არის რელიგია ფულის შოვნის ერთ-ერთი საშუალება?
შეგინიშნავთ, რომ ბევრი რელიგია ფულის კეთებით უფროა დაკავებული, ვიდრე ადამიანებისთვის სულიერი განათლების მიცემით? ისინი რეკლამას უკეთებენ და ყიდიან თავიანთ ნაწარმს და ფულს იღებენ მომსახურებაში. მაღალი რანგის ბევრი სასულიერო პირი დიდ ხელფასს იღებს და ფუფუნებაში ცხოვრობს. განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი:
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ერთმა კათოლიკე ეპისკოპოსმა 13 წლის განმავლობაში ეკლესიის ბიუჯეტიდან აღებული თანხით დაახლოებით 150-ჯერ იმოგზაურა საკუთარი თვითმფრინავით და 200-ჯერ იმგზავრა ლიმუზინით. ამას გარდა, მან 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა თავისი რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებში.
ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში ერთი სულიერი მოძღვარი რეგულარულად ატარებს რელიგიურ მსახურებას ათობით ათასი დამსწრის წინაშე. მის უზარმაზარ ეკლესიაში ყველაფერი იყიდება „სასწაულმოქმედი ზეთიდან“ დაწყებული ბრენდული პირსახოცებითა და მაისურებით დამთავრებული, რომლებზეც მისი ფოტოა გამოსახული. ეს სულიერი ლიდერი ძალიან მდიდარია, მაშინ როცა მისი მრევლის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს.
ჩინეთში ოთხი წმინდა ბუდისტური მთიდან ორზე ბიზნეს-კომპანიებიაა დაარსებული. ყველასთვის ცნობილ „შაოლინის ტაძარში“ ბევრი კომერციული საქმიანობა ხორციელდება. ამ ტაძრის წინამძღოლს მეტსახელად „ბიზნეს-მენეჯერი აბატი“ შეარქვეს.
ამერიკაში წამყვანმა ბიზნესმენებმა ფულის შოვნის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. როგორც ერთი ანგარიშიდან ვიგებთ, ისინი სპეციალურად ქირაობენ კონსულტანტებს, რათა მათ მოიფიქრონ რელიგიური რიტუალები და რელიგიური მსახურების ფორმები თავიანთი მომხმარებლისთვის.
რას ფიქრობთ რელიგიებზე, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართულნი? გაინტერესებთ, როგორ უყურებს ღმერთი იმ ადამიანებს, რომლებმაც რელიგია ფულის კეთების წყაროდ აქციეს?
იწონებს ღმერთი რელიგიისა და ბიზნესის შერწყმას?
ღმერთი არ იწონებს რელიგიის ბიზნესთან შერწყმას. ბიბლიიდან ჩანს, რომ წარსულში ღმერთი გმობდა იმ მღვდლების საქციელს, რომლებიც თავს მის წარმომადგენლებად აცხადებდნენ და ამ დროს ხალხს „საფასურის სანაცვლოდ“ ასწავლიდნენ (მიქა 3:11). ღმერთი იმ ხარბი და გაუმაძღარი ადამიანების კომერციულ საქმიანობასაც გმობდა, რომლებმაც თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ღვთის ტაძარი „ყაჩაღების ბუნაგად“ აქციეს (იერემია 7:11).
იეჰოვას მსგავსად, იესოსაც სძულდა მათი საქციელი, რომელთაც რელიგია ფულის შოვნის წყაროდ ჰქონდათ ქცეული. იესოს დღეებში რელიგიური წინამძღოლები დიდ მოგებას ნახულობდნენ ხარბი ვაჭრებისგან, რომლებსაც იერუსალიმის ტაძარში ვაჭრობის ნებას რთავდნენ. ეს უკანასკნელნი კი თაყვანისცემისთვის ტაძარში მისულ გულწრფელ ადამიანებს ატყუებდნენ. იესომ ტაძრიდან გამოყარა ეს უპატიოსნო ვაჭრები და უთხრა მათ: „გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!“ (იოანე 2:14—16).
იესო რომ ღვთის აზროვნებას ირეკლავდა მამისგან მიცემული დავალების შესრულების დროსაც გამოჩნდა (იოანე 8:28, 29). ის უსასყიდლოდ უზიარებდა ადამიანებს ღვთის შესახებ ცოდნას. ის გასამრჯელოს არც მაშინ ითხოვდა, როცა სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს, მკვდრებს სიცოცხლეს უბრუნებდა და მშივრებს აპურებდა. იესოს არასოდეს გამოუყენებია თავისი მდგომარეობა სიმდიდრის მოსახვეჭად. მას თავისი სახლიც კი არ ჰქონდა (ლუკა 9:58).
