არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვასწრო საშინაო დავალებების მომზადება?

როგორ მოვასწრო საშინაო დავალებების მომზადება?

 „ძალიან ვიღლები, როცა ღამის პირველ საათამდე საშინაო დავალებებს ვაკეთებ. ამ დროს ძილის მეტი არაფერი მინდა“ (დეივიდი).

 „ზოგჯერ დილის ხუთის ნახევარამდეც კი მიწევდა მეცადინეობა, მაშინ როცა 6 საათზე უკვე ასადგომი ვიყავი, სკოლისთვის რომ მოვმზადებულიყავი. საშინელება იყო!“ (ტერეზა).

 თუ შენც თავზე საყრელად გაქვს საშინაო დავალებები, ეს სტატია გარკვეულ დახმარებას გაგიწევს.

 რატომ გაძლევენ მასწავლებლები საშინაო დავალებებს?

 სხვა სიკეთესთან ერთად, საშინაო დავალებები ...

  •   აგიმაღლებს ინტელექტს

  •   განგივითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას

  •   გასწავლის დროის გონივრულად განკარგვას

  •   დაგეხმარება, ჩასწვდე ნასწავლს და გამოიყენო ცხოვრებაში a

 „დავალებების მოცემით მასწავლებლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მოსწავლეები ივარჯიშებენ იმაში, რაც ისწავლეს და გაკვეთილზე მოსმენილს ქარს არ გაატანენ“ (მარი).

 განსაკუთრებით მათემატიკა და სამეცნიერო საგნები გაგიუმჯობესებს პრობლემებიდან გამოსავლის მოძებნის უნარს. ექსპერტების თქმით, მეცადინეობა ხელს უწყობს ტვინში ახალი სინაფსების წარმოქმნას, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას. ასე რომ, საშინაო დავალებების მომზადება ერთგვარი ტვინის ვარჯიშია.

 იმისდა მიუხედავად, ბოლომდე გესმის თუ არა, რამდენად სასიკეთოა სწავლა, საშინაო დავალებების მომზადება ყველა შემთხვევაში მოგიწევს. შეიძლება შესასრულებელი დავალებების რაოდენობა შენზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ კარგი ის არის, რომ თუ ქვემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებ, მათ მომზადებას შედარებით ნაკლებ დროში შეძლებ. ვნახოთ, როგორ.

 რჩევები

 თუ გიჭირს საშინაო დავალებების მომზადება, გაიხსენე ცნობილი ანდაზა: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ და სცადე შემდეგი ...

  •   რჩევა 1: წინასწარ დაგეგმე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). დრო რომ არ დაკარგო, ახლოს გქონდეს ყველაფერი, რაც მეცადინეობისთვის გჭირდება.

     ამასთანავე, შეარჩიე ისეთი ადგილი, სადაც ყურადღებას არაფერი გაგიფანტავს. ზოგისთვის წყნარი და კარგად განათებული ოთახი იდეალური გარემოა სწავლისთვის, ზოგისთვის კი საუკეთესო აღმოჩნდა სახლის გარეთ, მაგალითად, ბიბლიოთეკაში მეცადინეობა.

     „ბლოკნოტი ან კალენდარი დაგეხმარება, დრო გონივრულად გამოიყენო. ჩაინიშნე საშინაო დავალებები და მიაწერე, როდის რომელ დავალებას გააკეთებ. ასე ნაკლები სტრესი გექნება“ (რიჩარდი).

  •  რჩევა 2: იყავი მოწესრიგებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40). დაგეგმე, რა თანმიმდევრობით გააკეთებ დავალებებს.

     ზოგს ურჩევინია, რთული დავალებებით დაიწყოს. ზოგი კი, სიხარული რომ არ დაკარგოს, ადვილი დავალებით იწყებს. აირჩიე ის მეთოდი, რომელიც შენთვის უფრო მისაღებია.

     „გეგმის შედგენა ნამდვილად დაგეხმარება, რომ გახსოვდეს, რის მერე რა უნდა გააკეთო. ასე ადვილად გაართმევ თავს საშინაო დავალებებს და უსაშველოდ აღარ გაიწელება მეცადინეობის პროცესი“ (ჰეიდი).

