არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

როგორ შეიცვალა ცხოვრების წესი ერთმა ბარმენმა, რომელიც სვამდა, იგინებოდა და ნარკოტიკებს იღებდა? რატომ გახდა ყოფილი პოლიტიკოსი, რომელსაც ერთ დროს რელიგია სძულდა, ღვთის მსახური? რა სირთულეების გადალახვა მოუწია რუსული პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ინსტრუქტორს, იეჰოვას მოწმე რომ გამხდარიყო? ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.

„დღეს მე და დედას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს“ — ნატალი ჰემი

დაბადების წელი: 1965

ქვეყანა: ავსტრალია

წარსულში: ნარკოტიკების მომხმარებელი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე სამხრეთ ავსტრალიის პატარა ქალაქ როუბში, რომელიც თევზჭერით იყო ცნობილი. ჩვეულებრივ, ასეთ ქალაქებში თავშეყრის ადგილი ადგილობრივი სასტუმროა, სადაც სვამენ, ეწევიან და ბილწსიტყვაობენ. მშობლები იქ ძალიან ბევრ დროს ატარებენ, ამიტომ მათი შვილები არაჯანსაღ გარემოში იზრდებიან.

12 წლისა უკვე სიგარეტს ვეწეოდი, უწმაწური სიტყვების მდიდარი ლექსიკა მქონდა და დედასთან გამუდმებით ვჩხუბობდი. 15 წლის რომ ვიყავი ჩემი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ; წელიწად-ნახევრის შემდეგ სახლიდან წავედი. დავიწყე სმა, ნარკოტიკების მიღება და უზნეო ცხოვრება. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მინდოდა. ხუთი წელი ქალთა საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლებოდი და თავდაცვის ილეთებს ვსწავლობდი; ამან საკუთარი თავის რწმენა შემმატა. მიუხედავად ამისა, როცა ჩემს ფიქრებთან მარტო ვრჩებოდი, სევდა მეძალებოდა. ღმერთს ვეხვეწებოდი დამხმარებოდა, თან ვეუბნებოდი, ოღონდაც ეკლესიაში წასვლას ნუ მთხოვ-მეთქი.

ერთხელაც ჩემმა მორწმუნე მეგობარმა, რომელიც არც ერთი ეკლესიის მრევლი არ იყო, ბიბლია მომცა. სხვა მეგობრების მსგავსად, ისიც იღებდა ნარკოტიკებს. მიუხედავად ამისა, მას გულწრფელად სწამდა ღმერთი და მარწმუნებდა, რომ უნდა მოვნათლულიყავი. მან ახლომდებარე ტბაზე წამიყვანა და მომნათლა. იმ დღიდან ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ღმერთს დავუახლოვდი. თუმცა ბიბლიის წასაკითხად დროს ვერასოდეს ვპოულობდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1988 წელს კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ დამიკაკუნა. ერთ-ერთმა მკითხა, ვიცოდი თუ არა ღვთის სახელი. შემდეგ თავისი ბიბლიიდან ფსალმუნის 83:18 წამიკითხა, რომელშიც ნათქვამია: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“. გავოგნდი. მათი წასვლისთანავე 56 კილომეტრი გავიარე, რომ ქრისტიანული წიგნების მაღაზიამდე მივსულიყავი. მინდოდა, შემემოწმებინა, იყო თუ არა ეს სახელი ბიბლიის სხვა თარგმანებსა და ლექსიკონში. როცა დავრწმუნდი, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა, ვიფიქრე, ნეტავ, კიდევ რა არის, რაც არ ვიცი-მეთქი.

