უჭერს ბიბლია მხარს მოსაზრებას, რომ დედამიწა ბრტყელია?
ბიბლიის თვალსაზრისი
არა, ბიბლია არ უჭერს ამ მოსაზრებას მხარს. a ბიბლია არ არის სამეცნიერო სახელმძღვანელო, მაგრამ მასში ჩაწერილი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს. ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია, „განმტკიცებულია მარადიულად, სამუდამოდ“ (ფსალმუნი 111:8).
რა იგულისხმება ბიბლიაში ჩაწერილ ფრაზაში „დედამიწის ოთხივე კიდე“?
ბიბლიაში მოხსენიებულ ფრაზებში „დედამიწის ოთხივე კიდე“ და „დედამიწის კიდეები“ არ იგულისხმება, რომ დედამიწა პირდაპირი გაგებით ოთხკუთხედია ანუ კიდეები აქვს (ესაია 11:12; იობი 37:3). აქ გამოყენებული ფრაზა გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ; ეს იგივეა, რომ გვეთქვა: „მთელი დედამიწის ზურგზე“. გარდა ამისა, ბიბლიაში მოხსენიებულია დედამიწის ოთხივე მხარე მთელ დედამიწაზე მცხოვრები ხალხის აღსანიშნავად (ლუკა 13:29).
„კიდეებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა, როგორც ჩანს იდიომია, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან „ფრთები“. ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ჩვეულებრივ, ბარტყის დასაფარად ფრინველი ბოლომდე შლის ფრთებს. ეს ებრაული სიტყვაც მიუთითებს ნებისმიერი ფართოდ გაშლილი რამის კიდეებზე“. იმავე წყაროში აღნიშნულია, რომ იობის 37:3-სა და ესაიას 11:12-ში მოხსენიებული კიდეები „ნიშნავს დედამიწის ხმელეთის ნაპირებს, საზღვრებს ან უკიდურეს წერტილებს“. b
რა გამოჩნდა ეშმაკის მიერ იესოსთვის მოწყობილი გამოცდიდან?
იესოს ცდუნების მიზნით „ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ (მათე 4:8). ზოგის თქმით, ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ჩანს, რომ თითქოს დედამიწა ბრტყელია და მთელი მსოფლიოს დანახვა შესაძლებელია ერთი კონკრეტული ადგილიდან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მონაკვეთში გამოყენებული ფრაზა „ძალიან მაღალი მთა“ მეტაფორაა და არ მიუთითებს პირდაპირი გაგებით გეოგრაფიულ მდებარეობაზე. განვიხილოთ, რატომ არის ეს დასკვნა ლოგიკური.
დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი მთა, საიდანაც მსოფლიოს ყველა სამეფო გამოჩნდება.
ეშმაკმა იესოს არა მხოლოდ ყველა სამეფო აჩვენა, არამედ „მათი დიდებაც“. ასეთი დეტალების შემჩნევა შეუძლებელია შორი მანძილიდან. აშკარაა, ეშმაკმა იესოს სამეფოები ხილვის მსგავსი საშუალებით უჩვენა, დაახლოებით ისე, როგორც პროექტორით არის შესაძლებელი ეკრანზე მსოფლიოს ამა თუ იმ ადგილის ჩვენება.
პარალელურ მონაკვეთში, ლუკას 4:5-ში ვკითხულობთ, რომ ეშმაკმა იესოს „თვალის დახამხამებაში აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო“. ადამიანის მხედველობის შესაძლებლობებს აღემატება ხილვის თვალის დახამხამებაში ნახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკი იესოს ცდუნებისას ადამიანის მხედველობის ნაცვლად, სხვა საშუალების გამოყენებას შეეცადა.
a ბიბლია ღმერთზე ამბობს, რომ „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე“ (ესაია 40:22). ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის თანახმად, აქ გამოყენებული სიტყვა „წრე“ შესაძლოა ნიშნავდეს სფეროს. თუმცა ყველა მეცნიერი არ იზიარებს ამ თვალსაზრისს. როგორც არ უნდა იყოს, ბიბლია არ უჭერს მხარს იმ მოსაზრებას, რომ დედამიწა ბრტყელია.
b გადამუშავებული გამოცემა, ტომი 2, გვერდი 4.