არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღრუბლებში ამოწვერილი „მარჯნის რიფი“

ღრუბლებში ამოწვერილი „მარჯნის რიფი“

წერილი პაპუა-ახალი გვინეიდან

ღრუბლებში ამოწვერილი „მარჯნის რიფი“

სამშაბათს, პაპუა-ახალ გვინეის ქალაქ ლაეში საშინლად დახუთული დღე იყო. დილის ხუთ საათზე მე და ჩემი მეუღლე სოფელ ლენგბატში იეჰოვას მოწმეთა პატარა ჯგუფის მოსანახულებლად გავემგზავრეთ. ეს სოფელი გაშენებულია მორობეს პროვინციაში მდებარე როულინსონის მთის ფერდობზე.

ჩვენ ოთხადგილიანი ვერტმფრენით გავემგზავრეთ. დანიშნულების ადგილამდე ჩასაფრენად დაახლოებით ნახევარი საათი იყო საჭირო. მოგზაურობის დროს ხშირად ვჯდები ხოლმე პილოტის გვერდით. ძრავის ხმაურის გამო საკომუნიკაციო სისტემას ვიყენებთ და საყურისის მეშვეობით ვსაუბრობთ. ამჯერადაც პილოტის გვერდით დავჯექი. მან მიმითითა ინდიკატორსა და ხელსაწყოების პანელზე და ამიხსნა, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი. ხუმრობით მითხრა, თუ რამე დამემართა, შენ მოგიწევს ვერტმფრენის მართვაო. ამის თქმაზე გამახსენდა პაპუა-ახალ გვინეაში მომხდარი ამბავი, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელ მსახურს გადახდა. შუა ფრენის დროს პილოტმა გონება დაკარგა; ამ დროს მიმომსვლელმა მსახურმა და მისმა ცოლმა ავტოპილოტი ჩართეს. ვერტმფრენი ჰაერში წრეს მანამ ავლებდა, სანამ პილოტი გონს არ მოვიდა და ვერტმფრენი არ დასვა. საბედნიეროდ, ჩვენ მშვიდობით ჩავფრინდით ლენგბატში.

მთაგრეხილის გასწვრივ მივფრინავდით, როცა მოულოდნელად ღრუბლებში აღმოვჩნდით; მთის მწვერვალს ისე ახლოს ჩავუფრინეთ, რომ მისგან, სულ რაღაც, 100 მეტრი გვაშორებდა. ცოტა ხანში ჩვენ თვალწინ სოფელ ლენგბატის ხედი გადაიშალა. დავინახეთ წნელებისგან შეკრული და სქელი ბალახით გადახურული ჯგუფ-ჯგუფად მიჯრილი სახლები. პილოტმა დაფრენამდე შეამოწმა, რამდენად კარგ მდგომარეობაში იყო საველე აეროდრომი და დარწმუნდა, რომ სოფლის ბავშვები იქ ფეხბურთს არ თამაშობდნენ. აგრეთვე ყურადღებით დააკვირდა, ღორებს ხომ არ გადაეთხარათ იქაურობა. მან თქვა: „ყველაფერი წესრიგშია, შეგვიძლია დავჯდეთ“. ჩვენ წრე დავარტყით იქაურობას და დავფრინდით საველე აეროდრომის იმ მოკლე მონაკვეთზე, რომელიც სოფლელებს მთაში შეეჭრათ და ამჟამად წითელი კირქვის ნატეხებით დაეფარათ.

წინა მოგზაურობის დროს, როცა წითელი კირქვის ნატეხებს ვაკვირდებოდი, გამაოცა ამ მთაგრეხილის სიძველემ. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა დასჭირდებოდა „მარჯნის რიფის“ ასობით კილომეტრზე გადაჭიმვას და ზღვის დონიდან 4 000 მეტრის სიმაღლეზე აღმართვას! ვერტმფრენიდან ჩამოსვლისთანავე სწორედ იმ მთაზე დავდგით ფეხი, რომელსაც ღრუბლებში ამოწვერილი „მარჯნის რიფი“ ვუწოდე.

