მივყავართ ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან?
მივყავართ ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან?
„მე ჩემი რწმენა მაქვს და არ ვაპირებ შეცვლას. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ რელიგიას მივეკუთვნებით, რადგან ყველას ერთ ღმერთთან მივყავართ“.
გსმენიათ ვინმესგან ასეთი სიტყვები? ბევრი ფიქრობს, რომ ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ და თითოეული მათგანი სიცოცხლის აზრის პოვნაში გვეხმარება. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, ყველა რელიგიაში არის რაღაც კარგი და ცუდი, მხოლოდ ერთი რელიგია არ არის ჭეშმარიტი და ღმერთთან მიმყვანი.
ასეთი მოსაზრება საკმაოდ პოპულარულია დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ტოლერანტულ საზოგადოებაში. ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს, გონებაშეზღუდულად ან ფანატიკოსადაც კი თვლიან. თქვენ რას ფიქრობთ, არის ყველა რელიგია საბოლოოდ ერთ ღმერთთან მიმყვანი? აქვს მნიშვნელობა, რა რწმენა ექნება ადამიანს?
არსებობს სხვაობა რელიგიებს შორის?
ერთი ენციკლოპედიის თანახმად, მსოფლიოში 9 900 რელიგია არსებობს, რომელთაგანაც ზოგი მსოფლიოს მრავალ კუთხეშია გავრცელებული და მას მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ერთი გამოთვლის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ხუთ ძირითად რელიგიას მიეკუთვნება, ესენია ბუდიზმი, ინდუიზმი, ისლამი, იუდაიზმი და ქრისტიანობა. თუ ამ რელიგიებს ერთი და იმავე ღმერთთან მივყავართ, მაშინ მათ სწავლებებში ბევრი რამ საერთო უნდა იყოს; გარდა ამისა, მათ ერთნაირი შეხედულება უნდა ჰქონდეთ ღმერთსა და მის განზრახვებზე. მაგრამ რაზე მეტყველებს ფაქტები?
კათოლიკე თეოლოგი ჰანს კუინგი ამბობს, რომ ძირითად რელიგიებში საერთოა ზოგი მთავარი
პრინციპი, რომლებიც ადამიანების ურთიერთობებს ეხება. უმეტესი მათგანისთვის მიუღებელია მკვლელობა, სიცრუე, ქურდობა და სისხლის აღრევა. ისინი ასწავლიან, რომ შვილებმა პატივი უნდა სცენ მშობლებს, მათ კი უნდა უყვარდეთ შვილები. მაგრამ ამ რელიგიების სხვა სწავლებები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ღმერთთან არის დაკავშირებული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.მაგალითად, ინდუსები უამრავ ღვთაებას ეთაყვანებიან, მაშინ როცა ბუდისტები ერთი ღმერთის არსებობაშიც არ არიან დარწმუნებული. ისლამის მიმდევრები ასწავლიან, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი. ქრისტიანული ეკლესიებიც ამასვე აცხადებენ, თუმცა იმასაც ასწავლიან, რომ ღმერთი სამებაა. ეკლესიებს შორისაც კი განსხვავებული სწავლებები არსებობს. მაგალითად, კათოლიკები თაყვანს სცემენ მარიამს, იესოს დედას, პროტესტანტები კი — არა. კათოლიკებისთვის ჩვეულებრივ კონტრაცეფცია მიუღებელია, მაგრამ პროტესტანტების უმეტესობა ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პროტესტანტულ ეკლესიებში არ არსებობს ერთი აზრი იმის თაობაზე, მისაღებია თუ არა ჰომოსექსუალიზმი.
განა გონივრულია იმის თქმა, რომ განსხვავებული სწავლებების მქონე რელიგიებს ადამიანები ერთი და იმავე ღმერთთან მიჰყავს?! რა თქმა უნდა, არა. ისინი დაბნეულობას იწვევენ ადამიანებში, რადგან არასწორად ასწავლიან იმას, თუ ვინ არის ღმერთი და რას მოითხოვს ის თავისი თაყვანისმცემლებისგან.
აერთიანებს რელიგიები მსოფლიოს თუ ყოფს?
