არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

როგორ მოვიქცე, თუ მშობლები სოციალური მედიით სარგებლობას მიკრძალავენ?

როგორ მოვიქცე, თუ მშობლები სოციალური მედიით სარგებლობას მიკრძალავენ?

 შესაძლოა შენი ყველა მეგობარი იყენებს სოციალურ მედიას და გამუდმებით ამაზე საუბრობენ. შეიძლება მასხრადაც კი აგიგდონ იმის გამო, რომ არსად ხარ დარეგისტრირებული. რა უნდა იცოდე და როგორ შეგიძლია მოიქცე?

რა უნდა იცოდე

 შენ ერთადერთი არ ხარ. ბევრი მშობელი არ აძლევს შვილს სოციალური მედიის გამოყენების უფლებას. შესაძლოა ასე იმიტომ იქცევიან, რომ აცნობიერებენ საფრთხეს, რომელიც მის გამოყენებას ახლავს თან. ეს შეიძლება იყოს . . .

  •   დეპრესია და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

  •   პორნოგრაფიის, სექსტინგის და კიბერბულინგის მახე.

  •   გაუგებრობები მეგობრებთან.

 ბევრმა მოზარდმა თავად გადაწყვიტა, აღარ ესარგებლა სოციალური მედიით. როგორც ჩანს, ისინი მიხვდნენ, რომ მათთვის სოციალურ მედიას სარგებელზე მეტად ზიანი მოჰქონდა. დავფიქრდეთ ზოგი ახალგაზრდის შემთხვევაზე:

  •   პრისილა მიხვდა, რომ სოციალური მედია დიდ დროს ართმევდა, არადა ბევრად პროდუქტიულად შეეძლო ამ დროის გამოყენება.

  •   ჯერემის ის ფაქტი აღიზიანებდა, რომ თავად ვერ აკონტროლებდა, რა სახის მასალა გამოჩნდებოდა სოციალური მედიის მოხმარებისას.

  •   ბეთანიმ აღმოაჩინა, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე იყო გადართული.

 „კიდევ კარგი, საერთოდ გავაუქმე ჩემი ანგარიში. ახლა მეტ ყურადღებას იმას ვუთმობ, რაც უფრო მნიშვნელოვანია“ (სიერა).

 „სოციალურ მედიაზე ვიყავი დამოკიდებული. სულ იმაზე ვფიქრობდი, რამდენ მოწონებას დავაგროვებდი ჩემი პოსტებით. მართალი რომ ვთქვა, ცოტა გამიჭირდა ანგარიშის გაუქმება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამომეხსნა“ (ქეითი).

რისი გაკეთება შეგიძლია

 დაემორჩილე მშობლების მიერ დადგენილ წესებს. წუწუნისა და გაბრაზების გარეშე გაითვალისწინე მათ მიერ დადგენილი წესები და ამით აჩვენე, რომ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ.

 ბიბლიური პრინციპი: „სულელი თავს ვერ თოკავს, ბრძენი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11).

 ზოგმა შეიძლება გირჩიოს, რომ მშობლებისგან მალულად გამოიყენო სოციალური მედია ან სხვა სახელით დარეგისტრირდე. ეს შენი მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება. თუ უპატიოსნოდ მოიქცევი, მოსვენებას დაკარგავ და დანაშაულის გრძნობა შეგაწუხებს. გახსოვდეს, თუ მშობლები ტყუილში გამოგიჭერენ, მათ ნდობას დაკარგავ.

 ბიბლიური პრინციპი: „გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).

 პირადად მიიღე გადაწყვეტილება. სხვა ახალგაზრდების მსგავსად, შეიძლება შენც გქონდეს არაერთი მიზეზი, რომ უარი თქვა სოციალური მედიის გამოყენებაზე. თუ პირადად მიიღებ გადაწყვეტილებას და არა მშობლების კარნახით, თანატოლებთან თავს უხერხულად არ იგრძნობ და არც მათი დაცინვის შეგეშინდება.

 დასკვნა: მშობლებთან ერთად მიიღე გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში თავს ისე არ იგრძნობ, თითქოს მშობლების კარნახით დადიხარ. გახსოვდეს, სოციალური მედიის გარეშეც თავისუფლად შეგიძლია ცხოვრება.