პირველი ქრისტიანებისთვის ღვთისმსახურებას ბიზნესთან საერთო არაფერი ჰქონდა
იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ რელიგიური მსახურება უსასყიდლოდ უნდა შეესრულებინათ. მან თქვა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდ გაეცით“ (მათე 10:8). მისი პირველი მიმდევრები, რომლებიც ქრისტიანების სახელით გახდნენ ცნობილნი, ზუსტად იცავდნენ თავიანთი მოძღვრის მითითებებს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
მოციქულ პეტრეს, რომელიც იესოს დაჰყვებოდა ხოლმე მსახურებაში, ერთხელ ერთმა მამაკაცმა, სახელად სიმონმა, ფული შესთავაზა, რომ მოციქულისგან ძალაუფლება მიეღო. პეტრემ დაუყოვნებლივ შეუსწორა მას თვალსაზრისი და მკაცრად უსაყვედურა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან ღვთის ძღვნის ყიდვა მოინდომე!“ (საქმეები 8:18—20).
ბევრისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოციქული პავლე მისიონერულ მოგზაურობას ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრს შრომობდა ქრისტიანული კრებების განსამტკიცებლად, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ საქმიდან რაიმე გამორჩენა ჰქონოდა. მოციქული პავლე და მისი თანამსახურები, სხვებისგან განსხვავებით, „ღვთის სიტყვით არ ვაჭრობდნენ“ (2 კორინთელები 2:17). მოციქულმა პავლემ დაწერა: „დღედაღამ ვშრომობდით, რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი, როცა ღვთის სასიხარულო ცნობას გაუწყებდით“ (1 თესალონიკელები 2:9).
ბუნებრივია, პირველ ქრისტიანებს სჭირდებოდათ სახსრები სამქადაგებლო კამპანიების მოსაწყობად და გაჭირვებულთა დასახმარებლად. ამის მიუხედავად, ისინი უსასყიდლოდ ასრულებდნენ თავიანთ მსახურებას და ადამიანებს ღმერთთან დაახლოებაში ეხმარებოდნენ. თუმცა, ვისაც სურდა, შეეძლო მატერიალურად დაეჭირა მხარი მათი საქმიანობისთვის შემდეგი მითითებების გათვალისწინებით:
2 კორინთელების 8:12: „რადგან ღმერთი განსაკუთრებით იწონებს მზადყოფნით გაღებულ ძღვენს; ის ჩვენგან იმის გაღებას ელის, რაც გვაქვს და არა იმის, რაც არ გვაქვს“.
არსი: გაცემის დროს ჩვენი მოტივი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაღებული თანხის რაოდენობა.
2 კორინთელების 9:7: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, და არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“.
არსი: ღმერთს არ მოსწონს, როცა ადამიანი იძულებით გასცემს. მას სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ ადამიანი ამას საკუთარი სურვილით, სიხარულით აკეთებს.
რა ელით მალე სიხარბის სულით გაჟღენთილ რელიგიებს?
ბიბლიაში გასაგებად წერია, რომ ღმერთი არ იწონებს ყველა რელიგიას (მათე 7:21—23). ერთ დრამატულ წინასწარმეტყველებაში ბიბლია ყველა ცრუ რელიგიას მეძავს ადარებს, ვინაიდან ისინი შეკრულები არიან პოლიტიკასთან ფინანსური კეთილდღეობის ან სხვა სახის გამორჩენის მიზნით და ბოროტად სარგებლობენ მრევლის ნდობით (გამოცხადება 17:1—3; 18:3). ამ წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მალე ღმერთი განაჩენს აღასრულებს ყველა ცრუ რელიგიაზე (გამოცხადება 17:15—17; 18:7).
ღმერთს ნამდვილად არ უნდა, რომ ცრუ რელიგიების წარმომადგენელთა ან სხვების ცუდმა საქციელმა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს ან მას დააშოროს (მათე 24:11, 12). ის მოუწოდებს გულწრფელ ადამიანებს, დატოვონ ცრუ რელიგია და ისწავლონ, როგორც სცენ ღმერთს თაყვანი მისთვის მოსაწონი სახით (2 კორინთელები 6:16, 17).