არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რატომ გადაწყვიტა ერთმა ცნობილმა მოსამართლემ, რომელიც თავგამოდებული კათოლიკების ოჯახში გაიზარდა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო? რამ აღძრა ერთი ტერორისტი, რადიკალურად შეეცვალა ცხოვრება და ღვთის მსახურება დაეწყო? აი, რას გვიყვებიან თავად ისინი.

„როგორც იქნა, ჩავწვდი, სინამდვილეში რა იყო სწორი და რა — არასწორი“ — სებასტიან ალვეს ჟუნკეირა

დაბადების წელი: 1946

ქვეყანა: ბრაზილია

წარსულში: თავგამოდებული კათოლიკე

მოკლე ბიოგრაფია: მე და ჩემი ოჯახის წევრები ვცხოვრობდით პატარა ქალაქ პიკეტედან დაახლოებით 6 კილომეტრის მოშორებით. მშობლები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მოსავალი საკმარისი გვქონდა, თავი რომ გვერჩინა. ჩემი სკოლა პიკეტეში იყო. ამიტომ, ძველი ველოსიპედი ვიყიდე და ქალაქში ჩასვლა ბევრად მიადვილდებოდა. ჩვენს მხარეში ღარიბი ხალხი ცხოვრობდა, თუმცა ქალაქი სუფთა და შედარებით უსაფრთხო იყო. მამაკაცების უმეტესობა ქარხანაში მუშაობდა, სადაც საომარ იარაღს ამზადებდნენ.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ამიტომ, შევძელი სწავლა მეზობელ ქალაქში სამხედრო საავიაციო სკოლაში გამეგრძელებინა. ეს სასწავლებელი 1966 წელს დავამთავრე და სერჟანტის წოდება მივიღე. შემდეგ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გავაგრძელე და იურისტიც გავხდი. მოგვიანებით ანკეტა შევავსე, პოლიციის უფროსის თანამდებობა რომ დამეკავებინა. 1976 წელს სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარე და ამ თანამდებობაზე დავინიშნე. ზოგჯერ ციხის უფროსის მოვალეობასაც ვასრულებდი. იმ დროს ხშირად მოდიოდნენ იეჰოვას მოწმეები ჩემთან და მთხოვდნენ, რომ მათთვის პატიმრებთან ქადაგების უფლება მიმეცა. ისინი მეც მესაუბრებოდნენ ბიბლიაზე. დიდ პატივს ვცემდი ღმერთს. ძალიან გავოცდი, როცა გავიგე, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა და მასთან ახლო მეგობრობა შეგვეძლო.

თანდათანობით ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდი. 1981 წელს კიდევ ერთი სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარე და მოსამართლის სტატუსიც მივიღე. 2005 წელს კი სან-პაულუს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დამნიშნეს.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: იურიდიული განათლების მიღების შემდეგ მალევე დავიწყე ბიბლიის კითხვა. ამან სრულიად შემიცვალა აზროვნება. თავგამოდებული კათოლიკე ვიყავი. ჩემი ახლო ნათესავები მღვდლები იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი ეპისკოპოსიც კი იყო. თავად მე მესას დროს მღვდელს ვეხმარებოდი — სანამ მღვდელი ქადაგებას წარმოთქვამდა, მე დავალებულ მონაკვეთებს ვკითხულობდი ლოცვების წიგნიდან. როგორც წესი, კათოლიკურ ოჯახებში ბიბლიას არავინ კითხულობდა. დედა ძალიან განაწყენდა, როცა გაიგო, რომ ბიბლიას ვკითხულობდი. ის ყველანაირად ცდილობდა, ხელი ამეღო ბიბლიის კითხვაზე და მარწმუნებდა, რომ ეს წიგნი გონებას ამირევდა. მიუხედავად ამისა, კითხვას მაინც განვაგრძობდი და თანაც ვხედავდი, რომ მსგავსი არაფერი მემართებოდა.

ვფიქრობ, ცნობისმოყვარეობის გამო ვკითხულობდი ბიბლიას. მინდოდა, მეტი გამეგო მღვდლებზე და იმაზე, თუ რა როლი ეკისრათ მათ ეკლესიაში. გარდა ამისა, ვკითხულობდი ერთ-ერთ რელიგიურ მოძრაობაზე, რომლის თანახმადაც, ეკლესიას აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო სოციალური თუ პოლიტიკური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ დავინახე, რომ ამ მოძრაობის მომხრეთა მსჯელობა უსაფუძვლო და არალოგიკური იყო.

