ხორციელი სხეულით აღდგა იესო თუ სულიერით?
ბიბლია გვპასუხობს:
ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ იესო „მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა [აღდგა] სულში“ (1 პეტრე 3:18; საქმეები 13:34; 1 კორინთელები 15:45; 2 კორინთელები 5:16).
თავად იესოს სიტყვებიც გვიჩვენებს, რომ ის ხორციელი სხეულით არ უნდა აღმდგარიყო. მან თქვა, რომ ხორციელი სხეული „ქვეყნიერების სიცოცხლისთვის“ უნდა გაეღო (იოანე 6:51; მათე 20:28). თუ ის ხორციელი სხეულით აღდგებოდა, გამომსყიდველურ მსხვერპლს არანაირი ძალა არ ექნებოდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ეს ასე მომხდარიყო, რადგან როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იესომ „მხოლოდ ერთხელ“ გაიღო მსხვერპლად საკუთარი სხეული და დაღვარა საკუთარი სისხლი (ებრაელები 9:11, 12).
თუ იესო სულიერ სხეულში აღდგა, როგორღა დაინახეს ის მისმა მიმდევრებმა?
სულიერ ქმნილებებს შეუძლიათ ადამიანის სახე მიიღონ. მაგალითად, წარსულში ანგელოზებმა ხორცი შეისხეს და ადამიანებთან ერთად ჭამდნენ და სვამდნენ კიდეც (დაბადება 18:1—8; 19:1—3). თუმცა ისინი კვლავაც სულიერი ქმნილებები იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ დაეტოვებინათ დედამიწა (მსაჯულები 13:15—21).
აღდგომის შემდეგ იესომაც ადამიანის სახე მიიღო ისევე, როგორც ამ ანგელოზებმა წარსულში. მას, როგორც სულიერ ქმნილებას, შეეძლო მოულოდნელად გამოცხადებოდა თავის მიმდევრებს და მოულოდნელადვე გაუჩინარებულიყო (ლუკა 24:31; იოანე 20:19, 26). იესო სხვადასხვა ფიზიკური სხეულით ეცხადებოდა მოწაფეებს. ასე რომ, აღდგომის შემდეგ, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, ახლო მეგობრები იესოს იმის მიხედვით ცნობდნენ, რასაც ის აკეთებდა და ამბობდა (ლუკა 24:30, 31, 35; იოანე 20:14—16; 21:6, 7).
ვინაიდან მოციქულ თომას უჭირდა იმის დაჯერება, რომ იესო მკვდრეთით აღდგა, ის მას ნაჭრილობევი სხეულით ეჩვენა, რათა მისი რწმენა განემტკიცებინა (იოანე 20:24—29).