მკითხველები გვეკითხებიან
ერეოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები პოლიტიკაში?
▪ სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ თავის მოწაფეებს მითითებები მისცა, თუ როგორ ემსახურათ. თუმცა, არაფერი უთქვამს პოლიტიკაზე (მათე 28:18—20). მაგრამ მოწაფეები იმ მითითების თანახმად განაგრძობდნენ ცხოვრებას, რომელიც იესომ მანამდე მისცა მათ: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17).
როგორ დაეხმარა ეს პრინციპი იესოს მიმდევრებს, ეცხოვრათ ქვეყნიერებაში, მაგრამ, ამავე დროს, არ ყოფილიყვნენ მისი ნაწილი? როგორ უნდა განესაზღვრათ მათ, რა ეკუთვნოდა კეისარს, ანუ სახელმწიფოს, და რა — ღმერთს?
მოციქული პავლე პოლიტიკაში ჩარევას იესოს სიტყვების წინააღმდეგ წასვლის ტოლფასად მიიჩნევდა. ერთ წიგნში ვკითხულობთ: „მართალია, პავლეს უარი არ უთქვამს, ესარგებლა იმ უპირატესობებით, რომელსაც მას, როგორც რომის მოქალაქეს, რომაული კანონმდებლობა ანიჭებდა, მაგრამ მას არასდროს დაუჭერია მხარი ხელისუფლების რომელიმე პოლიტიკური კურსისთვის“ (Beyond Good Intentions —A Biblical View of Politics).
რა მითითებები მისცა პავლემ თანაქრისტიანებს? ზემოთ მოხსენიებული წიგნი დასძენს: „კორინთელი, ეფესოელი და რომაელი თანაქრისტიანებისთვის მიწერილ წერილებში პავლე მოციქულს გაკვრითაც კი არსად უხსენებია, რომ ქრისტიანები უნდა ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში და ვინმეს მხარე დაეკავებინათ“. ამ წიგნში აგრეთვე ნათქვამია: „პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, დამორჩილებოდნენ ხელისუფალთ, მაგრამ არც ერთ თავის წერილში არ აქეზებდა პირველი საუკუნის კრებებს, რომ გავლენა მოეხდინათ მმართველების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე“ (რომაელები 12:18; 13:1, 5—7).
პავლეს სიკვდილიდან ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი ქრისტიანების თვალსაზრისი არ შეცვლილა ღვთისა და სახელმწიფოს წინაშე თავიანთი მოვალეობის შესრულების თაობაზე. ისინი პატივს სცემდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ არ ერეოდნენ პოლიტიკაში. ამავე წიგნში ვკითხულობთ: „მართალია, პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ პატივი უნდა ეცათ ხელისუფლების მესვეურებისთვის, მაგრამ ისიც კარგად ესმოდათ, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩარეულიყვნენ.“
იესოს სიკვდილიდან დაახლოებით სამი საუკუნის გასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. თეოლოგი ჩარლზ ვილა-ვისენსიო თავის წიგნში წერს: „რომის იმპერატორ კონსტანტინეს მიერ განხორციელებული რეფორმების შემდეგ, როგორც ჩანს, ბევრმა ქრისტიანმა დაიწყო სამოქალაქო თუ სამხედრო სამსახურში მონაწილეობა; ისინი სხვადასხვა თანამდებობაზეც ინიშნებოდნენ“ (Between Christ and Caesar). რა მოჰყვა ამას შედეგად? ვინაიდან ამ დროისთვის რელიგიასა და პოლიტიკას შორის ზღვარი წაიშალა, ახ. წ. IV საუკუნის დასასრულს ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
დღესდღეობით ბევრი რელიგია, რომელიც აცხადებს, რომ ქრისტეს ნაკვალევს მიჰყვება, კვლავ მოუწოდებს მრევლს, რომ აქტიურად ჩაებას პოლიტიკაში. სინამდვილეში ეს რელიგიები არ მიჰყვებიან არც ქრისტეს და არც პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს.