არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“

„სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“

„სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“

ქორწილის დღეს არაერთ წყვილს უთქვამს აღფრთოვანებით ეს სიტყვები, მაგრამ ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ ერთ დღესაც სიკვდილი დააშორებთ. ასაკმა, ავადმყოფობამ თუ უბედურმა შემთხვევამ შეიძლება ხელიდან გამოგაცალოთ საყვარელი მეუღლე, რის გამოც მარტოდ იგრძნოთ თავი და დარდი შემოგაწვეთ (ეკლესიასტე 9:11; რომაელები 5:12).

სტატისტიკის მიხედვით, 65 წლის ასაკიდან ქალების თითქმის ნახევარი დაქვრივებულია. რადგან ქვრივი ქალების რაოდენობა სამჯერ აღემატება ქვრივი მამაკაცების რაოდენობას, ამ მოვლენას „ქალური ფენომენი“ უწოდეს. თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისს არც მამაკაცები წარმოადგენენ. დღეს მილიონობით ადამიანი განიცდის მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. შესაძლოა თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ.

რით შეგიძლიათ ინუგეშოთ თავი, თუ მეუღლე დაგეღუპათ? დაგეხმარებათ ბიბლია ტკივილის დაამებაში? როგორ შეძლო ბევრმა ქვრივმა დანაკარგთან შეგუება? თუმცა ყველა ერთნაირად ვერ შეძლებს ამ ტკივილის დაამებას, მაგრამ ბიბლიური პრინციპები და რჩევები დიდ დახმარებას გაგიწევთ.

დანაკარგთან შეგუება

ბევრი თვლის, რომ ცრემლი სისუსტის ნიშანია და ჯანმრთელობასაც ვნებს. ფსიქოლოგი ჯოის ბრაზერსი, რომელიც თავადაც ქვრივია, ამბობს, რომ პირველი ემოციური დარტყმის გადატანაში სწორედ ცრემლი დაგეხმარებათ. გლოვის დროს ტირილი ბუნებრივია და ტკივილს აქარვებს. ნუ შეგრცხვებათ თქვენი ცრემლების! ბიბლიაში აბრაამზე ვკითხულობთ, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდა და ღვთის მეგობრადაც იწოდებოდა, მაგრამ როცა საყვარელი მეუღლე მოუკვდა, აბრაამმა იგი გამოიგლოვა და დაიტირა (დაბადება 23:2).

ბუნებრივია, ასეთ დროს გსურდეთ დროებით მარტო დარჩენა, მაგრამ ნუ განმარტოვდებით. იგავების 18:1-ში ნათქვამია: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს“. დასახმარებლად მიმართეთ ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებსაც გულწრფელად აღელვებთ თქვენი მდგომარეობა. ქრისტიანულ კრებაში საუკეთესო დახმარებას სულიერად მოწიფული მამაკაცები გაგიწევენ, რომლებიც მხარში ამოგიდგებიან და დროულ რჩევებს მოგცემენ (ესაია 32:1, 2).

ზოგს თანაგრძნობის გამომხატველ წერილებზე პასუხის მიწერა ძალიან დაეხმარა. ეს საშუალებას მოგცემთ, გაიხსენოთ მეუღლესთან ერთად გატარებული დრო. კარგი იქნება, თუ შეადგენთ ალბომს, რომელშიც განათავსებთ თქვენს ფოტოსურათებს, წერილებსა თუ ჩანაწერებს.

მგლოვიარემ შეიძლება თავი განადგურებულად და უმწეოდ იგრძნოს, მაგრამ თუ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მდგომარეობა შეუმსუბუქდება. მაგალითად, შეეცადეთ განსაზღვრულ დროს დაიძინოთ, გაიღვიძოთ, შეჭამოთ და საოჯახო საქმეებით დაკავდეთ; ყოველთვის მიჰყევით ამ განრიგს. წინასწარ დაგეგმეთ, რას გააკეთებთ შაბათ-კვირას და განსაკუთრებით თქვენი ქორწინების დღეს, როცა შეიძლება გაგიახლდეთ ჭრილობა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულიერი საქმეებით დაკავდეთ (1 კორინთელები 15:58).