ამავე პერიოდში ჩემმა სტომატოლოგმა, რომელიც ბუდისტი იყო, მომცა წიგნი. ის მისთვის ვიღაცას მიეცა. ამ წიგნის სახელწოდება იყო „ევოლუციის შედეგად განვითარდა ადამიანი თუ შეიქმნა?“ * ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა, თუ ამ წიგნს ჩარლზ დარვინის წიგნ „სახეობათა წარმოშობასთან“ ერთად წავიკითხავდი. წიგნში „ევოლუციის შედეგად განვითარდა ადამიანი თუ შეიქმნა?“ მოყვანილი არგუმენტები სარწმუნო, ლოგიკური და საკმაოდ დამაჯერებელი იყო. ამ წიგნმა დამარწმუნა, რომ ევოლუციის თეორია ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

შემოქმედების თემამ, რომელიც ამ წიგნში ირჩეოდა, კიდევ უფრო დამაინტერესა. მსურდა, იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული უფრო მეტი წიგნი წამეკითხა. ვიღაცამ მითხრა, რომ აერონავტიკის სკოლის ერთ-ერთი მექანიკოსი იეჰოვას მოწმე იყო. ვესაუბრე მას და რამდენიმე წიგნიც გამოვართვი. მაშინ ბიბლიის შესწავლაზე უარი ვთქვი, რადგან ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლად შევძლებდი ბიბლიის გამოკვლევას.

ვინაიდან დაქორწინებული ვიყავი, მივხვდი, რომ გონივრული იყო, ოჯახთან ერთად დამეწყო ბიბლიის კითხვა. ჩვენ ყოველკვირა გვქონდა შესწავლა და ერთად ვკითხულობდით ბიბლიას. რადგანაც თავგამოდებული კათოლიკები ვიყავით, მღვდლებისა და ეპისკოპოსების გარემოცვაში გვიწევდა ყოფნა. ერთხელ ჩემი ყურადღება მიიპყრო იოანეს 14:6-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: «იესომ უთხრა [მოწაფე თომას]: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“». ამ საკითხის ღრმად გამოკვლევის შედეგად დავრწმუნდი, რომ იეჰოვა იესოს მეშვეობით გვიხსნის. არადა, ეკლესიაში გვასწავლიდნენ, რომ გადარჩენა მხოლოდ მღვდლების მეშვეობით შეიძლებოდა.

კათოლიკური ეკლესიისა და მისი სწავლებების მიმართ ჩემი დამოკიდებულება კიდევ ორმა ბიბლიურმა მუხლმა შეცვალა. ერთ-ერთი იყო იგავების 1:7, სადაც ვკითხულობთ: „იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა. უგუნურებს სძულთ სიბრძნე და დარიგება“. მეორე კი იაკობის 1:5: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“. დაუოკებელი სურვილი მქონდა, დავწაფებოდი ბიბლიურ სიბრძნეს, რაშიც ეკლესია ვერ დამეხმარა. ამიტომ, შევწყვიტე იქ სიარული.

1980 წელს ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. თუ სახლში ვიყავი, ამ შესწავლას მეც ვესწრებოდი. მალე მეც შევუერთდი მეუღლეს. თუმცა, დიდი დრო დაგვჭირდა, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, იეჰოვასთვის მიგვეძღვნა თავი და მოვნათლულიყავით. ჩემი მეუღლე 1994 წელს მოინათლა, მე კი — 1998 წელს.

კურთხევები: შვილები იეჰოვას ნორმებით აღვზარდეთ და დღეს ოთხივე ღმერთს ემსახურება (ეფესოელები 6:4). ორი ვაჟი მყავს და ორივე მათგანი ძალ-ღონეს არ ზოგავს იმისათვის, რომ კრების თითოეული წევრის სულიერ მოთხოვნილებებზე იზრუნოს. ჩემი ორი ქალიშვილი აქტიურად ქადაგებს სასიხარულო ცნობას. ჩემი მეუღლე ყოველთვე არაერთ საათს უთმობს იმას, რომ ხალხს ბიბლია ასწავლოს, ხოლო მე ადგილობრივ კრებაში უხუცესად ვმსახურობ.

მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი, საბოლოოდ ჩავწვდი, სინამდვილეში რა იყო სწორი და რა — არასწორი. როგორც მოსამართლე, ვცდილობდი, სასამართლოზე განსახილველი საქმისთვის იეჰოვას თვალით შემეხედა და გამეთვალისწინებინა ყველა გარემოება, გამომეჩინა წინდახედულობა და თუ შესაძლებელი იყო, თანამგრძნობიც ვყოფილიყავი.

ბევრი ისეთი სასამართლო საქმის განხილვა მიწევს, რომელიც ეხება ბავშვებსა თუ დიდებზე ძალადობას, კრიმინალსა და სხვა სერიოზულ ბოროტმოქმედებას. მიუხედავად ამისა, გული არ გამქვავებია. როდესაც ახალ ამბებს ვუყურებ, მზარავს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ასე დაეცა ზნეობა. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომელმაც გამაგებინა, რატომ ხდება ამდენი დამნაშავეობა და იმედი მომცა, რომ მალე ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდება.

„ციხემ ვერ გამომასწორა“ — კიტ ვუდზი

დაბადების წელი: 1961

ქვეყანა: ჩრდილოეთი ირლანდია

წარსულში: ტერორისტი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე 1961 წელს ხალხმრავალ ქალაქ პორტდაუნში, რომელიც ირლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ჩვენი წინაპრები პროტესტანტები იყვნენ. ისეთ დასახლებაში გავიზარდე, სადაც კათოლიკები და პროტესტანტები ერთად ცხოვრობდნენ. იქ უმეტესობა ღარიბი იყო. ჩვენ ახლო-ახლო ვცხოვრობდით ერთმანეთთან და კარგი ურთიერთობა გვქონდა.

ისეთ ცხოვრებას ვეწეოდი, რითაც ნამდვილად ვერ ვიამაყებ. 1974 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის რელიგიურ და პოლიტიკურ კონფლიქტში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი. იმ დროს ჩვენს დასახლებაში მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. მაგალითად, ერთ ღამეს მამაჩემი, რომელიც ოლსტერის, იგივე ჩრდილოეთი ირლანდიის, ხალიჩების ფაბრიკის მენეჯერი იყო, სამსახურში იმყოფებოდა და ორ ახალგაზრდა კათოლიკეს ხელობას ასწავლიდა. ეს ახალგაზრდა ბიჭები ჩვენ მეზობლად ცხოვრობდნენ. ამ დროს ვიღაცამ მათ სახლში ბომბი შეაგდო, რის გამოც მათი დედ-მამა და ძმა დაიღუპნენ.

მდგომარეობა უფრო დაიძაბა და ომში გადაიზარდა. პროტესტანტებმა გადაწვეს კათოლიკეთა სახლები და არც კათოლიკებმა დააკლეს პროტესტანტებს. ჩვენს სამეზობლოში, ძირითადად, პროტესტანტები ცხოვრობდნენ. მალე დამაპატიმრეს და სამი წელი მომისაჯეს იმის გამო, რომ აფეთქებებში ვმონაწილეობდი.

ციხეში ყოფნის დროს დავუახლოვდი ერთ პატიმარს, რომელიც ძალიან ცნობილი ფიგურა იყო „ლოიალისტებს“ შორის. ჩვენ ძმებივით განუყრელნი გავხდით. მოგვიანებით მის ქორწილში ყველაზე საპატიო სტუმარი ვიყავი. ციხემ არც მე გამომასწორა და არც — ის. გათავისუფლების შემდეგ ისევ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩავებით, თუმცა ამჯერად უფრო შორს შევტოპეთ, რის გამოც ჩემი მეგობარი კვლავ ციხეში აღმოჩნდა. იქ ის მოკლეს.

ნადირობა ჩემზეც დაიწყეს. ერთხელ მანქანაც ამიფეთქეს. მაგრამ კიდევ უფრო აქტიურად ჩავები სპეციალურ კამპანიაში, სახელწოდებით „ღმერთი და ოლსტერი“.

