არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ არ არის ცნობილი ზოგიერთი ბიბლიური პერსონაჟის სახელი?

რატომ არ არის ცნობილი ზოგიერთი ბიბლიური პერსონაჟის სახელი?

ბიბლიის წიგნ „რუთში“ მოხსენიებული არ არის იმ კაცის სახელი, რომელმაც უარი თქვა, შეესრულებინა მოსეს კანონით დაკისრებული თავისი მოვალეობა (რუთი 4:1—12). უნდა დავასკვნათ, რომ ყველა პიროვნება, რომლის სახელიც ბიბლიაში არ ჩაიწერა, მაინცდამაინც ცუდი ადამიანი იყო ან ნაკლებად მნიშვნელოვანი?

ნამდვილად, არა. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ბოლო პასექის მზადებისას იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, წასულიყვნენ „ქალაქში ამა და ამასთან“ და მის სახლში მოემზადებინათ პასექი (მათე 26:18). უნდა ვიფიქროთ, რომ კაცი, რომელიც იესომ ამ შემთხვევაში სახელით არ მოიხსენია, ცუდი ან იმდენად უმნიშვნელო ადამიანი იყო, რომ სახელით მოხსენიების ღირსი არ იყო? ცხადია, არა. ის კაცი, ვის სახლშიც პასექი უნდა მოემზადებინათ, უეჭველად, იესოს მოწაფე იქნებოდა. მოცემულ სიტუაციაში ამ კაცის სახელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ მისი სახელი ბიბლიაში არ ჩაიწერა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიბლიაში ბევრი ბოროტი ადამიანის სახელია მოხსენიებული, მაშინ როცა, ღვთის ბევრი ერთგული მსახურის სახელი უცნობია. მაგალითად, პირველი ქალის სახელი „ევა“, ყველასთვის ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ეგოიზმმა და ურჩობამ ადამს ცოდვის ჩადენისკენ უბიძგა, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენც კატასტროფული შედეგები მოგვიტანა (რომაელები 5:12). ამის საპირისპიროდ, ჩვენ არ ვიცით, რა ერქვა ნოეს ცოლს, ქალს, რომელიც მორჩილად და ერთგულად ედგა ქმარს მხარში, რომელიც ღვთისგან მიღებულ უმნიშვნელოვანეს დავალებას ასრულებდა. ის ფაქტი, რომ ბიბლია არ გვიმჟღავნებს ნოეს ცოლის სახელს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უმნიშვნელო ადამიანი იყო ან საკმარისად ვერ მოიპოვა ღვთის კეთილგანწყობა.

ბიბლიაში არ გვხვდება სხვა პერსონაჟების სახელებიც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იეჰოვას განზრახვის შესრულებაში, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მათ საგმირო საქმეებიც კი ჩაიდინეს. მაგალითად, გავიხსენოთ პატარა ისრაელი გოგონა, რომელიც სირიის მეფის მხედართმთავრის, ნაამანის, სახლში მოახლედ მსახურობდა. ის გაბედულად ელაპარაკა თავის ქალბატონს, ნაამანის ცოლს, ისრაელში იეჰოვას წინასწარმეტყველის შესახებ, რასაც დიდი სასწაული მოჰყვა (2 მეფეები 5:1—14). ისრაელის მსაჯულ იფთახის ქალიშვილმაც რწმენის უდიდესი მაგალითი დაგვიტოვა. მამის მიერ დადებული ფიცი რომ არ გაეტეხა, მზად იყო, უარი ეთქვა გათხოვებაზე და შვილების ყოლაზე (მსაჯულები 11:30—40). ჩვენ არ ვიცით 40-ზე მეტი ფსალმუნის დამწერის სახელი; ჩვენ არც ყველა იმ წინასწარმეტყველის სახელი ვიცით, რომლებიც ერთგულად ასრულებდნენ ღვთის დავალებებს (1 მეფეები 20:37—43).

ღვთის ერთგული ანგელოზების მაგალითი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და საოცარია. ღმერთს ასობით მილიონი ანგელოზი ემსახურება, მაგრამ ბიბლია მხოლოდ ორი მათგანის, გაბრიელისა და მიქაელის, სახელს გვიმჟღავნებს (დანიელი 7:10; ლუკა 1:19; იუდა 9). დანარჩენი ანგელოზის სახელები ბიბლიაში არსად გვხვდება. ერთხელ სამსონის მამამ, მანოახმა, ანგელოზს ჰკითხა: „რა გქვია? როცა შენი სიტყვა შესრულდება, პატივს გცემთ“. როგორი იყო ანგელოზის პასუხი? „სახელს რატომ მეკითხები?“, — ჰკითხა მან. ანგელოზმა მოკრძალება გამოავლინა და უარი თქვა პატივის მიღებაზე, რაც მართებულად მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა (მსაჯულები 13:17, 18).

ბიბლია არ გვიხსნის, რატომ არის მასში ზოგი პიროვნების სახელი მოხსენიებული, ზოგის კი — არა. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმ ერთგული ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ღმერთს სახელის ან დიდების გამო არ ემსახურებოდნენ.