  •   რჩევა 3: საქმეს შეუდექი. ბიბლიაში წერია: „საქმეში ნუ იზოზინებთ“ (რომაელები 12:11). არ მისცე საშუალება სხვა რამეს, როგორი მაცდურიც არ უნდა იყოს, ყურადღება გადაგატანინოს საშინაო დავალებებიდან.

     ისინი, ვისაც საქმის ბოლო წუთამდე გადადება უყვართ, ხშირად ვერ ასწრებენ საქმის ბოლომდე მიყვანას ან ნაუცბადევად აკეთებენ; ორივე შემთხვევაში რეზულტატი დაბალია და საქმეც ფუჭდება. ზედმეტ ნერვიულობას აირიდებ თავიდან, თუ თავის დროზე დაიწყებ საშინაო დავალებების მომზადებას.

     „როცა დროულად ვიწყებ საშინაო დავალებების მომზადებას, აღარ მიწევს ზედმეტი ნერვიულობა და სხვა საქმეებშიც აღარ მეშლება ხელი“ (სერინა).

     ეცადე, ასე მოიქცე: საშინაო დავალებების მომზადება ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაიწყე. ასე უფრო თვითდისციპილინირებული გახდები და საქმესაც რეგულარულ სახეს მისცემ.

  •   რჩევა 4: ეცადე, ყურადღება არ გაგეფანტოს. ბიბლია ამბობს: „შენი მბრწყინავი თვალები პირდაპირ იცქირებოდეს“ (იგავები 4:25). თუ გინდა, რომ სწავლის პროცესში ეს რჩევა გაითვალისწინო, უნდა მოიშორო ყველაფერი, რაც ხელს შეგიშლის მეცადინეობაში, იქნება ეს მობილური, პლანშეტი თუ სხვა.

     ინტერნეტში ძრომიალის და მიწერ-მოწერის გამო შეიძლება ორმაგი დრო მოანდომო დავალებების მომზადებას. მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რამეზე არ გადაიტან, არა მარტო სტრესი შეგიმცირდება, არამედ მეტი თავისუფალი დროც დაგრჩება.

     „რთულია, საშინაო დავალებებზე იყო კონცენტრირებული, როცა პარალელურად ტელეფონზე საუბრობ, კომპიუტერს უზიხარ, ვიდეო თამაშით ერთობი ან ტელევიზორს უყურებ. მეცადინეობის დროს ვთიშავ ტელეფონს და ყველა მოწყობილობას, რისკენაც შეიძლება თვალი გამექცეს“ (ჯოელი).

  •   რჩევა 5: იყავი გაწონასწორებული. ბიბლიაში წერია: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ნაკლები სტრესი გექნება, თუ საჭირო დროს ცოტას დაისვენებ — ფეხით გაივლი, ველოსიპედით გაისეირნებ ან ირბენ.

     თუ მაინც ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დავალება გაქვს და ვერანაირად ვერ აუდიხარ მათ მომზადებას, მასწავლებლებს გაესაუბრე. თუ ისინი დაინახავენ, რომ მართლა ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, მაგრამ მაინც გიჭირს, შეიძლება რაღაცები შეცვალონ.

     „იმდენს ნუ ინერვიულებ საშინაო დავალებებზე, რომ დეპრესიაში ჩავარდე. რაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთე. თუ ფსიქიკა შეგერყა, არაფერს ფასი აღარ აქვს“ (ჯულია).

 კითხვები თვითშემოწმებისთვის:

  •   რა მჭირდება მეცადინეობისთვის?

  •   როდის ჯობია, რომ ვიმეცადინო?

  •   სად ჯობია, რომ ვიმეცადინო?

  •   რა უნდა გავაკეთო, რომ საქმე ბოლო წუთამდე არ მივიყვანო?

  •   რამ შეიძლება შემიშალოს ხელი მეცადინეობაში?

  •   როგორ მოვიშორო ყველაფერი, რაც ხელს მიშლის — ტელეფონი, პლანშეტი თუ სხვა?

  •   როგორ შევინარჩუნო გაწონასწორებულობა?

 მნიშვნელოვანი შეხსენება: კარგად გაერკვიე, რა დავალება მოგცა მასწავლებელმა. თუ რამეს ვერ გაიგებ, ისე არ წამოხვიდე სკოლიდან, რომ მასწავლებელს არ ჰკითხო.

a აზრები აღებულია ჯინ შუმის წიგნიდან „სკოლის ძალა“.