არის ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვი?
ბიბლიის თვალსაზრისი
არა. ბიბლია ფულს არ უწოდებს ბოროტებას და არც იმას ამბობს, რომ უშუალოდ ფულია ყველა ბოროტების მიზეზი. ცნობილი გამონათქვამი, „ფული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“, ბიბლიური ციტატის არასრული და დამახინჯებული ფორმაა. სინამდვილეში ბიბლია ამბობს, რომ „ფულის სიყვარულია ყოველგვარი ბოროტების ფესვი“. a
რას ამბობს ბიბლია ფულზე?
ბიბლია ამბობს, რომ თუ ადამიანი ფულს ბრძნულად გამოიყენებს, მან შეიძლება სარგებლობა მოუტანოს მას; ფულმა შეიძლება დაგვიცვას კიდეც (ეკლესიასტე 7:12). ამასთანავე, ბიბლია აქებს მათ, ვინც გულუხვობას ავლენს სხვების მიმართ, რაშიც სხვებისთვის ფულადი დახმარების გაწევაც იგულისხმება (იგავები 11:25).
ამავე დროს, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ფული არ გახდეს ჩვენი ცხოვრების მთავარი საფიქრალი. ღვთის სიტყვაში წერია: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5). აქედან იმას ვსწავლობთ, რომ ფული გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ვისწრაფოთ გამდიდრებისკენ. ნაცვლად ამისა, უნდა დავჯერდეთ იმას, რაც მართლა გვჭირდება, მაგალითად, საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი (1 ტიმოთე 6:8).
ბიბლიის თანახმად, რატომ არის სახიფათო ფულის სიყვარული?
ხარბი და გაუმაძღარი ადამიანი ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს (ეფესოელები 5:5). ერთი მხრივ, სიხარბე არის კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ფორმა (კოლოსელები 3:5). მეორე მხრივ, როცა ხარბი ადამიანი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვის, ხშირად არღვევს ბიბლიურ პრინციპებს. იგავების 28:20-ში ნათქვამია, რომ „ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ათასგვარი დანაშაულიც კი ჩაიდინოს, მაგალითად დააშანტაჟოს სხვები, გამოსძალოს ვინმეს ფული, ითაღლითოს, ადამიანი გაიტაცოს ან მკვლელობაც კი ჩაიდინოს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფულის სიყვარული ასეთ ცუდ რამეს არ ჩაგვადენინებს, მან შეიძლება სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ბიბლიაში წერია, რომ „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში“ (1 ტიმოთე 6:9).
რა სიკეთე მოაქვს ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას ფულთან დაკავშირებით?
თუ ფულის გულისთვის არ დავთმობთ მორალურ და სულიერ ფასეულობებს, საკუთარი თავის პატივისცემა და ღვთის მოწონება გვექნება. მათ, ვინც ცდილობს, ღვთის გულის გახარებას, იეჰოვა ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5, 6). ის აგრეთვე გვარწმუნებს, რომ „ერთგული ბევრ კურთხევას მიიღებს“ (იგავები 28:20).
a ეს მუხლი „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ასეა ნათარგმნი: „ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“.