ვინ იყო მარიამ მაგდალელი?
ბიბლია გვპასუხობს
მარიამ მაგდალელი იესოს ერთგული მიმდევარი იყო. „მაგდალელი“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ქალაქის სახელწოდებიდან „მაგდალა“ (სავარაუდოდ მაგადანი), რომელიც გალილეის ზღვის მახლობლად მდებარეობდა. შესაძლოა მარიამი ოდესღაც იქ ცხოვრობდა.
მარიამ მაგდალელი ერთ-ერთი იყო იმ ქალებიდან, რომლებიც იესოსა და მის მოწაფეებს ქადაგების დროს თან დაჰყვებოდნენ და თავიანთი ქონებით ეხმარებოდნენ (ლუკა 8:1—3). მარიამი იესოს სიკვდილით დასჯის თვითმხილველი გახდა და მან ერთ-ერთმა პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო (მარკოზი 15:40; იოანე 20:11—18).
იყო მარიამ მაგდალელი მეძავი?
ბიბლიაში არ წერია, რომ მარიამ მაგდალელი მეძავი იყო. მარიამის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იესომ მისგან შვიდი დემონი განდევნა (ლუკა 8:2).
მაშ, საიდან გაჩნდა აზრი, რომ მარიამი მეძავი იყო? მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ ზოგი ამტკიცებდა, რომ მართალია, ბიბლიაში სახელით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სწორედ მარიამი იყო ის ქალი (როგორც ჩანს მეძავი), რომელმაც იესოს საკუთარი ცრემლებით ფეხები დაბანა და თმებით შეუმშრალა (ლუკა 7:36—38). თუმცა ამ მოსაზრებას ბიბლია მხარს არ უჭერს.
იყო მარიამ მაგდალელი „მოციქულთა მოციქული“?
არა. კათოლიკური ეკლესია მარიამს „წმინდა მარიამ მაგდალელად“ მოიხსენიებს. მას აგრეთვე „მოციქულთა მოციქულს“ უწოდებენ, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ამცნო მოციქულებს (იოანე 20:18). თუმცა ამ ფაქტის გამო ის მოციქული არ გამხდარა (ლუკა 6:12—16).
ბიბლიის წერა დაახლოებით ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს დასრულდა. თუმცა ეკლესიის წინამძღოლებმა მხოლოდ მეექვსე საუკუნეში აღამაღლეს მარიამი და მას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს. მე-2 და მე-3 საუკუნეების წერილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ბიბლიის ნაწილს, აღნიშნულია, რომ იესოს ზოგიერთ მოციქულს მარიამის შურდა. თუმცა ასეთ გამოგონილ ამბებს არანაირი ბიბლიური საფუძველი არ აქვს.
იყო მარიამ მაგდალელი იესო ქრისტეს ცოლი?
არა. ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს ცოლი არ ჰყოლია. a
a იხილეთ სტატია: „დაქორწინებული იყო იესო? ჰყავდა მას და-ძმები?“.