მალე სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება!
„მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდება!“ რა რეაქცია გექნებოდათ, ვინმეს რომ თქვენთვის ასეთი სიტყვები ეთქვა? ალბათ, ეტყოდით: „ოცნებას კაცი არ მოუკლავს. სტიქიური უბედურებები ხომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია!“. ან ალბათ, გაიფიქრებდით: „ვის ატყუებს ახლა ეს?“
ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სტიქიური უბედურებები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ჩვენ რეალური იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება. თუმცა ეს ცვლილებები ადამიანის ხელით არ მოხდება. ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს, რა და როგორ ხდება ბუნებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ბუნების ძალების მართვაზე. ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონი კარგად დაკვირვების შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს იმ საქმეს, რაც მზის ქვეშ კეთდება. როგორც არ უნდა გაისარჯოს ადამიანი მის ძებნაში, მაინც ვერ ჩასწვდება. თუნდაც თქვას, რომ საკმაოდ ბრძენია და შეუძლია მიხვდეს, მაინც ვერ ჩასწვდება“ (ეკლესიასტე 8:17).
თუ ადამიანს არ შეუძლია ბუნების ძალების მართვა, მაშ, ვის შესწევს ამის ძალა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს შემოქმედს ძალუძს ამ ცვლილების მოხდენა. სწორედ მან შექმნა დედამიწის ეკოსისტემა, მაგალითად, წყლის წრებრუნვა (ეკლესიასტე 1:7). ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს. ეს კარგად იცოდა წინასწარმეტყველმა იერემიამ და ამიტომ თქვა: „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა! შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით შექმენი ცა და დედამიწა. არაფერია შეუძლებელი შენთვის“ (იერემია 32:17). რადგან ღმერთმა შექმნა დედამიწა და ყველაფერი მასზე არსებული, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მან იცის, როგორ მართოს ბუნების ძალები, რათა ადამიანებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ (ფსალმუნი 37:11; 115:16).
როგორ მოახდენს ღმერთი საჭირო ცვლილებებს? ალბათ, გახსოვთ, რომ ამ სტატიათა სერიის მეორე სტატიაში ვისაუბრეთ უამრავ შემზარავ მოვლენაზე, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. ეს ყველაფერი კი „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანია“. იესომ თქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (მათე 24:3; ლუკა 21:31). ღვთის სამეფო, ღვთის ზეციერი მმართველობა, დედამიწაზე დიდ ცვლილებებს მოახდენს და ბუნების ძალებსაც კი გააკონტროლებს. მართალია, იეჰოვა ღმერთს თავად შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ ეს მან თავის ძეს მიანდო. სწორედ იესოზე საუბრობს წინასწარმეტყველი დანიელი: „მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დანიელი 7:14).
იესო ქრისტეს ღმერთმა ძალა მისცა, რომ საჭირო ცვლილებები მოახდინოს, რათა დედამიწა სასიამოვნო საცხოვრებელ ადგილად გადააქციოს. ორი ათასი წლის წინათ დედამიწაზე ყოფნისას იესომ მცირე მასშტაბით აჩვენა, რომ ბუნების ძალების მართვა შეეძლო. ერთხელ, როცა იესო და მისი მოწაფეები გალილეის ზღვაზე ნავში ისხდნენ, „უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა“. მისი მოწაფეები პანიკაში ჩაცვივდნენ. შეეშინდათ, რომ დაიხოცებოდნენ და იესო სთხოვეს დახმარება. რა გააკეთა იესომ? მან «ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა». ამან მისი მოწაფეები ძალიან გააოცა. მათ იკითხეს: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“ (მარკოზი 4:37—41).
მას შემდეგ, რაც იესო ზეცად ამაღლდა, ღმერთმა მას უფრო დიდი ძალაუფლება მისცა. ის დღეს ღვთის სამეფოს მეფეა. იესო არა მარტო ვალდებულია, არამედ იმის ძალაც შესწევს, რომ მოახდინოს საჭირო ცვლილებები, რათა ადამიანებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ დედამიწაზე.
მაგრამ, როგორც დავინახეთ, დედამიწაზე ბევრი უბედურება ადამიანების გამო ხდება. სწორედ ეგოისტი და ხარბი ადამიანები არიან დამნაშავენი, რომ სტიქიური უბედურებები კიდევ უფრო დამანგრეველი ხდება. რა ზომებს მიიღებს ღვთის სამეფო მათ წინააღმდეგ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ უფალი იესო „ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“. დიახ, ის მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“ (2 თესალონიკელები 1:7, 8; გამოცხადება 11:18).
ამის შემდეგ იესო ქრისტე, „მეფეთა მეფე“, სრულიად გააკონტროლებს ბუნების ძალებს (გამოცხადება 19:16). მათ, ვინც მისი სამეფოს ქვეშევრდომები გახდებიან, მეტად აღარ დაატყდებათ თავს უბედურება. იესო თავის ძალას ბუნებრივი მოვლენების დასარეგულირებლად გამოიყენებს, რათა უამინდობამ და სეზონურმა ცვლილებებმა ადამიანი აღარ დააზარალოს. სწორედ მაშინ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა ღმერთი დიდი ხნის წინათ თავის ხალხს დაჰპირდა: „დროულად მოგცემთ წვიმას, მიწა მოგცემთ მოსავალს და მინდვრის ხე — თავის ნაყოფს“ (ლევიანები 26:4). ადამიანები იმის შიშით აღარ ააშენებენ სახლებს, რომ ერთ დღესაც სტიქიური უბედურების გამო ისინი მიწასთან გასწორდება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21).
როგორ უნდა მოიქცეთ?
უეჭველია, თქვენც არ გტოვებთ გულგრილს ის აზრი, რომ მალე დედამიწაზე მეტად აღარ მოხდება დამანგრეველი სტიქიური უბედურებები. რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენც იცხოვროთ იმ დროს? „ვინც არ იცნობს ღმერთს“ და „ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას“, ვერ იცხოვრებს დედამიწაზე, სადაც სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება. ვისაც იქ ცხოვრება სურს, დღესვე უნდა გაეცნოს ღმერთს და მხარი დაუჭიროს მის მმართველობას. ღმერთი ითხოვს, რომ გავეცნოთ მას და დავემორჩილოთ სასიხარულო ცნობას, რომელიც მან თავისი ძის მეშვეობით გვაუწყა.
ყველაზე საუკეთესოდ ღვთის გაცნობა ბიბლიის მეშვეობით შეგვიძლია. ბიბლიაში მოცემულია მითითებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ, რომელიც სამეფოს მმართველობის შედეგად იარსებებს. შეგიძლიათ სთხოვოთ იეჰოვას მოწმეებს, დაგეხმარონ ბიბლიის შესწავლაში. ისინი ყოველთვის მზად არიან ამისთვის. ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თუ გაეცნობით ღმერთს და დაემორჩილებით სასიხარულო ცნობას, თქვენზე გამართლდება იგავების 1:33-ში ჩაწერილი სიტყვები: „ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“.