რჩევები ოჯახებისთვის
როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს ისწრაფოს სულიერობისკენ?
ფრედერიკი: * «ახალი დაქორწინებულები ვიყავით და ვცდილობდი, მე და ჩემს მეუღლეს რეგულარულად გამოგვეკვლია ბიბლია. მინდოდა, შესწავლის დროს ლინის კონცენტრირება მოეხდინა წაკითხულ მასალაზე. მაგრამ ის ჩუმად იჯდა და ხმას მაშინ იღებდა, როცა კითხვას ვუსვამდი და მაშინაც მხოლოდ „კის“ ან „არას“ ამბობდა. მისი პასუხები არ მაკმაყოფილებდა. ვხედავდი, რომ ჩვენი შესწავლა ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო».
ლინი: „18 წლის ვიყავი, როცა ფრედერიკს ცოლად გავყევი. რეგულარულად ვიკვლევდით ბიბლიას, მაგრამ ფრედერიკი სულ იმას ცდილობდა, რომ ჩემს შეცდომებზე გაემახვილებინა ყურადღება და ეთქვა, რაში მჭირდებოდა გამოსწორება, როგორც ცოლს. ეს გულს მტკენდა და შესწავლის ხალისს მიკარგავდა“.
თქვენი აზრით, რა პრობლემა ჰქონდათ ფრედერიკსა და ლინის? მათ კარგი განზრახვები ამოძრავებდათ. ორივეს უყვარდა ღმერთი და ორივე ხედავდა, რამდენად აუცილებელი იყო ბიბლიის ერთად გამოკვლევა. მაგრამ, რასაც ისინი უნდა გაეერთიანებინა, ერთი შეხედვით, სწორედ ის აშორებდა მათ ერთმანეთს. ისინი ერთად კი იკვლევდნენ ბიბლიას, მაგრამ, როგორც ცოლ-ქმარი, სულიერად ვერ იზრდებოდნენ.
რა არის სულიერობა? რატომ უნდა ისწრაფოს ცოლ-ქმარმა მისკენ? რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ისინი და როგორ შეუძლიათ მათი დაძლევა?
რა არის სულიერობა?
ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სულიერობა“ მიუთითებს ცხოვრებისეული საკითხებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე (იუდა 18, 19). მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის დამწერი, პავლე აღნიშნავს, თუ რა განსხვავებაა სულიერ და ხორციელ ადამიანს შორის. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ხორციელი ადამიანი საკუთარ თავზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე სხვაზე. ის იმას აკეთებს, რაც თავად მიაჩნია სწორად და არა იმას, რაც ღვთის თვალშია სწორი (1 კორინთელები 2:14; გალატელები 5:19, 20).
სულიერი ადამიანი კი ღვთის ნორმებს დიდ პატივს სცემს. ის იეჰოვას თავის მეგობრად მიიჩნევს და ცდილობს, მას მიჰბაძოს (ეფესოელები 5:1). ამიტომ სხვებს რბილად ექცევა და მათ მიმართ სიყვარულსა და სიკეთეს ავლენს (გამოსვლა 34:6). ის მაშინაც ემორჩილება ღმერთს, როცა ეს მისთვის ადვილი არ არის (ფსალმუნი 15:1, 4). კანადაში მცხოვრები დარენი, რომელიც 35 წელია დაქორწინებული, ამბობს: „ჩემი აზრით, სულიერი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, როგორ იმოქმედებს მისი საუბარი თუ საქციელი ღმერთთან მის მეგობრობაზე“. მისი ცოლი ჯეინი დასძენს: „ვფიქრობ, რომ სულიერი ქალი ყოველდღე მუშაობს საკუთარ თავზე, რომ ღვთის სულის ნაყოფი მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდეს“ (გალატელები 5:22, 23).
რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ადამიანი დაქორწინებული იყოს, რომ სულიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ბიბლია გვასწავლის, რომ თითოეულმა თავად უნდა გაიცნოს ღმერთი და დაუახლოვდეს მას (საქმეები 17:26, 27).
რატომ უნდა ისწრაფოს ცოლ-ქმარმა სულიერობისკენ?
მაშ, რატომ უნდა ისწრაფოს ცოლ-ქმარმა სულიერობისკენ? დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე: დავუშვათ ორმა მებაღემ გადაწყვიტა, საზიაროდ დათესოს ერთ ნაკვეთში ბოსტნეული. ერთ მათგანს სჯერა, რომ თესლი წლის გარკვეულ პერიოდში უნდა დაითესოს, მეორე კი ფიქრობს, რომ ეს მოგვიანებით უნდა გაკეთდეს. ერთი ფიქრობს, რომ რომელიღაც სახის სასუქი უნდა გამოიყენონ, მეორე კი არ ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ ნათესებს სასუქი არ სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი თვლის, რომ ბაღში ყოველდღე უნდა იმუშაოს, მეორე კი ფიქრობს, რომ უმჯობესია შორიდან უყუროს. ასეთ შემთხვევაში მათ შეიძლება რაღაც მოსავალი აიღონ, მაგრამ ეს მოსავალი არ იქნება იმდენი, რამდენიც იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ შეთანხმებულად იმოქმედებდნენ.
ცოლ-ქმარი შეიძლება ამ მებაღეებს შევადაროთ. თუ ერთ-ერთი მათგანი ისწრაფვის სულიერობისკენ, შეიძლება მათი ურთიერთობა გაუმჯობესდეს (1 პეტრე 3:1, 2). თუმცა რამდენად უკეთესია, როცა ორივე მათგანი ცხოვრობს ღვთის ნორმების თანახმად და ერთმანეთს ხელს უწყობს ღვთის მსახურებაში. „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა. — რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“ (ეკლესიასტე 4:9, 10).
ალბათ, თქვენც გსურთ, რომ მეუღლესთან ერთად სულიერობისკენ ისწრაფოთ. მაგრამ როგორც მებაღეების შემთხვევაში, ისე თქვენს შემთხვევაშიც მხოლოდ სურვილი არ კმარა. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეთ და როგორ შეგიძლიათ მათი მოგვარება.
პრობლემა 1: დროის უკმარისობა.
„ჩემს მეუღლეს სამსახურიდან სახლში საღამოს 7 საათზე მოვყავარ, — ამბობს სიუ, რომელიც ახლახან გათხოვდა. — სახლში ყველაფერი გასაკეთებელი გვხვდება. ყოველთვის დილემის წინაშე ვდგავართ — გონებით გვესმის, რომ დრო უნდა გამოვყოთ ღვთის სიტყვის გამოსაკვლევად, სხეული კი დასვენებას გვთხოვს“.
გამოსავალი: ეცადეთ სიტუაციის შესაბამისად იმოქმედოთ და მეუღლესთან ითანამშრომლოთ. სიუ ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ დილით ადრე ავდგეთ და სამსახურში წასვლამდე ბიბლიის გარკვეული მონაკვეთი ერთად განვიხილოთ. ის სახლის საქმეებშიც მეხმარება, რათა მისთვის უფრო მეტი დრო დამრჩეს“. რა შედეგი მოჰყვება ასეთ ძალისხმევას? სიუს მეუღლე, ედი, ამბობს: „ვხედავ, რომ, როცა მე და ჩემი მეუღლე რეგულარულად განვიხილავთ ერთად ბიბლიურ საკითხებს, პრობლემებსაც ადვილად ვუმკლავდებით და სხვა რამეზეც ნაკლებად ვღელავთ“.
ერთმანეთთან საუბრის გარდა უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველდღე ერთად ლოცვაც. როგორ გვეხმარება ლოცვა? რაიანი, რომელიც 16 წელია, რაც დაქორწინებულია, ამბობს: „არცთუ ისე დიდი ხნის წინ მე და ჩემს მეუღლეს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. მაგრამ ყოველ საღამოს ვლოცულობდით ერთად და ჩვენს გულისტკივილს ღმერთს ვუზიარებდით. სწორედ ლოცვის წყალობით მოვაგვარეთ პრობლემები და დავიბრუნეთ სიხარული“.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დღის ბოლოს რამდენიმე წუთი მაინც გამოყავით და ისაუბრეთ იმ
დღეს მომხდარი სასიამოვნო შემთხვევის შესახებ, რის გამოც მადლიერი ხართ ღმერთის. არ დაივიწყოთ ის სირთულეებიც, რომელთა დასაძლევადაც ღვთის დახმარება გჭირდებათ. შენიშვნა: არ დაიწყოთ ამ დროს მეუღლის შეცდომების ჩამოთვლა. პირიქით, ლოცვისას მხოლოდ ის მოიხსენიეთ, რაზეც ორივემ ერთად უნდა იმუშაოთ. მომდევნო დღეს კი ლოცვის თანახმად იმოქმედეთ.პრობლემა 2: განსხვავებული შესაძლებლობები.