თუ ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან მივყავართ, მაშინ თითოეული მათგანი მსოფლიოში ერთიანობასა და მშვიდობას შეუწყობდა ხელს. მაგრამ რაზე მეტყველებს ფაქტები? ისტორიიდან ვიგებთ, რომ რელიგიები ადამიანებს კი არ აერთიანებდა, არამედ ყოფდა და ომების გაჩაღებას უწყობდა ხელს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
XI—XIII საუკუნეებში ქრისტიანულმა სამყარომ მუსლიმანების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ომები ჯვაროსნული ლაშქრობების სახელით გახდა ცნობილი. XVII საუკუნეში ევროპაში კათოლიკები და პროტესტანტები ერთმანეთს 30 წელი ებრძოდნენ. 1947 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ ინდოეთის სუბკონტინენტის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე ინდუსები და მუსლიმანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ ჩრდილოეთ ირლანდიაში კათოლიკები და პროტესტანტები ერთმანეთს წლების მანძილზე ებრძოდნენ. ახლო აღმოსავლეთში ებრაელებსა და მუსლიმანებს ჯერაც მტრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში. ყველაზე ცნობილ მაგალითს მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს. ამ ომში ჩაბმულნი იყვნენ ხუთი ძირითადი რელიგიის მიმდევრები. ერთი რწმენის ადამიანებიც კი ებრძოდნენ ერთმანეთს.
აშკარაა, რომ მსოფლიო რელიგიებს არ მოაქვთ მშვიდობა და ერთიანობა და არც ჭეშმარიტ ღმერთთან მიჰყავთ თავიანთი მრევლი. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ საზოგადოების დაყოფას და დაბნეულობაში შეჰყავთ ხალხი, რადგან არასწორად ასწავლიან, თუ ვინ არის ღმერთი და როგორ თაყვანისცემას ითხოვს ის. ამგვარად, ვისაც სურს ჭეშმარიტ ღმერთს სცეს თაყვანი, კარგად უნდა დაფიქრდეს, რომელ რელიგიას ირჩევს. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უძველესი რელიგიური წიგნი ბიბლია.
აირჩიეთ, ვის ემსახურებით
ბიბლიის თანახმად, კარგი დაფიქრება და გაანალიზებაა საჭირო, რომ ვიპოვოთ გზა, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთთან მიგვიყვანს. იეჰოვა ღმერთის მსახურმა იესო ნავეს ძემ ძველად ისრაელებს უთხრა: „დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით, იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ, მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“. წლების შემდეგ წინასწარმეტყველი ელია ხალხს მოუწოდებდა, მსგავსი არჩევანი გაეკეთებინათ: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია [ქანაანელთა ღმერთი], მას გაჰყევით“ (იესო ნავეს ძე 24:15, 16; 1 მეფეები 18:21).
ამ და სხვა ბიბლიური მუხლებიდან კარგად ჩანს, რომ ვისაც ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურება სურდა, გონივრული არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ასევეა დღესაც. თუ გვინდა, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ვემსახუროთ, სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ რა დაგვეხმარება ამაში? როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ არიან ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები?
ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები თავიანთი ნაყოფით იცნობიან
ჭეშმარიტი და ცრუ თაყვანისმცემლების შესახებ იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს? ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს. კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს . . . ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ“. ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები თავიანთი ნაყოფით ანუ საქმეებით ამოიცნობიან. რა ნაყოფი გამოაქვთ მათ? (მათე 7:16—20).
უპირველესად, ჭეშმარიტ რელიგიაში მორწმუნეებს სიყვარული აერთიანებს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“. ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები სიყვარულს უნდა ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამით ამოიცნობიან ისინი, რომ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები არიან (იოანე 13:34, 35).
