არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

ესაიას 26:3 — „ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ“

ესაიას 26:3 — „ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ“

 „დაიცავ შენზე სრულად მონდობილთ; ყოველთვის მშვიდობით ამყოფებ, რადგან შენ გენდობიან“ (ესაია 26:3, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი“ (ესაია 26:3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ამ დამაიმედებელი სიტყვებით წინასწარმეტყველ ესაიას იმის ხაზგასმა სურდა, რომ ღმერთი დაიცავს მასზე სრულად მინდობილთ და თავს უსაფრთხოდ და მშვიდად აგრძნობინებს.

 „დაიცავ შენზე სრულად მონდობილთ“. ეს ფრაზა აღწერს იმ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში სრულად ენდობა იეჰოვას a. ის, ვინც ღმერთზე ამყარებს იმედს, აანალიზებს, რომ მთლიანად მასზეა დამოკიდებული, და როცა ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, საკუთარი თვალსაზრისით არ ხელმძღვანელობს, პირიქით, ყოველთვის ღვთის ხელმძღვანელობას ეძებს (იგავები 3:5, 6). რომელიმე საკითხზე ღვთის თვალსაზრისი რომ გაიგოს, ის გულდასმით იკვლევს ღვთის სიტყვას, ბიბლიას, და ღრმად ფიქრობს წაკითხულზე (ფსალმუნი 1:2; 119:15). გარდა ამისა, როდესაც ცხოვრებაში ურთულეს პრობლემებს ხვდება, ის იეჰოვას მიმართავს ლოცვით და დახმარებას სთხოვს (ფსალმუნი 37:5; 55:22). ამგვარად აჩვენებს ადამიანი, რომ სრულად ენდობა ღმერთს. სანაცვლოდ ის ღვთისგან მშვიდობას იღებს.

 „ყოველთვის მშვიდობით ამყოფებ“. დედნისეულ ტექსტში სიტყვა „მშვიდობა“ ხაზგასმის მიზნით ორჯერ არის გამოყენებული და ის შეიძლება შემდეგნაირადაც ითარგმნოს: „ულევი მშვიდობა“, „სრულყოფილი მშვიდობა“ ან „სრული მშვიდობა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც სრულად ენდობა იეჰოვას, მშვიდობით ხარობს და რა ვითარებაშიც არ უნდა იმყოფებოდეს შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებს (ფსალმუნი 112:7; 119:165). ასეთი მშვიდობა ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან და იმას აკეთებს, რასაც ღმერთი მიიჩნევს სწორად (იგავები 3:32; ესაია 48:18).

 სიტყვები „მშვიდობით ამყოფებ“ იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი თავის მსახურებს აარიდებს ცხოვრებისეულ სირთულეებსა და საწუხარს (1 სამუელი 1:6, 7; იობი 6:1, 2; ფსალმუნი 31:9). თუმცა, ის მათ ეხმარება, რომ გაუმკლავდნენ ნებისმიერ პრობლემას (ესაია 41:10, 13). ღმერთი პასუხობს მათ ლოცვებს, აძლევს სიბრძნესა და ძალას და ჰგვრის ნუგეშს (ფსალმუნი 94:19; იგავები 2:6; ესაია 40:29). შედეგად, ურთულეს სიტუაციებშიც კი ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ (ფილიპელები 4:6, 7).

კონტექსტი

 წინასწარმეტყველი ესაია ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ცხოვრობდა. იმ პერიოდში და შემდგომ წლებში იუდას მკვიდრთა უმეტესობა იეჰოვას ერთგულად არ ემსახურებოდა, რის გამოც ღმერთმა დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს იუდას დედაქალაქი იერუსალიმი განადგურებულიყო.

 ამ მოვლენამდე 100 წელზე მეტი ხნით ადრე ესაიამ 26-ე თავში მოცემული ღვთის განმადიდებელი წინასწარმეტყველური სიმღერა დაწერა (ესაია 26:1—6). ეს სადიდებელი სიმღერა აღწერდა იმ პერიოდს, როცა იუდას დედაქალაქი იერუსალიმი კვლავ აღდგებოდა.

 ესაიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. 537 წელს შესრულდა. უდავოა, ღვთის ერთგულ ებრაელებს ეს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებდა. სწორედ ამიტომ წარმოთქვეს მათ შემდეგი სიტყვები: „ძლიერი ქალაქი გვაქვს“ (ესაია 26:1). თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქის სიძლიერეს გამაგრებული კედლები კი არა, იეჰოვას კურთხევა და მფარველობა განაპირობებდა (ესაია 26:2).

 იმავეს თქმა შეიძლება დღეს მცხოვრებ ღვთის მსახურებზეც. ვინც სრულად ენდობა იეჰოვას, თავს დაცულად გრძნობს, რადგან სჯერა, რომ ღმერთია მისი კლდე და თავშესაფარი (ესაია 26:4).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „ესაიაზე“.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.