იეჰოვამ „თვალისჩინი დამიბრუნა“!
იეჰოვამ „თვალისჩინი დამიბრუნა“!
მოგვითხრო პატრის ოიეკამ
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო. კიდევ ერთი წყვდიადით მოცული დღე უახლოვდებოდა დასასრულს. თვალისჩინდაკარგული და მარტოობის გრძნობით გაწამებული რადიოპროგრამებს განურჩევლად ვუსმენდი. სიცოცხლე იმდენად მქონდა მობეზრებული, რომ თავის მოკვლა გადავწყვიტე. წყლით სავსე ჭიქაში საწამლავი ჩავყარე და წინ დავიდგი. სანამ მომაკვდინებელ ნაზავს დავლევდი, აბაზანა მივიღე და ლამაზად გამოვეწყვე. რატომ ვაპირებდი თავის მოკვლას? მაშ, როგორღა ვარ დღეს ცოცხალი და როგორ გიყვებით ამ ამბავს?
დავიბადე 1958 წლის 2 თებერვალს კასაი-ორიენტალის პროვინციაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). ცხრა წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა და ჩემი მოვლა-პატრონობა უფროსმა ძმამ ითავა.
სკოლის დამთავრების შემდეგ კაუჩუკის პლანტაციაში დავიწყე მუშაობა. 1989 წლის ერთ დილას, როდესაც სამუშაოსთვის ანგარიშს ვწერდი, უეცრად ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა. თავდაპირველად მეგონა, რომ დენი წავიდა, მაგრამ გენერატორის მუშაობის ხმა მესმოდა და თანაც დილა იყო! თავზარი დამეცა! მივხვდი, რომ ვეღარაფერს ვხედავდი, ცხვირწინ დალაგებულ ფურცლებსაც კი.
ერთ მუშას დავუძახე, პირველი დახმარების პუნქტში რომ წავეყვანე. იქ მირჩიეს, დაუყოვნებლივ ქალაქის საავადმყოფოსთვის მიმეშურებინა. საავადმყოფოში მითხრეს, რომ თვალის ბადურის მთლიანობა მქონდა დარღვეული და მდგომარეობა საგანგაშო იყო. ამიტომ, დედაქალაქ კინშასაში გამაგზავნეს.
კინშასაში გატარებული დღეები
კინშასაში არაერთ ოფთალმოლოგს მივმართე, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დამეხმარა. საავადმყოფოში გატარებული 43 დღის შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ მთელი სიცოცხლე ვეღარ დავინახავდი. ჩემი ოჯახის წევრებმა სხვადასხვა რელიგიის ეკლესიები მომატარეს იმ იმედით, რომ სადმე სასწაულის მეშვეობით განმკურნავდნენ. მაგრამ მათი ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა.
ბოლოს სრულიად გადამეწურა იმედი, რომ ოდესმე კვლავ ვიხილავდი მზის შუქს. ჩემს ცხოვრებაში ერთი ნათელი წერტილიც კი აღარსად ჩანდა. მხედველობასთან ერთად სამუშაოც დავკარგე. ცოლმაც მიმატოვა და რაც კი რამ გვებადა, თან წაიღო. გარეთ გასვლის მერიდებოდა და ხალხთან ურთიერთობისაც მრცხვენოდა. საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე და სახლიდან ფეხს არ ვადგამდი. თავი არარაობად მიმაჩნდა.
ორჯერ ვცადე თავის მოკვლა. სტატიის დასაწყისში სწორედ მეორე მცდელობაზე გიყვებოდით. დღეს რომ ცოცხალი ვარ, ჩემს პატარა ნათესავს უნდა ვუმადლოდე. მე რომ აბაზანას ვიღებდი, მას შემთხვევით აეღო ჭიქა და საწამლავი ძირს დაექცია. კიდევ კარგი, რომ თავად არ დალია. აბაზანიდან გამოსულს ელდა მეცა, ჭიქა ადგილზე აღარ დამხვდა. იძულებული გავხდი, ოჯახის წევრებისთვის მეთქვა, რატომ ვეძებდი ჭიქას და რა მქონდა გადაწყვეტილი.
მადლობას ვუხდი ღმერთს და ჩემი ოჯახის წევრებს, ყურადღებას რომ არ მაკლებდნენ. მას შემდეგ თავის მოკვლაზე აღარ მიფიქრია.