ადრე დედაჩემს ნათქვამი ჰქონდა, რომ იეჰოვას მოწმეები უცნაური ხალხი იყო. პირადად მე მათზე ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ძალიან კონსერვატიულები იყვნენ და გართობა არ იცოდნენ. გადაწყვეტილი მქონდა, თუ მომაკითხავდნენ, თავს მოვიკატუნებდი, რომ სახლში არ ვიყავი; მაგრამ როცა მოვიდნენ, სულ სხვაგვარად მოვიქეცი — შინ შემოვიპატიჟე და მაშინვე ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

ყოველი შესწავლის შემდეგ ნასწავლს ვუყვებოდი კრეგს, რომელთანაც ქორწინების გარეშე ვცხოვრობდი. ერთხელაც კრეგმა შესასწავლი სახელმძღვანელო ხელიდან გამომგლიჯა და კითხვა დაიწყო. სამ კვირაში ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მე და კრეგმა შევწყვიტეთ ნარკოტიკების მიღება და უზომოდ სმა; ბარში მუშაობას თავი დავანებე. ბიბლიური ნორმები რომ დაგვეცვა, გადავწყვიტეთ დავქორწინებულიყავით.

კურთხევები: იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე ჩემი და კრეგის ურთიერთობა გაწყვეტის პირას იყო. დღეს კრეგი ჩემი ქმარია. ჩვენ ორ შვილს ვზრდით. ის შესანიშნავი მეუღლე და მამაა. გვყავს ძვირფასი მეგობრები, რომლებიც ჩვენს მრწამსს იზიარებენ.

როცა დედამ გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა დავიწყე, ძალიან გაბრაზდა, და ეს იმიტომ, რომ არასწორი შეხედულება ჰქონდა მოწმეებზე. დღეს მე და დედას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აღარ ვგრძნობ შინაგან სიცარიელეს. ჩემს ცხოვრებას მიმართულება და აზრი მიეცა. მიხარია, რომ დღეს შემიძლია სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათე 5:3).

„გამაკვირვა იმან, რაც ბიბლიიდან გავიგე“ — იზაკალა პაენიუ

დაბადების წელი: 1939

ქვეყანა: ტუვალუ

წარსულში: პოლიტიკოსი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე წყნარი ოკეანის მშვენიერ კუნძულ ნუკულაელაეში, რომელიც ამჟამად ტუვალუს ეკუთვნის. კუნძულელთა ცხოვრებას პასტორები განაგებდნენ, რომლებიც რელიგიურ განათლებას სამოას კოლეჯში იღებდნენ. პასტორებისა და მათი ოჯახების გამოკვება თუ თავშესაფრით უზრუნველყოფა მოსახლეობის ვალი იყო. ფაქტობრივად, ყველაფერი საუკეთესო მათი იყო. კუნძულელებს მათთვის საკვები მაშინაც უნდა მიეტანათ, როცა საკუთარი ოჯახებისთვისაც არ ჰქონდათ საკმარისი.

ჩვენს კუნძულზე სოფლის სკოლას პასტორი ხელმძღვანელობდა და ასწავლიდა რელიგიას, მათემატიკასა და გეოგრაფიას. ერთხელ პასტორმა ისე სცემა მოსწავლეები, რომ სულ თავ-პირი დაუსისხლიანა. მაგრამ ჩივილს ვერავინ ბედავდა, თვით ბავშვების მშობლებიც კი. პასტორს ისეთ პატივს მიაგებდნენ, თითქოს ღმერთი ყოფილიყო.

ათი წელი რომ შემისრულდა, სახლიდან წამოვედი, რათა მეზობელ კუნძულზე ერთადერთ სახელმწიფო სკოლაში მესწავლა. სწავლა რომ დავამთავრე სამოქალაქო სამსახურში ჩავდექი. მაშინ კუნძულები, რომლებიც გილბერტისა და ელისის კუნძულების სახელით იყო ცნობილი, ბრიტანეთის კოლონიაში შედიოდა. სხვადასხვა დეპარტამენტში მომიწია მუშაობა, ბოლოს ყოველკვირეული სახელმწიფო გაზეთის რედაქტორი გავხდი. საქმე კარგად მიდიოდა, სანამ გაზეთში ერთი მკითხველის წერილი არ გამოვაქვეყნე. წერილში ის მთავრობას იმ თანხის გამო აკრიტიკებდა, რომელიც უელსის პრინცის ვიზიტის მზადებისთვის დაიხარჯა. წერილის ავტორმა მოგონილი სახელი გამოიყენა, ამიტომ უფროსმა მისი ნამდვილი ვინაობის დადგენა მომთხოვა. როცა უარი განვუცხადე, ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც მალე ყველამ შეიტყო.

