ევოლუციის მეშვეობით შექმნა ღმერთმა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანები; აგრეთვე ცხოველები და მცენარეები თავიანთი „გვარისდა მიხედვით“ a (დაბადება 1:12, 21, 25, 27; გამოცხადება 4:11). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანთა მოდგმა ადამისა და ევასგან წარმოიშვა (დაბადება 3:20; 4:1). ღვთის სიტყვა მხარს არ უჭერს იმ თეორიას, რომ ღმერთმა ევოლუციის მეშვეობით შექმნა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა. ამ თეორიას თეისტური ევოლუცია ეწოდება. თუმცა ბიბლია არ ეწინააღმდეგება მეცნიერების დასკვნებს, რომ სიცოცხლის ყველა ფორმა განიცდის სახესხვაობას. b
ევოლუციურ პროცესებს მიმართა ღმერთმა?
თეისტური ევოლუცია სხვადასხვა მოსაზრებას აერთიანებს. როგორც „ენციკლოპედია ბრიტანიკაშია“ განმარტებული, თეისტური ევოლუციის თანახმად, ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღმერთი ცოცხალ ორგანიზმებს მართავს, ბუნებრივი გადარჩევაა.
სხვა თეისტური ევოლუციური მოსაზრებებია:
ყველა ცოცხალი ორგანიზმი შორეულ წარსულში საერთო წინაპრისგან წარმოიშვა.
სიცოცხლის ერთი ფორმა შეიძლება ევოლუციის გზით სრულიად სხვა ფორმად იქცეს. ეს მოსაზრება მაკროევოლუციის სახელითაცაა ცნობილი.
ამ პროცესების მიღმა საბოლოოდ ღმერთი დგას.
შეესაბამება ევოლუციის თეორია ბიბლიის სწავლებას?
თეისტური ევოლუციის თეორია იმაზე მიგვანიშნებს, რომ თითქოს ის, რაც წიგნ „დაბადებაში“ წერია შემოქმედების შესახებ, ბოლომდე არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა იესომ ფაქტად მოიხსენია „დაბადებაში“ მოხსენიებული მოვლენები, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას უკავშირდება (დაბადება 1:26, 27; 2:18—24; მათე 19:4—6). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ განკაცებამდე იესო ზეცაში ღვთის გვერდით იყო და ყველაფრის შექმნაში იღებდა მონაწილეობას (იოანე 1:3). ასე რომ, მოსაზრება, თითქოს ღმერთმა ევოლუციის მეშვეობით შექმნა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა, არ შეესაბამება ბიბლიის სწავლებას.
რა შეიძლება ითქვას მცენარეებისა და ცხოველების ადაპტაციის უნარზე?
ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი სახეცვლილება შეიძლება განიცადოს ამა თუ იმ გვარმა. თუმცა არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ ღვთის მიერ შექმნილმა სხვადასხვა სახეობის მცენარეებმა და ცხოველებმა შეიძლება გამრავლებისა თუ ახალ გარემოსთან შეგუების დროს სახეცვლილება განიცადონ. მართალია, ზოგი ამ პროცესებს ევოლუციას მიაწერს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ახალი სახეობები ნამდვილად არ წარმოიშობა.