კვლავ დამიბრუნდა სიცოცხლის ხალისი
1992 წლის ერთ კვირა დღეს, როდესაც სახლში ვიჯექი და სიგარეტს ვეწეოდი, კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ დამიკაკუნა. ისინი კარდაკარ ქადაგებდნენ. როდესაც შენიშნეს, რომ უსინათლო ვიყავი, ბიბლიიდან ესაიას 35:5 ამომიკითხეს: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ“. ამ სიტყვებმა გული სიხარულით ამივსო. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები სასწაულებრივ განკურნებას არ შემპირებიან. მათ მითხრეს, რომ თუ ღმერთს გავიცნობდი, ის ახალ ქვეყნიერებაში თვალისჩინს დამიბრუნებდა (იოანე 17:3). დაუყოვნებლივ დავიწყე ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან წიგნის „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ მეშვეობით. ამასთან ერთად, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დავიწყე დასწრება და ცხოვრებაში საჭირო ცვლილებები მოვახდინე, მაგალითად, სიგარეტს თავი დავანებე.
მაგრამ სიბრმავის გამო სულიერად წინ ვერ მივიწევდი. ამიტომ, გადავწყვიტე უსინათლოთა სასწავლებელში შემესწავლა ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა. ამის წყალობით კი კრების შეხვედრებს სრული სარგებლობა მოჰქონდა ჩემთვის. მალე მეზობლებთან ქადაგებაც დავიწყე. კვლავ დამიბრუნდა ხალისი. სულიერად გავიზარდე; იეჰოვას მივუძღვენი თავი და 1994 წლის 7 მაისს მოვინათლე.
რაც უფრო მეტად მიყვარდებოდა იეჰოვა და ადამიანები, მით უფრო მიძლიერდებოდა სურვილი, დამეწყო სრული დროით მსახურება. 1995 წლის 1 დეკემბრიდან პიონერად (სრული დროით მქადაგებელი) დავიწყე მსახურება. 2004 წლის თებერვლიდან კი პატივი მხვდა წილად, ჩემს კრებაში უხუცესად მემსახურა. ზოგჯერ ბიბლიური მოხსენებების წასაკითხად სხვა კრებებშიც მიწვევენ. ძალიან მახარებს ეს კურთხევები. დღეს უკვე ვაცნობიერებ, რომ ვერანაირი უძლურება ვერ შეგვიშლის ხელს იეჰოვას მსახურებაში.
იეჰოვამ „თვალისჩინი დამიბრუნა“!
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, უსინათლობის გამო ცოლმა მიმატოვა. მაგრამ იეჰოვა თურმე კიდევ ერთ საჩუქარს მიმზადებდა. შეიძლება ითქვას, რომ მან „თვალისჩინი დამიბრუნა“. ენი მავამბუ, რომელიც ჩემი მდგომარეობის მიუხედავად ცოლობაზე დამთანხმდა, ჩემი „თვალის სინათლე“ გახდა. რადგან ენიც სრული დროით მსახურია, ხშირად ჩემთან ერთად ქადაგებს. მოხსენებების მომზადების დროს ის ხმამაღლა მიკითხავს მასალას მითითებული წყაროდან, მე კი აზრებს ბრაილის შრიფტით ვიწერ. მისი წყალობით, ჩემს შემთხვევაშიც გამართლდა იგავების 19:14-ში ჩაწერილი სიტყვები: „სახლი და სიმდიდრე მემკვიდრეობაა მამისგან, გონიერი ცოლი კი იეჰოვასგან არის“.
იეჰოვამ ქალ-ვაჟი გვაჩუქა. მოუთმენლად ველი ახალ ქვეყნიერებას, როცა შევძლებ მათი სახეების ხილვას. კიდევ ერთი კურთხევა ის არის, რომ ჩემმა უფროსმა ძმამ, რომელმაც სიკეთე გამოიჩინა ჩვენ მიმართ და თავის მიწაზე დაგვასახლა, მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება და მოინათლა! დღეს ყველა ერთ კრებაში ვმსახურობთ.
მსურს, უფრო მეტი გავაკეთო იეჰოვას მსახურებაში ჩემი ფიზიკური უძლურების მიუხედავად, რადგან მან ჩემთვის კურთხევები არ დაიშურა (მალაქია 3:10). ყოველდღე შევთხოვ იეჰოვას, მოვიდეს მისი სამეფო და წერტილი დაუსვას ყოველგვარ ტანჯვას. იმ დღიდან, რაც იეჰოვა გავიცანი, თამამად შემიძლია ვთქვა: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავები 10:22).
[სურათები 13 გვერდზე]
ბიბლიური მოხსენების წარმოთქმის დროს; ჩემს ცოლ-შვილთან და ძმასთან ერთად