გაუსაძლისმა ემოციურმა ტკივილმა შესაძლოა განსჯის უნარი დაგაკარგვინოთ. ამ დროს შეიძლება ვინმემ ბოროტად ისარგებლოს თქვენი მდგომარეობით. ნაჩქარევად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა სახლის გაყიდვა, დიდი თანხის დაბანდება, საცხოვრებლის შეცვლა ან ხელახლა დაქორწინება. ერთ ბრძნულ იგავში ნათქვამია: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავები 21:5). სანამ ემოციური ტკივილი არ დაცხრება, მოერიდეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლის.

საყვარელი მეუღლის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის დანახვაზე შეიძლება გაგიახლდეთ ჭრილობა, განსაკუთრებით, თუ მრავალი წელი ერთად იცხოვრეთ, მაგრამ გლოვის დროს ამას ვერ გაექცევით. თუ გულს არ მოიოხებთ, ემოციური ჭრილობა დიდხანს არ მოგიშუშდებათ (ფსალმუნი 6:6). ზოგი არჩევს, მარტო გაუმკლავდეს ტკივილს, ზოგი კი ახლო მეგობართან ღვრის გულს და მეუღლესთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს. თქვენც შეიძლება დაგჭირდეთ მეგობრის ან ნათესავის დახმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა გარდაცვალების მოწმობის აღება, ამ მოწმობის სამთავრობო უწყებებსა თუ ბანკებში წარდგენა, ქონების გადაფორმება, მთავრობისგან ფინანსური დახმარების მიღება და სამედიცინო ხარჯების დაფარვა.

გახსოვდეთ, რომ ჩვენ ზნეობრივად დაცემულ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. ახლა, როცა მარტო დარჩით, შეიძლება ადვილი არ იყოს ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. პავლე მოციქულის სიტყვები დღეს, ისე როგორც არასდროს, დროულია: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით იმ ხალხთა მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს“ (1 თესალონიკელები 4:4, 5). ამიტომ, გონივრულია მოერიდოთ რომანტიკული და ეროტიკული სცენების ამსახველ ფილმებსა თუ წიგნებს, და აღმგზნებ მუსიკას.

მთავარია, გესმოდეთ, რომ მდგომარეობიდან გამოსვლას დრო სჭირდება. როგორც „იუ-ეს-ეი ტუდეი“ იტყობინება, მიჩიგანის უნივერსიტეტთან არსებული სოციალური კვლევის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, დაქვრივებულ მეუღლეს, სულ მცირე, წელიწად-ნახევარი სჭირდება ფიზიკური თუ ემოციური რეაბილიტაციისთვის. ღმერთს სთხოვეთ მოთმინება, რომელიც მისი სულის ნაყოფია (გალატელები 5:22, 23). თავიდან შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ დანაკარგთან შეგუება, მაგრამ დღითი დღე უკეთესად იგრძნობთ თავს.

როგორ გაართვა ზოგმა თავი?

ანა, რომელსაც 40 წელი ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, ქმრის სიკვდილმა ემოციურად გაანადგურა. „13 წლის ვიყავი, როცა დედა მომიკვდა, შემდეგ მას მამა, ჩემი ორი ძმა და უმცროსი და მიჰყვნენ. მაგრამ არც ერთის სიკვდილს ჩემთვის ისეთი დარტყმა არ მოუყენებია, როგორიც ქმრის სიკვდილმა მომაყენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხეულის მეორე ნახევარი მომკვეთეს; აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი“. რა დაეხმარა ანას ტკივილის გაყუჩებაში? „უამრავი წერილი და ბარათი მივიღე, რომლებშიც ჩემი მეუღლის, დერილის კარგ თვისებებს საოცარი ენით აღწერდნენ და მადლიერებისა თუ სიყვარულის გამომხატველ სიტყვებს არ იშურებდნენ. თითოეულ წერილში მის ერთ რომელიმე განსაკუთრებულ თვისებას უსვამდნენ ხაზს. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვასაც ახსოვს იგი და ერთ მშვენიერ დღეს აღადგენს“.

88 წლის ესთერი ყვება, რამ გადაატანინა ქმრის სიკვდილი: „46 წლის თანაცხოვრების შემდეგ ჩემთვის ყველაზე რთული მარტოობის შეგრძნება იყო. სულიერ საქმიანობაში მონაწილება ძალიან მეხმარებოდა. არ შემიწყვეტია ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება, ქადაგება და ბიბლიის კითხვა. ისიც დამეხმარა, რომ არასდროს განვმარტოვებულვარ. ხშირად ისეთი მეგობრების გარემოცვაში ვარ, რომლებიც გულითადად მისმენენ. ისინი ყოველთვის პოულობენ ჩემთვის მანუგეშებელ სიტყვებს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ დროს მითმობენ და ყურადღებით მისმენენ“.

