თავი 118
მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი
მათე 26:31—35; მარკოზი 14:27—31; ლუკა 22:24—38; იოანე 13:31—38
-
იესო მოციქულებს ურჩევს, დიდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ საკუთარ თავზე
-
იესო ეუბნება პეტრეს, რომ ის მას უარყოფს
-
იესოს მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარულია
მოციქულებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ მათ ფეხები დაჰბანა და ამით თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა. ეს მათ ნამდვილად ესაჭიროებოდათ, რადგან ამ მხრივ სისუსტე ჰქონდათ. მართალია, ისინი ღვთის ერთგულები იყვნენ, მაგრამ ჯერ კიდევ წუხდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი (მარკოზი 9:33, 34; 10:35—37). მოციქულების სისუსტემ ამ საღამოსაც იჩინა თავი.
მოციქულებს შორის „გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკა 22:24). ალბათ, როგორ დამწუხრდებოდა იესო ამის დანახვაზე!
ნაცვლად იმისა, რომ გაკიცხოს მოციქულები ასეთი აზროვნებისა და საქციელისთვის, მოთმინებით ეკიდება მათ და უხსნის: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს უწოდებენ. თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ . . . ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება?“. ამის შემდეგ იესო ახსენებს იმას, თუ რა მაგალითს აძლევდა მთელი იმ დროის მანძილზე, რაც მათთან იყო: „მე კი მომსახურე ვარ თქვენ შორის“ (ლუკა 22:25—27).
და მაინც, არასრულყოფილების მიუხედავად, მათ იესოსთან ერთად არაერთ განსაცდელს გაუძლეს. ამიტომ იესო ეუბნება: „შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:29). ეს მამაკაცები იესოს ერთგული მიმდევრები არიან. იგი არწმუნებს, რომ იმ შეთანხმების წყალობით, რომელსაც მათთან დებს, ისინი ღვთის სამეფოში იქნებიან და მასთან ერთად იმეფებენ.
მართალია, მოციქულებს მომავალში ამხელა ჯილდო ელით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ხორცში და არასრულყოფილების ტყვეობაში არიან. იესო ეუბნება: „აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ“. როგორც ვიცით, ხორბალი გაცხრილვის დროს იფანტება (ლუკა 22:31). ის აგრეთვე აფრთხილებს: «ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს და გაიფანტება სამწყსოს ცხვარი“» (მათე 26:31; ზაქარია 13:7).
პეტრე გადაჭრით ამბობს: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები!“ (მათე 26:33). იესო ეუბნება, რომ ღამით, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, ის უარყოფს მას. თუმცა აქვე დასძენს: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკა 22:32). პეტრე მაინც თავის აზრზე დგას: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“ (მათე 26:35). ამავეს ამბობს ყველა სხვა მოციქულიც.
იესო ეუბნება მოციქულებს: „ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ; რაც იუდეველებს ვუთხარი — სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას — თქვენც იმავეს გეუბნებით“. შემდეგ ამატებს: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:33—35).
როცა პეტრე იგებს, რომ იესო ცოტა ხანსღა იქნება მათთან, ეკითხება: „სად მიდიხარ, უფალო?“. იესო პასუხობს: „სადაც მე მივდივარ, იქ ახლა ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“. საგონებელში ჩავარდნილი პეტრე ამბობს: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? სულს გავწირავ შენთვის“ (იოანე 13:36, 37).
შემდეგ იესო მოციქულებს ახსენებს იმ დროს, როცა გალილეაში საქადაგებლად გაგზავნა და უთხრა, რომ თან არც ქისა წაეღოთ და არც საგზლის აბგა (მათე 10:5, 9, 10). იგი ეკითხება: „გაკლდათ რამე?“. ისინი პასუხობენ: „არა!“. ახლა იესო მითითებას აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამის შემდეგ: «ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს და ვისაც მახვილი არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. გეუბნებით: ჩემზე უნდა შესრულდეს, რაც დაწერილია, რომ „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა“. ვინაიდან, რაც მე მეხება, სრულდება» (ლუკა 22:35—37).
იესოს მხედველობაში აქვს ის დრო, როცა ბოროტმოქმედთა ანუ უკანონობის მოქმედთა გვერდით ძელზე გააკრავენ. ამის მერე იესოს მიმდევრები სასტიკ წინააღმდეგობას და დევნას შეხვდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მზად არიან ამისთვის და ამბობენ: „უფალო, აი, აქ ორი მახვილია“. იესო ეუბნება: „საკმარისია“ (ლუკა 22:38). იგი ამას იმიტომ ამბობს, რომ ცოტა ხანში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლოს მოწაფეებს.