რას ასწავლიდა იესო ღვთის სამეფოს შესახებ?
რას ასწავლიდა იესო ღვთის სამეფოს შესახებ?
„ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში . . . და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1).
ჩვენ გვიყვარს ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც პირადად გვეხება და გვსიამოვნებს მათ გარშემო მსჯელობა. იესომ თქვა, რომ „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34). ის მსახურების დროს ძირითად აქცენტს ღვთის სამეფოზე აკეთებდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს თემა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რა არის ღვთის სამეფო? სამეფო არის ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას მეფე. აქედან გამომდინარე, ღვთის სამეფო არის ხელისუფლება, რომელსაც საფუძველი ღმერთმა ჩაუყარა. იესო ღვთის სამეფოს შესახებ დეტალურად საუბრობდა და ეს მისი ქადაგების მთავარ თემად იქცა. სახარებებში ღვთის სამეფო 110-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. მაგრამ იესო მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლებოდა. მისი საქმეებიდანაც ბევრს ვიგებთ, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო მომავალში.
ვინ არის მეფე? ღვთის სამეფოს მეფე ადამიანებს არ აურჩევიათ; ის თავად ღმერთმა ამოირჩია. იესომ თავისი სწავლებითაც დაადასტურა, რომ სწორედ ის დანიშნა ღმერთმა თავისი სამეფოს მეფედ.
იესომ იცოდა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, აღთქმული მესია იმმართველებდა სამეფოზე, რომელიც მარადიულად იარსებებდა (2 სამუელი 7:12—14; დანიელი 7:13, 14; მათე 26:63, 64). იესომ პირდაპირ თქვა საკუთარ თავზე, რომ აღთქმული მესია იყო. მან ისიც დაადასტურა, რომ იგი იქნებოდა ღვთისგან დანიშნული მეფე (იოანე 4:25, 26). იესომ ღვთის სამეფოს რამდენიმეჯერ ‘თავისი სამეფო’ უწოდა (იოანე 18:36).
იესომ ისიც არაერთხელ აღნიშნა, რომ მასთან ერთად სხვებიც იმმართველებდნენ (ლუკა 22:28—30). მან თავის თანამმართველებს „მცირე სამწყსო“ უწოდა, რადგან მათი რიცხვი განსაზღვრული იყო. იესომ მათ უთხრა: „თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). ბიბლიის ბოლო წიგნში ვკითხულობთ, რომ ქრისტეს თანამმართველთა რიცხვი 144 000-ს შეადგენდა (გამოცხადება 5:9, 10; 14:1).
სად არის ღვთის სამეფო? იესომ რომაელ მმართველს, პონტიუს პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). ღვთის სამეფოს, რომელსაც იესო ხელმძღვანელობს, არ ეყოლება მმართველები დედამიწაზე. იესო მას „ზეციერ სამეფოდ“ * იხსენიებდა (მათე 4:17; 5:3, 10, 19, 20). ღვთის სამეფო ზეციერი ხელისუფლებაა.
იესოს იმის საფუძვლიანი მოლოდინი ჰქონდა, რომ დედამიწაზე ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ კვლავ ზეცას დაუბრუნდებოდა. შემდეგ, როგორც თავად თქვა, ‘ადგილს მოუმზადებდა’ თავის თანამმართველებს (იოანე 14:2, 3).
რას აკეთებს ეს სამეფო? იესომ ასწავლა თავის მსმენელებს, თუ როგორ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). ღვთის ნება უკვე სრულდება ზეცაში. მალე ღვთის სამეფო დედამიწაზეც შეასრულებს თავის განზრახვას და არაერთ ძირეულ ცვლილებას მოახდენს.
რას გააკეთებს ეს სამეფო დედამიწაზე? იესომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ღვთის სამეფო გაანადგურებს მათ, ვინც განზრახ სჩადის ბოროტებას (მათე 25:31—34, 46). ამგვარად ის ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ყოველგვარ უზნეობასა და ბოროტებას. როგორც იესომ თქვა, დედამიწაზე იცხოვრებენ რბილი ხასიათის, სიმართლეს მოწყურებული, გულმოწყალე, სუფთა გულის და მშვიდობისმყოფელი ადამიანები (მათე 5:5—9).