ვერტმფრენის ხმის გაგონებისთანავე, სოფლელები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყველა მხრიდან გამოიქცნენ საველე აეროდრომისკენ. როცა დავფრინდით, დავინახე, როგორ გამოეყო ხალხს ერთი კაცი და ვერტმფრენისკენ წამოვიდა. ეს იყო ზუნგი, რომელიც ყოველკვირეულად ატარებს კრებებს იმ პროგრამით, რომლითაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობენ. მას პატიოსან და სანდო ადამიანად იცნობენ. ზუნგს, როგორც თავად ამბობს, ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება ეხმარება, იყოს კარგი ადამიანი. ჩვენ ყველას მივესალმეთ და ზუნგთან და სხვა მოწმეებთან ერთად პატარა ბილიკს ჩავუყევით. უკან ბავშვები მოგვყვებოდნენ, რომლებმაც ჩვენი ზურგჩანთების წაღება შემოგვთავაზეს. ისინი ერთმანეთში დაობდნენ, არა მე წავიღებ, არა — მეო.

მივადექით ერთ პატარა ხის სახლს, რომელიც ადგილობრივმა მოწმემ მიმომსვლელი მსახურისთვის ააშენა. იგი ყოველ ექვს თვეში ერთხელ ინახულებს იქაურ კრებას. თუმცა, პაპუა-ახალი გვინეა ტროპიკული ქვეყანაა, მთაში საკმაოდ გრილა. ღამით ნავთის ლამპას ვანთებთ ხოლმე. ამ დროს ხშირად შევცქერი ღრუბლებს, რომლებიც ნაშუადღევის შემდეგ ნელ-ნელა მთის ზემოთ იწევენ. ცოტა ხანში ჩვენი პატარა სახლი ღრუბლებში იძირება. ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ გარეთ ცივა. სურვილი მიჩნდება, ჩავიცვა სათხილამურო კომბინეზონი და გავთბე, არადა სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ ოკეანის სანაპიროზე ტროპიკულ სიცხეში ძლივს ვსუნთქავდით.

ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში ამ სოფლის ერთ მკვიდრს ლაეში იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ასწავლიდნენ. ლენგბატში რომ დაბრუნდა, მან და რამდენიმე კაცმა კრების შეხვედრებისთვის პატარა შენობა ააშენეს, რითაც ძალიან ამაყობდნენ. მალე ეს შენობა ადგილობრივი ლუთერანული ეკლესიის პასტორმა და მისმა მრევლმა გადაწვეს. მათ უტიფრად განაცხადეს, რომ ეს ტერიტორია მხოლოდ ლუთერანებს ეკუთვნოდა. წინააღმდეგობების მიუხედავად, მოწმეებმა სხვა შენობა ააგეს და მოკლე დროში სასიხარულო ცნობის აქტიურ მაუწყებელთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. მათგან ზოგი, ვინც უწინ წინააღმდეგობას უწევდა მოწმეებს, ახლა გულმოდგინედ ქადაგებს.

იმ პერიოდში ბევრი ადგილობრივი მკვიდრი თბილად ხვდებოდა მოწმეებს და ბიბლიის შესწავლას იწყებდა. მართალია, სოფელში ძალიან ცოტას შეეძლო კითხვა, მაგრამ ადგილობრივი იეჰოვას მოწმეების უმრავლესობა იმ მიზნით სწავლობდა კითხვას, რომ სხვებისთვის ბიბლიური ცნობა გაეზიარებინა. ყოველკვირა 200 კაცამდე ესწრება კრების შეხვედრებს სამეფო დარბაზში.

სოფელში არ არის ელექტროენერგია. საღამოობით ყველა კოცონის გარშემო ვსხდებით. ჩვენ ერთად ვჭამთ, ვსაუბრობთ და ვიცინით. ჩვენი მეგობრების სახეებზე აღბეჭდილია იეჰოვას მსახურებით განცდილი სიხარული, რაც კოცონის მქრქალ შუქზეც კი იკვეთება. როცა ღამის წყვდიადი ისადგურებს, ჩვენ ვიღებთ ნაკვერჩხალს ან ცეცხლმოკიდებულ პალმის ფოთოლს, რომ სახლამდე მისასვლელი გზა გაგვინათოს.

გზად საოცარი სიჩუმეა. ყოველი გაფაჩუნების ხმა ისმის. სანამ დავიძინებთ, კიდევ ერთხელ ვტკბებით საოცარი სანახაობით, უამრავი ვარსკვლავით მოჭედილი ღამის მოწმენდილი ცით, რომელიც თითქოს ხელის გაწვდენაზეა.

ერთმა კვირამ ძალიან სწრაფად გაირბინა; ვერც კი გავიაზრეთ, რომ მომდევნო დღეს იქაურობა უნდა დაგვეტოვებინა. კიდევ ერთი გრილი ღამე გველოდა ღრუბლებში ჩაძირულ ლენგბატში, სანამ ცხელ და ნესტიან სანაპიროს დავუბრუნდებოდით.