ახალგაზრდების შეკითხვები
რა შემიძლია გავაკეთო, თუ სკოლაში ცუდად ვსწავლობ?
„ზოგი ჩემი კლასელი გაკვეთილზე ისე ზის, რომ არც რვეული აქვს, არც წიგნი, ყურებში ყურსასმენი უკეთია და მასწავლებელსაც არ უსმენს; მერე კიდე უკვირთ, რატომ იღებენ დაბალ შეფასებებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ჩემსავით დღე და ღამე მეცადინეობენ, მაგრამ ტესტებში მაინც დაბალ ქულებს იღებენ. გულწრფელად ვამბობ, ვერ ვხვდები, რა ხდება. ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე ის, რომ მთელი კვირა შუაღამემდე ვმეცადინეობ და მაინც დაბალ ქულას ვიღებ“ (იოლანდა).
ნაცნობი სიტუაცია ხომ არ არის? სიმართლე რომ ვთქვათ, გულის გამტეხია, როცა დაბალ ქულას იღებ, მით უმეტეს, თუ ეს ხშირად ხდება.
ზოგმა ახალგაზრდამ, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ სკოლაში, შეიძლება ხელი ჩაიქნიოს და აღარ შეეცადოს ნიშნების გამოსწორებას. ზოგი შეიძლება საერთოდ გამოვიდეს სკოლიდან. შეიძლება ეს პრობლემის გადაჭრის იოლ გზად მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ არსებობს უკეთესი ვარიანტი. განვიხილოთ ექვსი ნაბიჯი, რაც დაგეხმარება, უკეთესად ისწავლო.
რა შეგიძლია გააკეთო
არ გააცდინო გაკვეთილები. შეიძლება ამაში ახალი არაფერია, მაგრამ იცოდე, თუ ბევრ გაკვეთილს გააცდენ, შენს ქულებზე ეს აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს!
„ჩემს კლასში გაკვეთილებს ხშირად ის მოსწავლეები აცდენდნენ, რომლებსაც არ ადარდებდათ ქულები. ამას პრობლემების მეტი არაფერი მოჰქონდა მათთვის“ (მეთიუ).
ბიბლიური პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
ყურადღებით იყავი ყველა გაკვეთილზე. ის, რომ გაკვეთილს ესწრები უკვე კარგია, მაგრამ მაქსიმალურად ეცადე, ყურადღებით იყო და არაფერი გამოგრჩეს. გააკეთე კარგი ჩანაწერები. მიჰყევი მასწავლებლის მსჯელობას და თუ ნებადართულია, დასვი კითხვები გაკვეთილის მსვლელობისას.
„ბევრ შეკითხვას ვსვამ ხოლმე გაკვეთილზე იმიტომ, რომ მასწავლებელი უფრო დაწვრილებით ხსნის მასალას, როცა ხედავს, რომ ვიღაცა რაღაცას ვერ იგებს“ (ოლივია).
ბიბლიური პრინციპი: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18).
მოერიდე ტყუილებს. მოტყუება უპატიოსნო საქციელია. ტყუილი ბევრ რამეში გამოიხატება. ერთ-ერთი არის სხვისგან გადაწერა. ამას შენთვისვე მოაქვს ცუდი შედეგი.
„თუ რაღაც საკითხი არ იცი, სხვისგან ნუ გადაიწერ. ამით შენს თავს ნამდვილად ვერ დაეხმარები. იმის მაგივრად, რომ შენ თვითონ ისწავლო პრობლემების მოგვარება, ამ დროს სხვების იმედად ყოფნას ეჩვევი“ (ჯონათანი).
ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი“ (გალატელები 6:4).
პირველ რიგში საშინაო დავალებები მოამზადე. თუ შესაძლებელია, ჯერ საშინაო დავალებები მოამზადე და შემდეგ სხვა საქმეებს დაუთმე დრო. ეს ეხება განსაკუთრებით გართობას. a როცა დავალებები მოშორებული გექნება, გართობაც უფრო შეგერგება!
„სახლში რომ ვბრუნდებოდი, პირველ რიგში საშინაო დავალებებს ვამზადებდი; დროთა განმავლობაში ეს ჩემს ქულებზეც აისახა. სკოლიდან რომ მოვდიოდი, მინდოდა, ცოტა წამეძინა ან მუსიკისთვის მომესმინა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ ჯერ დავალებები მომემზადებინა და მერე დამესვენა“ (კალვინი).
ბიბლიური პრინციპი: „რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).
ითხოვე დახმარება. ნუ მოგერიდება სხვებისგან დახმარების მიღება. შეგიძლია რჩევისთვის მშობლებს მიმართო. შეგიძლია მასწავლებელსაც სთხოვო დახმარება, რომ უკეთესად ისწავლო და მაღალი ქულები მიიღო. ან შეგიძლია კერძო მასწავლებელთან იარო.
„არ მოგერიდოს, მიდი პირდაპირ მასწავლებელთან და სთხოვე, დაგეხმაროს მასალის უკეთ გაგებაში. მასწავლებელს მოეწონება შენი ამგვარი დამოკიდებულება სწავლისადმი და დაგეხმარება“ (დეივიდი).
ბიბლიური პრინციპი: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22).
გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. ზოგ ქვეყანაში ტესტებს თან ახლავს ბონუს-შეკითხვები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, უფრო მაღალი ქულები მიიღო. შეგიძლია დამატებითი დავალებებიც შეასრულო და ასე აიმაღლო ქულები. თუ გამოცდას ვერ ჩააბარებ, შეგიძლია ითხოვო, რომ გადაბარების უფლება მოგცენ.
„თუ მინდა, რომ ნიშნები გამოვასწორო, თავად უნდა ვიყო დაინტერესებული ამ საქმით და მე თვითონ უნდა გადავდგა ნაბიჯები. ჩემს მასწავლებლებს ვეკითხები ხოლმე, შესაძლებელია თუ არა დამატებითი დავალების შესრულება ან თუ შემიძლია რომელიმე ტესტის ხელახლა დაწერა, რომ უკეთესი შეფასება მივიღო“ (მაკენზი).
ბიბლიური პრინციპი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).
a თუ გინდა, რომ წაიკითხო დამატებითი რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ისწავლო უკეთესად, მოძებნე სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ მოვასწრო საშინაო დავალებების მომზადება?“