არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აბრაამი — თავმდაბალი კაცი

აბრაამი — თავმდაბალი კაცი

აბრაამი — თავმდაბალი კაცი

ზაფხულის ცხელი დღე იდგა. აბრაამს კარავში შეეფარებინა თავი. როცა ჰორიზონტზე გაიხედა, სამ მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომლებიც იმ მხარეს სტუმრობდნენ. * აბრაამი მაშინვე შეეგება მათ, შესთავაზა, ცოტა ხნით დაესვენათ და კარავში შეიპატიჟა. მან უთხრა, რომ პურს მოუტანდა, მაგრამ საუკეთესო სუფრა გაუშალა. სუფრაზე მიიტანა ჩვილი ხბოს ხორცი, ახალგამომცხვარი პური, კარაქი და რძე. აბრაამმა მხოლოდ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა კი არ გამოავლინა, არამედ ნამდვილი თავმდაბლობაც (დაბადება 18:1—8).

რა არის თავმდაბლობა? თავმდაბლობა სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისებაა. თავმდაბალ ადამიანს ესმის, რომ ვინმეს შეიძლება მასზე უკეთ გამოუვიდეს რამე (ფილიპელები 2:3). იგი ყოველთვის მზად არის მოსასმენად, როცა რჩევას აძლევენ, და ცდილობს, სხვების ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.

როგორ ავლენდა აბრაამი თავმდაბლობას? აბრაამი სიხარულით ემსახურებოდა სხვებს. როგორც კი მან სამი სტუმარი შეამჩნია, უმალვე დაიწყო მათზე ზრუნვა. მისი მეუღლე სარა მაშინვე შეუდგა სადილის მომზადებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ აბრაამმა თითქმის ყველაფერი თვითონ გააკეთა: ის თავად შეეგება სტუმრებს, თავად შესთავაზა წახემსება, თვითონ გაიქცა ნახირთან, დასაკლავად ხბო აირჩია და თვითონ მოემსახურა სტუმრებს. ნაცვლად იმისა, რომ ეს საქმე თავისი მსახურებისთვის დაევალებინა, ამ თავმდაბალმა კაცმა ყველაფერი თავად გააკეთა. მისთვის დამამცირებელი არ იყო სხვების მომსახურება.

აბრაამი ითვალისწინებდა მათ რჩევებს, ვინც მას ემორჩილებოდა. ბიბლიაში აბრაამისა და სარას მხოლოდ რამდენიმე მოკლე დიალოგია ჩაწერილი. აქედან ორ მონაკვეთში ვკითხულობთ, რომ აბრაამმა გაითვალისწინა სარას რჩევები (დაბადება 16:2; 21:8—14). ერთ-ერთი შემთხვევის დროს აბრაამი „მეტისმეტად დამწუხრდა“ სარას სიტყვების გამო. მაგრამ, როდესაც იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ სარასთვის დაეჯერებინა, მან თავმდაბლობა გამოავლინა და სარას თხოვნა შეასრულა.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ? თუ ნამდვილად თავმდაბლები ვართ, ჩვენც სიხარულით მოვემსახურებით სხვებს. სიამოვნებას მოგვანიჭებს, თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სხვებმა კარგად იგრძნონ თავი.

თავმდაბლობას მაშინაც გამოვავლენთ, თუ გავითვალისწინებთ სხვების რჩევებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რჩევები ჩვენ არ გვეხება. პირიქით, გონივრულია, თუ მოვუსმენთ მათ (იგავები 15:22). ასეთი სწორი დამოკიდებულება განსაკუთრებით ზედამხედველებს წაადგებათ. „მივხვდი, რომ კარგი ზედამხედველი ის არის, ვისთანაც თავისუფლად გამოთქვამენ აზრებს“, — ამბობს გამოცდილი ზედამხედველი, ჯონი. შემდეგ კი დასძენს: „თავმდაბლობა სჭირდება იმის აღიარებას, რომ მას, ვისი ზედამხედველიც ხართ, თქვენზე უკეთ გამოსდის რაღაცის კეთება. შეუძლებელია, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს, თუნდაც ზედამხედველს, ჰქონდეს კარგი იდეები“.

თუ მივბაძავთ აბრაამს და გავითვალისწინებთ სხვების რჩევებს, ამავე დროს მოვემსახურებით სხვებს, იეჰოვას კეთილგანწყობას მოვიპოვებთ, რადგან „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ეს სტუმრები ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ აბრაამი, როგორც ჩანს, თავიდან ამას ვერ მიხვდა (ებრაელები 13:2).