რობერტი, რომელსაც 48 წლის ერთობლივი ცხოვრების შემდეგ მეუღლე კიბოთი დაეღუპა, ყვება: „ძალიან რთულია, შეეგუო მეუღლის სიკვდილს, რომელთან ერთადაც გადაწყვეტილებებს იღებდი, მოგზაურობდი, დასასვენებლად მიდიოდი და რომელსაც განვლილი დღის შესახებ უყვებოდი. ყოველდღიურად ვებრძვი საკუთარ თავს, მაგრამ ვცდილობ, ცხოვრების ხალისი არ დავკარგო. ამაში ფიზიკური და გონებრივი დატვირთვაც მეხმარება. ლოცვა ნუგეშის ყველაზე დიდი წყაროა“.

ცხოვრება გრძელდება

მართალია, საყვარელი მეუღლის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. დადებითზე გადაიტანეთ ყურადღება; თქვენ შეგიძლიათ საყვარელი საქმით დაკავდეთ ან იმოგზაუროთ, რისი დროც, ალბათ, ადრე არ გქონდათ. ასეთი საქმეები სიცარიელეს შეგივსებთ. ზოგმა უფრო მეტი დრო გამოუყო ქრისტიანულ მსახურებას. სხვების დახმარება, როგორც იესო გვპირდება, დიდ სიხარულს მოგიტანთ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

ნუ იფიქრებთ, რომ ვეღარასდროს იქნებით ბედნიერი. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ღმერთი იზრუნებს თქვენზე, თუ მას დახმარებისთვის მიმართავთ. ფსალმუნმომღერალი დავითი ამბობს: „[იეჰოვა] ქვრივს შვებას ჰგვრის“ (ფსალმუნი 146:9). მანუგეშებელია, რომ ბიბლია იეჰოვას არა მხოლოდ „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამად“ აღწერს, არამედ ისეთ პიროვნებადაც, რომელიც ‘შლის ხელს და აკმაყოფილებს ყოველი ცოცხალი არსების სურვილს’ (2 კორინთელები 1:3; ფსალმუნი 145:16). მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას აქვს ძალაც და სურვილიც, დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც მთელი გულით უხმობს მას. დაე, თქვენც ისეთივე გრძნობები დაგეუფლოთ, როგორიც ერთ დროს ისრაელებს ჰქონდათ: „თვალებს ავაპყრობ მთებისკენ. საიდან მოვა ჩემი შველა? ჩემი შველა იეჰოვასგანაა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმუნი 121:1, 2).

[ჩანართი 19 გვერდზე]

თქვენც ხომ არ ხართ იმ მილიონებს შორის, რომლებიც მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და მარტოობას გრძნობენ?

[ჩარჩო 21 გვერდზე]

ხელახლა დაქორწინება

ბიბლიიდან ჩანს, რომ სიკვდილი ქორწინების დასასრულია; ამიტომ ქვრივს შეუძლია კვლავ დაქორწინდეს (1 კორინთელები 7:39). ეს პირადი გადასაწყვეტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შვილებმა იცოდნენ მშობლის გადაწყვეტილების შესახებ და მხარს უჭერდნენ მას (ფილიპელები 2:4). მაგალითად, ანდრესი თავიდან მამის ხელახლა დაქორწინების წინააღმდეგი იყო. მას ძალიან უყვარდა დედა და ფიქრობდა, რომ მის ადგილს ვერავინ დაიკავებდა. ანდრესი ამბობს: „მალე მივხვდი, რომ მამამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ქორწინებამ მას ხალისი შემატა. მამა უწინდელ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგალითად, ისევ დაიწყო მოგზაურობა. მიხარია, რომ მისი ახალი მეუღლე ასე კარგად ზრუნავს მასზე და ემოციურადაც უჭერს მხარს!“

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

თუ სხვადასხვა საქმით დაკავდებით და ღმერთს მოთმინებას სთხოვთ, ადვილად მოიშუშებთ ჭრილობას