ამ ინციდენტის შემდეგ სამოქალაქო სამსახურს თავი დავანებე და პოლიტიკაში წავედი. ნუკულაელაეში არჩევნები მოვიგე და ვაჭრობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დავინიშნე. მოგვიანებით, როცა კირიბატისა (ყოფილი გილბერტი) და ტუვალუს (ყოფილი ელისი) ხალხი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას იღებდა, ტუვალუს ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურის პოსტი შემომთავაზეს. არ მინდოდა, ხალხს ეფიქრა, რომ კოლონიურ მმართველობასთან მქონდა კავშირი, ამიტომ ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და ყველასგან დამოუკიდებლად საერთო არჩევნებში კენჭი ვიყარე მინისტრის პოსტზე, მაგრამ წავაგე. ამის შემდეგ მეუღლესთან ერთად მშობლიურ კუნძულზე დავბრუნდი და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: კვირაობით კუნძულელები შაბათს აღნიშნავდნენ. ეს დღე ჩემ გარდა ყველასთვის წმინდა იყო. ამ დროს საცურაოდ და სათევზაოდ მივდიოდი ხოლმე. არ მინდოდა, ვინმეს მორწმუნე ვგონებოდი. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ მას და სხვებს გული სწყდებოდათ ასე რომ ვიქცეოდი, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, ეკლესიის გავლენაში არ მოვქცეულიყავი.

ტუვალუს დედაქალაქ ფუნაფუტიში ჩემი მორიგი ვიზიტის დროს უმცროსმა ძმამ შემომთავაზა, მასთან ერთად იეჰოვას მოწმეების შეკრებას დავსწრებოდი. სხვა დროს ერთმა მისიონერმა ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის შეკვრა მომცა. მან ასევე მომცა წიგნი, რომელიც მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიის სწავლებებს ამხელდა წარმართული დასაბამის გამო. ეს წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე. გამაკვირვა იმან, რაც ბიბლიიდან გავიგე, მათ შორის იმ ფაქტმა, რომ ქრისტიანებს არ ევალებათ ყოველკვირეული შაბათის დაცვა. * ცოლს ყველაფერი მოვუყევი და მან ეკლესიაში სიარულს თავი დაანება.

ყველაფრის მიუხედავად, დაფიცებული მქონდა, რელიგიისგან თავი შორს დამეჭირა. თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ წაკითხულს ვერ ვივიწყებდი. ბოლოს ფუნაფუტიში ზემოხსენებულ მისიონერს წერილი მივწერე და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ცვლილებისთვის. ის პირველივე ნავში ჩაჯდა და ჩემთან ჩამოვიდა, რათა ბიბლიის შესწავლაში დამხმარებოდა. მამაჩემი გამწარდა, როცა გაიგო, რომ მინდოდა, იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი. მე მას ვუთხარი, რომ მოწმეების დახმარებით ბიბლიიდან იმდენი რამ გავიგე, რომ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი.

კურთხევები: 1986 წელს იეჰოვას მოწმედ მოვინათლე. ერთი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე მოინათლა. ბიბლია ჩვენმა ორმა ქალიშვილმაც შეისწავლა და ისინიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

დღეს ბედნიერი ვარ, რომ მივეკუთვნები იმ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, არ იყოფა სამღვდელო და საერო კლასებად (მათე 23:8—12). ისინი თავმდაბლად მიჰყვებიან იესოს მაგალითს და სხვებს ღვთის სამეფოს ხელისუფლებაზე უქადაგებენ (მათე 4:17). უაღრესად მადლიერი ვარ იეჰოვა ღმერთის, რომ ჭეშმარიტება გამაგებინა თავის შესახებ და თავისი ხალხის შესახებ.

