დომინიკელთა რესპუბლიკა
მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება
„ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“
იეჰოვას „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). ღვთის ამ სურვილის შესაბამისად იეჰოვას მოწმეები დომინიკელთა რესპუბლიკაში მთელი გულით ცდილობენ, ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში მცხოვრებ ადამიანებამდე მიიტანონ სასიხარულო ცნობა, მათ შორის პატიმრებამდე.
ქალაქ სან-კრისტობალში 1997 წელს ორი სპეციალური პიონერი ყოველკვირა ქადაგებდა ნახაიოს ციხეში, სადაც შეხვდნენ 23 წლის კოლუმბიელ ქალს, გლორიას, რომელიც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის გამო იყო დაპატიმრებული. როგორც ჩანს, მანამდე გლორიას უქადაგა ერთმა დამ, რომელიც ციხეში უსამართლოდ იჯდა. გლორიას კითხვებზე რომ ეპასუხათ, ძმებმა მას მიუტანეს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ და სხვა ბიბლიური პუბლიკაციები. ის იმდენად მონდომებით სწავლობდა ბიბლიას, რომ მისი ენთუზიაზმი სხვა პატიმრებსაც გადაედოთ. შედეგად იზრდებოდა იმ პატიმრების რიცხვი, რომლებსაც ყოველკვირა ინახულებდნენ მოწმეები.
ჭეშმარიტებამ ძირფესვიანად შეცვალა გლორია. 1999 წელს ის უკვე მზად იყო, მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო. ყოველთვე იგი 70-ზე მეტ საათს ქადაგებდა ციხეში და ატარებდა ექვს პროგრესულ შესწავლას სხვა პატიმრებთან. 2000 წელს მან პრეზიდენტისგან შეწყალება ითხოვა. გლორიას თხოვნა დაკმაყოფილდა მისი კარგი საქციელის გამო. ის გაათავისუფლეს და კოლუმბიაში გაგზავნეს. 2001 წელს, სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე, ოჯახის წევრების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, გლორია მოინათლა.
მონათვლის შემდეგ გლორიამ პიონერად დაიწყო მსახურება. ის ცოლად გაჰყვა უხუცეს ძმას. დღეს ორივე პიონერად მსახურობს კოლუმბიაში იმ ტერიტორიაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. გლორია ბევრ ბიბლიის შემსწავლელს დაეხმარა, რომ მათ თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის და მონათლულიყვნენ. ის ამბობს, რომ ვალშია იეჰოვასთან და საუკეთესო გზა, რითაც ამ „ვალს გადაიხდის“, ის არის, რომ სხვებს ჭეშმარიტება გააგებინოს, როგორც ერთ დროს მას გააგებინეს.
გლორიას შემთხვევიდან აშკარად ჩანს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას რკინის გისოსებიც კი ვერ უშლის ხელს, რომ პატიმრებამდე მიაღწიოს. ძმები ფილიალიდან შეხვდნენ დომინიკელთა რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს და სხვა ციხეებში შესვლის ნებართვა ითხოვეს, რათა პატიმრებთან ბიბლიის შესწავლები ჩაეტარებინათ. შედეგად 43-მა ძმამ და 6-მა დამ მიიღო 13 ციხეში ქადაგების ნებართვა.
„დააგრძელე შენი კარვის თოკები“
მე-20 საუკუნის მიწურულს დომინიკელთა რესპუბლიკაში 342 კრებაში სასიხარულო ცნობის 21 684 მაუწყებელი იყო. ისინი 34 380 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. გახსენების საღამოს დაესწრო 72 679. ასეთმა ზრდამ ცხადყო, რომ იეჰოვას ხალხი მზადყოფნით გამოეხმაურა ესაიას შემდეგ სიტყვებს: ეს. 54:2).
„გააფართოვე შენი კარვის ადგილი! გადაჭიმონ შენი დიდებული კარვის ქსოვილები! ნურაფერს დაიშურებ! დააგრძელე შენი კარვის თოკები!“ (ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ ქვეყანაში არ იყო ისეთი საკონგრესო დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა მაუწყებლების მზარდ რაოდენობას. 1996 წელს სანტო-დომინგოში ბეთელის გვერდით აშენებული საკონგრესო დარბაზი სავსებით ყოფნიდა დედაქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ კრებებს. მაგრამ ვილა-გონსალესის საკონგრესო დარბაზი, რომელიც ქვეყნის დანარჩენ ნაწილს ემსახურებოდა, მოძველებული იყო და საჭიროებდა რეკონსტრუქციას ან ახლით შეცვლას.
2001 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ მოიწონა 2 500-ადგილიანი საკონგრესო დარბაზის მშენებლობის პროექტი ვილა-გონსალესში. ძმები ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ აგრეთვე იგეგმებოდა შენობის აშენება, სადაც ჩატარდებოდა
მსახურებაში დახელოვნების სკოლა (ამჟამად სამეფოს მახარობელთა სკოლა). ეს შენობა აშენდებოდა საკონგრესო დარბაზის მომიჯნავედ, სადაც განთავსდებოდა საცხოვრებელი ოთახები, საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკა, სამზარეულო და სასადილო. 2004 წელს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა თეოდორ იარაჩმა წაიკითხა ამ ახალი შენობების მიძღვნის მოხსენება. ამ სკოლამ უკვე 15 კლასი გამოუშვა.