რატომ არის ბიბლია ჩვენს დროშიც პრაქტიკული?
რატომ არის ბიბლია ჩვენს დროშიც პრაქტიკული?
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16).
საუკუნეების მანძილზე ბიბლიამ სხვადასხვა კულტურის მილიონობით ადამიანი აღძრა, ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალათ. ზემოხსენებულ მუხლში ახსნილია, თუ რატომ არის ბიბლია ამ მხრივ სასარგებლო — მასში ღვთის სიბრძნეა ჩაწერილი. თუმცა ის ადამიანებმა დაწერეს, მათ ღმერთი შთააგონებდა აზრებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).
ბიბლიის პრაქტიკულობა, სულ მცირე, ორი რამიდან ჩანს. პირველი, ის რეალურად გვანახვებს, რას მოაქვს ცხოვრებაში ნამდვილი ბედნიერება. და მეორე, მას შესწევს ძალა, აღძრას ადამიანები, რომ საჭირო ცვლილებები მოახდინონ და ბედნიერად იცხოვრონ. მოდი თანამიმდევრულად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
გამოავლინეთ წვდომის უნარი და დაისახეთ გონივრული მიზნები
ღმერთი გვპირდება: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8). ყურადღება მიაქციეთ, რომ ღმერთი მხოლოდ რჩევებს კი არ გვაძლევს, არამედ წვდომის უნარსაც, რათა ბოლომდე ჩავწვდეთ ამა თუ იმ სიტუაციას. ეს დაგვეხმარება, განვჭვრიტოთ, როგორი მიზნების დასახვა იქნება ჩვენთვის სასარგებლო, და დაგვიცავს, რომ ცხოვრება არაფრის მომტან მიზნებს არ შევალიოთ.
ბევრი ადამიანი მიზნად ისახავს, რომ გამოჩენილი მდგომარეობა დაიკავოს ან წარმატებული გახდეს. ზოგი წიგნი მკითხველს ასწავლის, როგორ მოატყუონ სხვები, რომ პრესტიჟი მოიპოვონ ან გამდიდრდნენ. ბიბლია კი გვირჩევს: ‘ერთმანეთის მიმართ ქიშპობა ამაოებაა და ქარის დევნა’. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება“ (ეკლესიასტე 4:4; 5:10). დღესაც პრაქტიკულია ბიბლიის ეს რჩევები?
დავფიქრდეთ ერთი იაპონელი მამაკაცის, აკინორის შემთხვევაზე. მან ურთულეს კონკურსში გაიმარჯვა და თავის მიზანს მიაღწია — დაამთავრა იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი და პრესტიჟულ ფირმაში დაიწყო მუშაობა. თითქოს ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. მაგრამ მას იმედი გაუცრუვდა, რადგან წარმატებამ ბედნიერება ვერ მოუტანა. იგავები 14:30).
სტრესმა და დაღლილობამ ჯანმრთელობა შეურყია. ვერც სამსახურში შეძენილმა მეგობრებმა გაუწიეს დიდი დახმარება. აკინორი დეპრესიაში ჩავარდა, გალოთდა და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. შემდეგ მან იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ნასწავლმა დაანახვა მას, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. ის ნელ-ნელა გამოვიდა დეპრესიიდან, მოიშორა სიამაყე და ამბიცია და საკუთარ თავზე გამოსცადა ბიბლიური იგავის ჭეშმარიტება: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (თქვენი აზრით, რომელია ყველაზე ღირსეული მიზანი ცხოვრებაში? რა მოგიტანთ ნამდვილ ბედნიერებას: წარმატებული ქორწინება თუ შვილების მატერიალურად უზრუნველყოფა? ბევრი მეგობრის შეძენა თუ ცხოვრებით ტკბობა? თითოეული მათგანი ღირსეული მიზანია. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ მიზნებისკენ სწრაფვას უმთავრესი ადგილი არ უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში. ღვთის სიტყვა გვამცნობს, რა მოგვეთხოვება, რომ ცხოვრებამ კმაყოფილება მოგვიტანოს. მასში ნათქვამია: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:13). როცა ამ ვალდებულებას არ ვასრულებთ, ცხოვრება აზრს კარგავს, უიმედობა გვეუფლება და, საბოლოოდ, გულგატეხილობამდე მივდივართ. ამის საპირისპიროდ კი ბიბლია გვარწმუნებს: „ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი“ (იგავები 16:20).
როგორ ცვლის ბიბლია ადამიანის ცხოვრებას?
მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“. ბასრი ორლესული მახვილის მსგავსად, ის ადამიანის ყველაზე ღრმა აზრებსა და ზრახვებს არკვევს (ებრაელები 4:12). ბიბლიის დახმარებით მრავალი ადამიანი ცვლის საკუთარ ცხოვრებას. ღვთის სიტყვა ეხმარება მათ, ისეთებად დაინახონ საკუთარი თავი, როგორებიც სინამდვილეში არიან და არა ისეთებად, როგორებადაც წარმოუდგენიათ. შედეგად, გულწრფელი ადამიანები ხვდებიან, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოახდინონ. მაგალითად, პავლე მოციქულმა ძველი კორინთის კრების ქრისტიანებს, რომლებიც ადრე ქურდები, ლოთები და მრუშები იყვნენ, უთხრა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ . . . ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელები 6:9—11). იეჰოვას წმინდა სული კვლავაც მოქმედი და ძლიერია. მას შეუძლია აღძრას ადამიანები, რომ ცხოვრებაში სათანადო ცვლილებები მოახდინონ.
ევროპაში მცხოვრები მარიო მარიხუანას მომხმარებელი და გამსაღებელი იყო. ის ხშირად ავლენდა ძალადობას. ერთხელაც, როცა პოლიციელმა ნარკოტიკები ჩამოართვა, განრისხებული მარიო ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციელს და მანქანა დაულეწა. ასეთი ცხოვრების გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს და ვალებში ჩავარდა. როცა ის მიხვდა, რომ პრობლემებს საკუთარი ძალით ვერ გაუმკლავდებოდა, მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა. მარიომ სულიერად წინ წაიწია, გარეგნობა შეიცვალა, შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება და გაყიდვა. მან ძალადობაც მიატოვა. ვინც მისი წარსულის შესახებ იცოდა, გაოცებას ვერ მალავდა; მას ქუჩაში აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ: „მარიო, ნუთუ ეს შენა ხარ?“
რამ აღძრა აკინორი და მარიო, რომ შეცვლილიყვნენ? როგორ იპოვეს ცხოვრებაში სიხარული და კმაყოფილება? მათ ამაში ბიბლიის შესწავლა და ღვთის შესახებ ცოდნის მიღება დაეხმარათ. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოგვცეს ისეთი რჩევები, რომლებიც დღესვე დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში, მომავალში კი მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს. იეჰოვა ღმერთი მამასავით გვეუბნება: „ისმინე, შვილო, მიიღე ჩემი სიტყვები და გაგიმრავლდება სიცოცხლის წლები . . . სიარულისას ნაბიჯი არ დაგიბრკოლდება. თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები. ჩაეჭიდე დარიგებას და ნუ მიატოვებ. დაიცავი, რადგან ის შენი სიცოცხლეა“ (იგავები 4:10—13). რომელი რჩევები შეედრება ჩვენი შემოქმედის მიერ მოცემულ რჩევებს?!
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
დღევანდელობისთვის პრაქტიკული რჩევები
ბიბლია გვთავაზობს ძირითად, პრაქტიკულ პრინციპებს, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დაგვეხმარება. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მათგანი:
• შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა სხვებთან
„ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).
„ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკა 9:48).
„სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“ (რომაელები 12:13).
• დასძლიეთ მავნე ჩვევები
„ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).
„ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20).
„ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება“ (იგავები 22:24).
• შექმენით სტაბილური ოჯახი
„თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).
„შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:12, 13).
• დაეხმარეთ ბავშვებს
„ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6).
„თქვენ, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4).
• მოერიდეთ კამათს
„მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1).
„პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10).
კამათი რომ თავიდან აირიდოთ, გონივრულია საქმიანი ურთიერთობის დროს მეგობრებს შორისაც კი დაიდოს წერილობითი შეთანხმება. მსგავსად მოიქცა ღვთის მსახური იერემია: „დავწერე საბუთი, დავბეჭდე, მოწმეები მოვიყვანე და სასწორზე ფული ავწონე“ (იერემია 32:10).
• განივითარეთ დადებითი განწყობა
„რაც ჭეშმარიტია, . . . რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).
ბიბლია არ იწონებს მათ, ვისაც უარყოფითი აზროვნება აქვს და „თავის ხვედრს უჩივის“. ის მოგვიწოდებს: „იხარეთ იმედში“ (იუდა 4, 16; რომაელები 12:12).
ამ პრინციპების გამოყენება არა მხოლოდ მშვიდობასა და კმაყოფილებას მოგვიტანს, არამედ დაგვეხმარება, დავიცვათ ღვთის მოთხოვნები და მივიღოთ მისი კურთხევები. ბიბლიაში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).
[სურათები 5 გვერდზე]
აკინორი, ყოფილი ბიზნესმენი (მარცხნივ), დღეს მეუღლესთან ერთად სიხარულით უზიარებს სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას