ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?
ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?
„იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14).
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას. ისინი ამას სხვადასხვა სახით აკეთებენ:
უშუალო საუბრები. იესოსა და მისი მოწაფეების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ხალხთან მიდიან და სასიხარულო ცნობას ამცნობენ (ლუკა 8:1; 10:1). ისინი არ ელოდებიან, რომ ვინმე მივა მათთან. ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებაში, ყველა, შვიდ მილიონზე მეტი მოწმე, იღებს მონაწილეობას. ისინი ქადაგებენ კარდაკარ, ქუჩაში, ტელეფონით და სხვა. გასულ წელს მოწმეებმა ამ საქმეს ერთ-ნახევარ მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს.
ისინი სხვებს არა მარტო ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიან, არამედ ყოველივე იმის შესახებაც, რაც იესომ მცნებად დაუდო თავის მოწაფეებს (მათე 28:20). იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ატარებენ ბიბლიის რვა მილიონზე მეტ უფასო შესწავლას.
მოწმეები 236 ქვეყანაში ქადაგებენ და ყველანაირ ადამიანთან მიდიან. ისინი ქადაგებენ სოფლებსა თუ ქალაქებში, ამაზონის ჯუნგლებსა თუ ციმბირის ტაიგაში, აფრიკის უდაბნოებსა თუ ჰიმალაის მთებში. ამ საქმის შესრულებაში მოწმეები არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ; ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრულები ამისათვის საკუთარ დროსა და სახსრებს არ იშურებენ.
პუბლიკაციები. ეს ჟურნალი, რომლის სრული სახელწოდებაცაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, გამოიცემა 185 ენაზე 42 მილიონზე მეტი ტირაჟით. მისი თანმხლები ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-იც სამეფოს შესახებ ამცნობს მკითხველს. ის გამოიცემა 83 ენაზე და მისი ყოველი ნომერი დაახლოებით 40 მილიონი იბეჭდება.
წიგნები, ბროშურები, ტრაქტატები, CD/MP3 და DVD დისკები, რომლებშიც ბიბლიური სწავლებებია ახსნილი, დაახლოებით 540 ენაზეა ხელმისაწვდომი. იეჰოვას მოწმეებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში 20 მილიარდზე მეტი პუბლიკაცია გამოსცეს და გაავრცელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეულ მოსახლეზე, საშუალოდ სამი პუბლიკაცია მოდის!
იეჰოვას მოწმეებმა დაბეჭდეს ან სხვა გამომცემლებს დააბეჭდვინეს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი. მათ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნაწილობრივ თუ მთლიანად 96 ენაზე თარგმნეს და დაბეჭდეს. დღესდღეობით ამ ბიბლიის 166 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.
ქრისტიანული შეხვედრები. სამეფო დარბაზებში ყოველკვირეული შეხვედრების მიზანი მხოლოდ რელიგიური მსახურება არ არის. ისინი საგანმანათლებლო საქმესაც ემსახურება. იქ წარმოითქმება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები; სწავლობენ ბიბლიას „საგუშაგო კოშკისა“ თუ
სხვა პუბლიკაციების დახმარებით. შეხვედრებზე მოწმეები აგრეთვე სწავლობენ, როგორ გახდნენ სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებლები.მთელ დედამიწაზე 107 000-ზე მეტ კრებაში იეჰოვას მოწმეები ერთსა და იმავე მასალას სწავლობენ, რაც მათ ერთიანობას უწყობს ხელს. ამ შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია. იქ არანაირი შესაწირავის შეგროვება არ ხდება. ცხადია, ყოველივე ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა, თუ მოწმეები თავად არ იცხოვრებდნენ იმის შესაბამისად, რასაც სხვებს უქადაგებენ.
პირადი მაგალითი. მოწმეები ცდილობენ სამაგალითო ქრისტიანები იყვნენ და სხვებს ისე მოექცნენ, როგორც უნდათ რომ სხვები მოექცნენ მათ (მათე 7:12). თუმცა არასრულყოფილების გამო ზოგჯერ ცდებიან, გულწრფელად სურთ, ყველას მიმართ სიყვარული არა მხოლოდ სასიხარულო ცნობის ქადაგებით გამოავლინონ, არამედ, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელიც გაუწოდონ სხვებს.
იეჰოვას მოწმეები არ ცდილობენ ყველას თავიანთი რელიგია მიაღებინონ. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ქვეყნიერების აღსასრული მხოლოდ მაშინ დადგება, როცა იეჰოვა ჩათვლის, რომ სამქადაგებლო საქმე სათანადოდ შესრულდა. რას ნიშნავს ეს დედამიწისთვის და ხალხისთვის, რომლებიც მასზე ცხოვრობენ?
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ქადაგებენ