ამ პერიოდში ზემოხსენებული კონფლიქტის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. ეს ფილმი ბრიტანეთის ტელევიზიამ ეთერში გაუშვა. ამის გამო უფრო მეტი პრობლემა შემექმნა. მაგალითად, ერთ ღამეს სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ცოლი სახლიდან წასულიყო. მალე სოციალური სამსახურიდან მომაკითხეს და ბავშვიც წამართვეს. მაშინ სარკეში ჩავიხედე და ვთქვი: „თუ სადმე არსებობ ღმერთო, დამეხმარე!“

მომდევნო კვირას შევხვდი ერთ ნაცნობს, პაულოს, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მან ბიბლიაზე დამიწყო საუბარი. ორი დღის შემდეგ პაულომ გამომიგზავნა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. ამ ჟურნალის სტატიაში მოყვანილი იყო იესოს სიტყვები, რომლებიც იოანეს 18:36-შია ჩაწერილი: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. იმ დღიდან მოყოლებული საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენა დავიწყე.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: პაულომ ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით შესწავლა სხვა მოწმემ, ბილმა, გამიგრძელა. ვიცი, რომ რთული მოსწავლე ვიყავი, რადგან უამრავი კითხვა მქონდა. შესწავლის დროს სახლში ბევრი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი მომყავდა, რათა ბილისთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდა. მაგრამ დავინახე, რომ ღვთის სიტყვაში მართლაც ჭეშმარიტება ეწერა.

ერთხელ ბილს დავურეკე, რომ არ მოსულიყო ჩემთან, რადგან ჩემს დასახლებაში გზა იყო გადაკეტილი და შეიძლებოდა მისთვის მანქანა ჩამოერთვათ და დაეწვათ. მაგრამ ბილი, ჩვეულებისამებრ, მაინც მოვიდა შესწავლაზე. მას მანქანა სახლში დაეტოვებინა და ველოსიპედით წამოსულიყო. ველოსიპედს კი არავინ ჩამოართმევდა. სხვა დროს, როცა ბილი ჩემს სახლში ბიბლიის შესწავლას მიტარებდა, პოლიციელები მოვიდნენ ჩემ დასაპატიმრებლად. როდესაც წამიყვანეს, ბილმა მომაძახა, რომ იეჰოვას იმედი მქონოდა. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.

პირველად, როცა იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრას დავესწარი სამეფო დარბაზში, ზოგიერთ მათგანს ჩემ დანახვაზე, უეჭველად, შეეშინდებოდა. გრძელი თმა მქონდა და საყურეები მეკეთა. სპეციალური ტყავის ქურთუკი მეცვა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკურ კონფლიქტში ჩაბმულები ატარებდნენ. ძალიან გამიკვირდა, რომ მოწმეებმა ასე კარგად მიმიღეს. გულგრილი არ დაუტოვებივარ მათ მიერ გამოვლენილ სიკეთეს.

მართალია, ბიბლიას ვსწავლობდი, მაგრამ კვლავ მქონდა ურთიერთობა ძველ მეგობრებთან. საბოლოოდ ნასწავლმა ჩემს გულში ღრმად შეაღწია. მივხვდი, რომ თუ მინდოდა, ღვთისთვის მემსახურა, უნდა შემეცვალა თვალსაზრისი და სამეგობრო წრე. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ბიბლიიდან ნასწავლისა და იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით შევძელი ცვლილებების მოხდენა. შევიჭერი თმა, მოვიხსენი საყურეები და კოსტიუმი შევიძინე. ნასწავლი იმაშიც დამეხმარა, რომ ხალხისადმი დამოკიდებულება შემეცვალა.

კურთხევები: ოდესღაც დამნაშავე და ტერორისტი ვიყავი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩემი სახე კარგად იყო ცნობილი. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, როდესაც პატარა ქალაქ ნავაში იეჰოვას მოწმეთა კონგრესს პირველად დავესწარი, პოლიციამ ესკორტით გამატარა მთელი ჩრდილოეთი ირლანდია. ახლა კი უესკორტოდ დავდივარ. თავისუფლად ვმსახურობ პაულოსთან და ბილთან ერთად.

სრულიად შევიცვალე ცხოვრების წესი. ამიტომ, ქრისტიანული კრების სრულფასოვანი წევრი გავხდი. იქ გავიცანი ლუიზა და მოგვიანებით ცოლად მოვიყვანე. ჩემი ვაჟიც დავიბრუნე და დღეს ყველანი ერთად ვცხოვრობთ.

როცა წარსულს ვიხსენებ, ძალიან ვნანობ, რომ სხვებს ზიანი მივაყენე და გული ვატკინე. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბიბლიას მართლაც შეუძლია, ჩემნაირი ადამიანები სრულიად შეცვალოს, მათ ცხოვრებას აზრი შესძინოს და მომავლის იმედი ჩაუნერგოს.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[ჩანართი 12 გვერდზე]

დედაჩემი ძალიან განაწყენდა, როცა გაიგო, რომ ბიბლიას ვკითხულობდი