„მოწმეები არ მეუბნებოდნენ, რომ ბრმად უნდა მერწმუნა ის, რასაც მასწავლიდნენ“ — ალექსანდრე სოსკოვი

დაბადების წელი: 1971

ქვეყანა: რუსეთი

წარსულში: სპეცდანიშნულების რაზმის ინსტრუქტორი

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ქალაქ მოსკოვში, მაშინდელი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. ჩვენი ოჯახი მრავალსართულიან შენობაში ცხოვრობდა. ბევრი ჩვენი მეზობელი ერთ ფაბრიკაში მუშაობდა. ისინი ხშირად ჩიოდნენ, რომ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და მიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ან ადრეულ ასაკში მოვკვდებოდი ან თავს ციხეში ამოვყოფდი. მართლაც, ათი წლის ასაკში პოლიციასთან უკვე პრობლემა მქონდა.

18 წელი რომ შემისრულდა ჯარში გამიწვიეს, სადაც მესაზღვრედ ვმსახურობდი. ორი წლის შემდეგ შინ დავბრუნდი და მუშაობა ფაბრიკაში დავიწყე. სამუშაო ძალიან მოსაწყენი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, ძალა პოლიციაში მომესინჯა. მუშაობა დავიწყე მოსკოვის პოლიციაში სპეცდანიშნულების რაზმის ინსტრუქტორად — ვასწავლიდი ხელჩართულ ბრძოლას. მოსკოვში პოლიციას კრიმინალების დაჭერაში ვეხმარებოდი და ამისთვის ქვეყნის არაერთ ცხელ წერტილშიც მომიწია გამგზავრება. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, დაჭიმულ ზამბარას ვგავდი. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ზოგჯერ ცალკე ოთახში ვიძინებდი, რადგან მეშინოდა, ძილში ცოლისთვის რამე არ დამეშავებინა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დროს აღმოვაჩინე, რომ ღმერთი არ იწონებდა ჩემი ცხოვრების წესს. იმასაც მივხვდი, რომ სიგარეტსა და გადამეტებულ სმაზე უარი უნდა მეთქვა. მაგრამ ვფიქრობდი, რომ სამსახურს ვერ შევიცვლიდი, რადგან სხვა არანაირი საქმე არ მეხერხებოდა, რითაც ოჯახის რჩენას შევძლებდი. იმასაც ვგრძნობდი, რომ მოწმეებივით ვერასოდეს ვიქადაგებდი.

ბოლოს დავრწმუნდი, რომ ბიბლიაში სიმართლე ეწერა. ძალიან მანუგეშებდა ეზეკიელის 18:21, 22-ში ჩაწერილი აზრი. იქ წერია: „თუ ბოროტი მიატოვებს თავის ცოდვებს, რომლებსაც სჩადის . . . არც ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება“.

მოწმეები არ მეუბნებოდნენ, რომ ბრმად უნდა მერწმუნა ის, რასაც მასწავლიდნენ და ეს ძალიან მომწონდა. ისინი უბრალოდ ნასწავლის გააზრებაში მეხმარებოდნენ. მათგან აღებული დაახლოებით 40 ჟურნალი სამ კვირაში წავიკითხე. წაკითხულმა იმაში დამარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე.

კურთხევები: სანამ ბიბლიის შესწავლას დავიწყებდი, მე და ჩემი ცოლი გაყრას ვაპირებდით. ამჟამად ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეუღლე ჩემთან ერთად სწავლობდა ბიბლიას. ორივეს გადაწყვეტილი გვქონდა, იეჰოვას მსახურები გავმხდარიყავით. დღეს ჩვენ უფრო ბედნიერი ოჯახი გვაქვს. გარდა ამისა, ვიპოვე ისეთი სამუშაო, რომელიც ღვთის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

პირველად კარდაკარ საქადაგებლად რომ წავედი, ძალიან დაძაბული ვიყავი. ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც სპეცოპერაციის წინ მეუფლებოდა ხოლმე. მაგრამ დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ სიმშვიდეს იმ შემთხვევაშიც შევინარჩუნებ, თუ ვინმე ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას ეცდება. მოთმინების სასწავლად დრო დამჭირდა. გული მწყდება, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი ფუჭად განვვლე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაინც ვცხოვრობ აზრიანად. მიხარია, რომ შემიძლია ჩემი ძალა იეჰოვა ღმერთის მსახურებასა და სხვების დასახმარებლად გამოვიყენო.

[სქოლიო]