არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

ებრაელების 11:1 — „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ“

ებრაელების 11:1 — „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ“

 „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაა“ (ებრაელები 11:1; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელები 11:1; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ).

ახსნა

 ეს მუხლი ყველაზე ნათლად გვიხსნის რწმენის არსს და გვიჩვენებს, რომ მასში გაცილებით მეტი რამ მოიაზრება, ვიდრე უბრალოდ რელიგიური შეხედულებები.

 „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“. ორიგინალ ებრაულ ტექსტში ებრაელების 11:1-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „რწმენადაა“ ნათარგმნი, გულისხმობს დარწმუნებულობას, დაჯერებულობას, ნდობას. ამგვარი რწმენა არ ეფუძნება უბრალოდ ჩვენს სურვილებს; ის „საფუძვლიანი მოლოდინია“. ბერძნული ფრაზა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „საფუძვლიანი მოლოდინი“ a შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „საკუთრების დამადასტურებელი საბუთი“, რაც მეპატრონეს არწმუნებს, რომ ის უდავოდ საკუთრების მფლობელია.

 „რწმენა ... უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებულებაა“. რწმენა ძლიერ მტკიცებულებას ეფუძნება. ამგვარი მტკიცებულება არწმუნებს ადამიანს, რომ, რასაც ვერ ხედავს, მაგრამ სწამს, რეალურია.

კონტექსტი

 „ებრაელების“ წერილი მოციქულმა პავლემ იერუსალიმში და მის მახლობლად მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა პირველ საუკუნეში. მე-11 თავში პავლე საუბრობს რწმენის მნიშვნელოვნებაზე. მაგალითად, ის წერს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ებრაელების 11:1-ში რწმენის განმარტების შემდეგ, პავლეს მოჰყავს ძველ დროში მცხოვრები იმ მამაკაცებისა და ქალების მაგალითები, რომლებიც ამ თვისებას ავლენდნენ. ის მოგვითხრობს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები ღვთის ნებასთან შეთანხმებულად და ამგვარად აჩვენებდნენ, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდათ (ებრაელები 11:4—38).

a ბერძნულ სიტყვა „ჰიპოსტასის“, რომელიც აქ ნათარგმნია, როგორც „საფუძვლიანი მოლოდინი“, სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს, როგორც „საყრდენი, საძირკველი “. ლათინურად ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც „სუბსტანტია“, საიდანაც წარმოიშვა „მეფე ჯეიმსის თარგმანში“ გამოყენებული ინგლისური სიტყვა „სუბსტანს“.