.

 სინამდვილე: აქ საუბარი არ არის ღვთის ადგილსამყოფელზე. ეს მუხლი ხატოვანი ენით აღწერს მის უსაზღვრო ძალას და იმაში გვარწმუნებს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ღმერთს შეუძლია დაგვეხმაროს.

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.