მთავარი თემა | გსურთ ბიბლიის შესწავლა?
რატომ ღირს ბიბლიის შესწავლა?
-
რა არის სიცოცხლის აზრი?
-
რატომ იტანჯებიან და კვდებიან ადამიანები?
-
რას გვიქადის მომავალი?
-
ზრუნავს ღმერთი ჩემზე?
გაგჩენიათ ოდესმე ასეთი კითხვები? თუ დიახ, იცოდეთ, რომ მსგავსი კითხვები სხვებსაც ებადებათ. მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე ადამიანები ყოველთვის ფიქრობენ. შესაძლებელია პასუხების პოვნა?
მილიონები იტყოდნენ, რომ „დიახ!“. რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს? ის, რომ თავიანთ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ბიბლიაში იპოვეს. გსურთ, თქვენც იცოდეთ, როგორ პასუხობს ბიბლია ასეთ კითხვებს? თუ ასეა, შესაძლოა ბიბლიის უფასო შესწავლაც მოისურვოთ, რასაც იეჰოვას მოწმეები სთავაზობენ მსურველებს. *
უნდა ვაღიაროთ, რომ როცა საქმე ბიბლიის გამოკვლევაზე მიდგება, ზოგი ამბობს: „ძალიან დაკავებული ვარ“, „ეს ადვილი არ არის, ბიბლია ძნელი გასაგებია“, „ვალდებულების აღების მეშინია“. მაგრამ ზოგი სხვაგვარად ფიქრობს. ისინი მოხარულები არიან, რომ ბიბლიაში გათვითცნობიერების შესაძლებლობა ეძლევათ. აი, ამის რამდენიმე მაგალითი:
-
„ღვთის შესახებ ძალიან ბევრი კითხვა მქონდა. პასუხების მისაღებად სად აღარ დავდიოდი, კათოლიკურ თუ პროტესტანტულ ეკლესიებში, სიქიზმის ტაძარში, ბუდისტურ მონასტერში, უნივერსიტეტში თეოლოგიასაც ვსწავლობდი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერსად მივიღე. ერთხელ სახლში იეჰოვას მოწმემ მომაკითხა. ძალიან გავოცდი, როცა მან ჩემს კითხვებს ბიბლიიდან უპასუხა. მაშინვე დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე“ (გილი, ინგლისი).
-
„ჩვენს ცხოვრებასა და ყოფაზე უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ ეკლესიის პასტორის პასუხები სარწმუნოდ არ მეჩვენებოდა. ერთმა იეჰოვას მოწმემ ყველა ჩემს კითხვას პასუხი მხოლოდ ბიბლიიდან გასცა. როდესაც მკითხა, მსურდა თუ არა ღვთის შესახებ მეტის გაგება, სიხარულით დავთანხმდი“ (კოფი, ბენინი).
-
„სიკვდილთან დაკავშირებით არაერთი კითხვა მქონდა. მჯეროდა, რომ მკვდრებს შეეძლოთ ცოცხლებისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ მინდოდა, ამ თემაზე ბიბლიის თვალსაზრისი გამეგო. ასე რომ, ჩემს ერთ მეგობართან, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ბიბლიის შესწავლა დავიწყე“ (ჟოზე, ბრაზილია).
-
„ბიბლიის წაკითხვა ვცადე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ერთხელაც იეჰოვას მოწმეებმა მომაკითხეს და ნათლად და გასაგებად ამიხსნეს რამდენიმე ბიბლიური წინასწარმეტყველება. ამის მერე მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა“ (დენიზი, მექსიკა).
-
„მაინტერესებდა, ნამდვილად ზრუნავდა თუ არა ღმერთი ჩემზე. ამიტომ გადავწყვიტე, ბიბლიის ღმერთისთვის ლოცვით მიმემართა. მეორე დღეს კარზე იეჰოვას მოწმეებმა მომიკაკუნეს და მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე“ (ანჯუ, ნეპალი).
ეს შემთხვევები იესოს შემდეგ სიტყვებს გვახსენებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). დიახ, ადამიანებში ჩადებულია სულიერი მოთხოვნილებები — ღვთის შესახებ მეტის გაგების სურვილი. ამიტომ ეს მოთხოვნილებები მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაგვიკმაყოფილოს და ის ამას თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით აკეთებს.
როგორ ხდება ბიბლიის შესწავლა? რით იქნება ბიბლიის შესწავლა თქვენთვის სასიკეთო? ამ კითხვებს მომდევნო სტატია უპასუხებს.
^ აბზ. 8 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.