არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესომ ისწავლა მორჩილება

იესომ ისწავლა მორჩილება

ასწავლეთ შვილებს

იესომ ისწავლა მორჩილება

გიჭირს ზოგჯერ მორჩილება? ~  * გასაკვირი არაა, თუ ასეა. დროდადრო ყველას უჭირს მორჩილება. იცოდი, რომ იესოსაც მოუწია მორჩილების სწავლა? ~

იცი, ვის უნდა ემორჩილებოდნენ ბავშვები? ~ რა თქმა უნდა, მამას და დედას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ასეა სწორი“ (ეფესოელები 6:1). ვინ არის იესოს მამა? ~ იესოს მამა არის იეჰოვა ღმერთი. ის შენი მამაცაა (მათე 6:9, 10). არ შეცდები, თუ იტყვი, რომ იესოს მშობლები იოსები და მარიამი იყვნენ. იცი, როგორ გახდნენ ისინი მისი მშობლები? ~

როგორც ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა მარიამს, ის გახდებოდა დედა მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცთან არ ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. მარიამი რომ დაორსულებულიყო, იეჰოვას სასწაული უნდა მოეხდინა. გაბრიელმა უთხრა მარიამს, როგორ მოხდებოდა ეს: „უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:30—35).

ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადმოიტანა. იესო სხვა ბავშვების მსგავსად ვითარდებოდა დედის მუცელში, ცხრა თვის შემდეგ კი დაიბადა. ცოტა ხანში მარიამი იოსებზე დაქორწინდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ბავშვის მამა სწორედ იოსები იყო. იოსები იესოს მამობილი იყო. ასე რომ, იესოს ორი მამა ჰყავდა.

12 წლის იესომ აჩვენა, როგორ უყვარდა თავისი ზეციერი მამა, იეჰოვა. ერთხელ, ჩვეულების თანახმად, იესოს ოჯახი იერუსალიმში წავიდა პასექის დღესასწაულზე. სახლში რომ ბრუნდებოდნენ, იოსებმა და მარიამმა შენიშნეს, რომ იესო მათთან არ იყო. შენი აზრით, რატომ დარჩათ მშობლებს იესო უყურადღებოდ? ~

იოსებს და მარიამს სხვა შვილებიც ჰყავდათ (მათე 13:55, 56). მათთან ერთად, როგორც ჩანს, მგზავრობდნენ მათი ნათესავებიც, მარიამის და სალომე, მისი ქმარი ზებედე და მათი შვილები იაკობი და იოანე. მარიამი, ალბათ, ფიქრობდა, რომ იესო რომელიმე ნათესავთან იყო (მათე 27:56; მარკოზი 15:40; იოანე 19:25).

როცა იოსებმა და მარიამმა შეამჩნიეს, რომ იესო მათთან არ იყო, მაშინვე დაბრუნდნენ იერუსალიმში. ისინი გამალებით ეძებდნენ თავიანთ შვილს. მესამე დღეს მათ იესო ტაძარში ნახეს. მარიამმა უთხრა იესოს: „ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“. იესომ უპასუხა: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ (ლუკა 2:45—50).

როგორ ფიქრობ, არასწორად მოიქცა იესო, დედას რომ ასეთი პასუხი გასცა? ~ მისმა მშობლებმა იცოდნენ, რომ მას უყვარდა ღვთის სახლში ყოფნა (ფსალმუნი 122:1). სწორად მოიქცა იესო, როცა იფიქრა, რომ ის მშობლებს, პირველ რიგში, ტაძარში უნდა მოეძებნათ? ~ მარიამმა გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მარიამისა და იოსების მიმართ? ~ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის [იესო] გაჰყვა მათ ნაზარეთში და კვლავაც ემორჩილებოდა“ (ლუკა 2:51, 52). რას ვსწავლობთ იესოსგან? ~ ჩვენც უნდა დავემორჩილოთ მშობლებს.

იესოსთვის თავისი ზეციერი მამის მორჩილებაც კი არ იყო ყოველთვის ადვილი.

სიკვდილის წინა ღამეს იესომ სთხოვა იეჰოვას, რომ თუ ინებებდა, შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება (ლუკა 22:42). იესო დაემორჩილა მამას, თუმცა ეს ადვილი არ იყო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მან „მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“ (ებრაელები 5:8). შენც გჭირდება მორჩილების სწავლა? ~

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

კითხვები:

▪ როგორ გახდა მარიამი იესოს დედა და რატომ ჰყავდა იესოს ორი მამა?

▪ რატომ დატოვეს იესო მშობლებმა?

▪ რას ელოდა იესო მშობლებისგან?

▪ რისი სწავლა შეგვიძლია იესოსგან?

[სურათი 31 გვერდზე]

როგორ ფიქრობ, რატომ უნდა მოეძებნათ მშობლებს იესო, პირველ რიგში, ტაძარში?