ამიტომ წარმოუდგენელია, ქრისტეს მოწაფეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ იომონ. იცავს ამ პრინციპს ეკლესიის მრევლი? მეორე მსოფლიო ომში ერთადერთი რელიგიის მიმდევრები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში მტკიცე უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე, იეჰოვას მოწმეები იყვნენ. დოქტორმა ჰანს ლილიემ, რომელიც ჰანოვერში (გერმანია) პროტესტანტული ეკლესიის ეპისკოპოსი იყო, მოწმეების შესახებ დაწერა:
„მხოლოდ მოწმეებს შეუძლიათ სამართლიანად თქვან, რომ ისინი იყვნენ ერთადერთი რელიგიის მიმდევრები, რომლებიც სინდისის გამო მხარს არ უჭერდნენ მესამე რაიხს“. ამ ომის დროს მრავალ ქვეყანაში მცხოვრებმა მოწმეებმა არჩიეს, სხვადასხვა განსაცდელი აეტანათ, ვიდრე ომისთვის დაეჭირათ მხარი.კიდევ რა ნაყოფს გულისხმობდა იესო, რითაც მისი მოწაფეების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი? ეს კარგად ჩანს ყველასთვის ცნობილ „უფლის ლოცვაში“, რომელიც იესომ შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. იესომ უპირველესად იეჰოვა ღმერთის სახელის განწმენდა მოიხსენია. ლოცვაში მან გამოხატა სურვილი, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე იეჰოვას ნება შესრულებულიყო. რომელი რელიგია აუწყებს ღვთის სახელს და აცხადებს, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებს მშვიდობას დედამიწაზე? იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას 236 ქვეყანაში ქადაგებენ და ლიტერატურას 470 ენაზე გამოსცემენ (მათე 6:9, 10).
ამასთანავე, იეჰოვას მოწმეები ჰბაძავენ იესოს და არ მონაწილეობენ პოლიტიკურ თუ სხვა საზოგადოებრივ კონფლიქტებში. ისინი „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“, — თქვა იესომ თავის მოწაფეებზე. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ღვთის სიტყვად აღიარებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (იოანე 17:14, 17; 2 ტიმოთე 3:16, 17).
ჭეშმარიტი რელიგია განსხვავდება სხვა რელიგიებისგან
ჭეშმარიტი ქრისტიანები ავლენენ თავგანწირულ სიყვარულს, მონაწილეობენ ღვთის სახელის განწმენდაში, ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ, გამოყოფილნი არიან ქვეყნიერებისგან და ენდობიან ბიბლიას. სწორედ ეს ნაყოფი გამოარჩევს მათ სხვა რელიგიების მიმდევრებისგან. ერთმა ქალბატონმა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც არაერთხელ ესაუბრნენ მას, უთხრა: „ბევრ რელიგიას გავეცანი და ისინი ერთმანეთს ჰგავს. თქვენ ერთადერთი რელიგია ხართ, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვებისგან“.
აშკარაა, რომ ყველა რელიგიას არ მიჰყავს ხალხი ერთ ღმერთთან. მაგრამ არსებობს ჭეშმარიტი რელიგია, რომლის მიმდევართა რიცხვიც დღეს მთელ მსოფლიოში შვიდ მილიონს აჭარბებს. ისინი არიან იეჰოვას მოწმეები, რომლებიც იცავენ და ერთგულად მიჰყვებიან ღვთის სიტყვას, ბიბლიას. მათ შეძლეს ის, რაც ვერ შეძლო ვერც ერთმა რელიგიამ თუ ორგანიზაციამ — ისინი სხვადასხვა ეროვნების, ენის, ეთნიკური წარმოშობისა და რასის მიუხედავად, ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაერთიანდნენ. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, რომ გაიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი, გაიგოთ, რას მოითხოვს ის თქვენგან და გაიხაროთ მშვიდობითა და უსაფრთხოებით, რაც ღვთისმოსაწონ თაყვანისმცემლობას მოაქვს. განა არ ღირს ამის გაკეთება?!
[სურათი 14 გვერდზე]
მართლმადიდებელი მღვდელი აკურთხებს ახალწვეულებს, 2004 წელი, უკრაინა
[საავტორო უფლება]
GENIA SAVILOV/AFP/Getty Images
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ღვთისა და მისი სამეფოს შესახებ ასწავლიან ხალხს
[სურათის საავტორო უფლებები 12 გვერდზე]
Page 12: Buddhist woman: © Yan Liao/Alamy; Hindu holy man: © imagebroker/Alamy; page 13: Man reading Koran: Mohamed Amin/Camerapix; Jewish man: Todd Bolen/Bible Places.com