„წიგნის კითხვას გულს ვერასდროს ვუდებდი“, — ამბობს ტონი. მისი მეუღლე ნატალი კი ამბობს: „მე მიყვარს კითხვა და წაკითხულზე საუბარი. ზოგჯერ მგონია, რომ ტონის ვაშინებ, როცა ბიბლიურ საკითხებზე ვმსჯელობთ“.
გამოსავალი: არ შეეჯიბრო მეუღლეს და არ გააკრიტიკო ის. პირიქით, მხარში ამოუდექი მას, შეაქე და წაახალისე. „ზოგჯერ ჩემი მეუღლე ბიბლიურ თემებზე დიდი აღტაცებით საუბრობს. ადრე სურვილი არ მქონდა, რომ მასთან სულიერ საკითხებზე მესაუბრა. მაგრამ ნატალი მხარში ამომიდგა. ახლა ხშირად ვსაუბრობთ სულიერ საკითხებზე და მივხვდი, რომ შიშის საფუძველი არ მქონდა. დღეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს მასთან ამ თემებზე საუბარი. ეს დაგვეხმარა, ერთმანეთთან თავისუფლად გვეგრძნო თავი“, — ამბობს ტონი.
ბევრმა ცოლ-ქმარმა დაინახა, რომ მათ შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ყოველკვირა ბიბლიის ერთად გამოკვლევას დაუთმეს დრო. შენიშვნა: განხილვისას აღნიშნეთ ის საკითხები, რომელიც პირადად თქვენ გეხებათ და არა თქვენს მეუღლეს (გალატელები 6:4). თუ რაღაცაზე ვერ თანხმდებით, ამაზე სხვა დროს ისაუბრეთ და არა ბიბლიის შესწავლის დროს. რატომ?
დაფიქრდით: ოჯახთან ერთად სადილობის დროს, განა დაჩირქებული ჭრილობის დამუშავებასა და გადახვევას დაიწყებდით? რა თქმა უნდა, არა, რადგან ყველას მადას დაუკარგავდით. იესომ ღვთის სიტყვის შესწავლა და მისი ნების შესრულება ჭამას შეადარა (მათე 4:4; იოანე 4:34). თუ ყოველი შესწავლის დროს მეუღლეს ემოციურ ტკივილს აყენებთ, განა მას სულიერი საკვების მიმართ მადას არ დაუკარგავთ?! ცხადია, პრობლემებზე საუბარს თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ მათზე სასაუბროდ სხვა დრო გამოყავით (იგავები 10:19; 15:23).
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ თქვენი მეუღლის ორი ან სამი თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მომდევნო შესწავლაზე, როცა ამ თვისებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავთ, უთხარით მეუღლეს, რომ აფასებთ მის ამ თვისებებს.
რასაც დათესავთ, იმას მოიმკით
თუ ისწრაფვით სულიერობისკენ, თქვენს ოჯახში აუცილებლად დაისადგურებს მშვიდობა და კეთილდღეობა. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ფრედერიკი და ლინი ამ ბიბლიური პრინციპის უტყუარობაში დარწმუნდნენ. ისინი უკვე 45 წელია, დაქორწინებული არიან და კარგად იციან, თუ როგორ ჯილდოვდება ძალისხმევა. „მე ჩემს ცოლს ვადანაშაულებდი, რომ არ იყო კომუნიკაბელური, — ამბობს ფრედერიკი. — მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მეც უნდა მემოქმედა“. ლინი დასძენს: „პრობლემების დაძლევაში ყველაზე მეტად ის დაგვეხმარა, რომ ორივეს გვიყვარდა იეჰოვა ღმერთი. წლების მანძილზე ერთად ვიკვლევდით ბიბლიას და ერთად ვლოცულობდით. ვხედავ, რომ ფრედერიკი ცდილობს ქრისტიანული თვისებების გამოვლენას და ეს მის სიყვარულს მიადვილებს“.
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია
ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .
-
ბოლოს როდის ვილოცეთ ერთად მე და ჩემმა მეუღლემ?
-
რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემმა მეუღლემ თავისუფლად გამოთქვას აზრები ბიბლიის შესწავლის დროს?