რა პირობებში მოუწევთ ცხოვრება ღვთის ერთგულ მსახურებს? იესო დაგვპირდა, რომ ღვთის სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე საოცარი ცვლილებები მოხდება. მამაკაცმა, რომელიც იესოსთან ერთად ძელზე იყო გაკრული, იესოს სთხოვა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. მან პასუხად მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“(ლუკა 23:42, 43). ღვთის სამეფო მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, რომელიც ედემის ბაღის მსგავსი იქნება.
კიდევ რას გააკეთებს ღვთის სამეფო კაცობრიობისთვის? იესო არა მხოლოდ სიტყვიერად დაგვპირდა, თუ რას გააკეთებს ღვთის მათე 4:23).
სამეფო, არამედ ეს საქმეებითაც აჩვენა. ის ბევრ ადამიანს კურნავდა, რითაც ცხადყო, რომ იმავეს გააკეთებს გაცილებით ფართო მასშტაბით მომავალში, თავისი მმართველობის დროს. სახარებაში იესოს შესახებ ვკითხულობთ: „დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ადამიანებს ნებისმიერი ავადმყოფობისა და უძლურებისგან“ (იესო ბევრ სასწაულს ახდენდა. მან ‘თვალი აუხილა ბრმადდაბადებულს’ (იოანე 9:1—7, 32, 33). იესოს გული დაეწვა ერთი კაცის გამო, რომელსაც საშინელი დაავადება, კეთრი ჰქონდა. ის შეეხო მას და განკურნა (მარკოზი 1:40—42). ერთხელ იესოს „ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს“. მან ყველას დაანახვა, რომ შეუძლია ‘ყრუებს სმენა დაუბრუნოს და მუნჯები აამეტყველოს’ (მარკოზი 7:31—37).
ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს თვით სიკვდილზეც ჰქონდა ძალაუფლება. სახარებებში სამი შემთხვევაა მოყვანილი, როცა იესომ მკვდრები გააცოცხლა. მან აღადგინა ქვრივის ერთადერთი ვაჟი, 12 წლის გოგონა და თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე (ლუკა 7:11—15; 8:41—55; იოანე 11:38—44).
იესომ მოციქულ იოანეს პირით თქვა, როგორი მომავალი ელით ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 1:1; 21:3, 4). წარმოიდგინეთ მსოფლიო ცრემლის, ტკივილისა და სიკვდილის გარეშე! მაშინ ზემოხსენებული ლოცვის სიტყვები რეალობად იქცევა — ღვთის ნება შესრულდება დედამიწაზე, ისევე როგორც ზეცაში შესრულდა.
როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას? იესომ თქვა, რომ მისი მეფობა დაიწყებოდა დროის იმ მონაკვეთში, როცა ‘მოსული’ იქნებოდა. იესომ დეტალურად იწინასწარმეტყველა, რა იქნებოდა მისი სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი. დროის ამ მონაკვეთში არაერთი მასშტაბური უბედურება მოხდებოდა, მაგალითად, იქნებოდა ომები, შიმშილობა, მიწისძვრები, ეპიდემიები და გამრავლდებოდა უკანონობა (მათე 24:3, 7—12; ლუკა 21:10, 11). იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ეს და სხვა მოვლენები 1914 წლიდან განვითარდა, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ასე რომ, იესო უკვე მეფობს. მალე მისი სამეფო დედამიწაზე დაიწყებს მმართველობას და შეასრულებს ღვთის ნებას. *
პირადად თქვენ რას მოგიტანთ ღვთის სამეფო? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოეხმაურებით იესოს ცნობას.
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 გამოთქმა „ზეციერი სამეფო“ მათეს სახარებაში დაახლოებით 30-ჯერ გვხვდება.
^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-9 თავი «ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?» (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).