არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დაახასიათა იეჰოვამ საკუთარი თავი

როგორ დაახასიათა იეჰოვამ საკუთარი თავი

დაუახლოვდით ღმერთს

როგორ დაახასიათა იეჰოვამ საკუთარი თავი

გამოსვლა 34:6, 7

თქვენ როგორ დაახასიათებდით ღმერთს? წარმოიდგინეთ, რომ ღმერთს სთხოვთ, თავი დაგიხასიათოთ. ისიც გისრულებთ თხოვნას. დაახლოებით ამგვარი რამ მოხდა წინასწარმეტყველ მოსეს შემთხვევაში. ჩვენდა გასახარად, მოსემ ყველაფერი წერილობითი სახით შემოგვინახა.

სინას მთაზე მოსემ იეჰოვას სთხოვა: „მაჩვენე შენი დიდება“ (გამოსვლა 33:18). მეორე დღეს წინასწარმეტყველს წილად ხვდა პატივი თვალი შეევლო იეჰოვას დიდებისთვის. * მოსეს დაწვრილებით არ აღუწერია ეს სასწაულებრივი ხილვა. სამაგიეროდ, მან უფრო მნიშვნელოვანი რამ დაწერა — ის, რაც თავად ღმერთმა თქვა. მოდი, განვიხილოთ გამოსვლის 34:6, 7, საიდანაც ვიგებთ, რა უთხრა იეჰოვამ მოსეს.

უპირველესად, იეჰოვამ მოსეს უთხრა, რომ ის „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია“ (მუხლი 6). ერთი ბიბლეისტის აზრით, ებრაული სიტყვა, რომელიც „გულმოწყალედ“ არის ნათარგმნი, მიუთითებს ღვთის „ისეთ სათუთ გრძნობებზე, როგორიც მამას აქვს შვილების მიმართ“. ებრაულ სიტყვაში, რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც „მწყალობელი“, იგულისხმება ადამიანი, რომელიც „ყოველთვის გულისხმიერებით ეკიდება მას, ვინც დახმარებას საჭიროებს“. იეჰოვას აშკარად სურს, ვიცოდეთ, რომ ის თავის თაყვანისმცემლებზე მოსიყვარულე მშობელივით ზრუნავს და მთელი გულით ეხმარება მათ (ფსალმუნი 103:8, 13).

შემდეგ იეჰოვა საკუთარ თავზე ამბობს, რომ „რისხვაში ნელია“ (მუხლი 6). ის უცბად არ ურისხდება თავის მიწიერ მსახურებს. იეჰოვა ითმენს მათ შეცდომებს და დროს აძლევს იმისათვის, რომ მიატოვონ ცოდვილ გზაზე სიარული (2 პეტრე 3:9).

ღმერთი დასძენს, რომ ის არის „უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (მუხლი 6). სიკეთე ანუ ერთგული სიყვარული ის ძვირფასი თვისებაა, რითაც იეჰოვამ მტკიცე კავშირი შეკრა თავის ხალხთან (კანონი 7:9). იეჰოვა ჭეშმარიტების წყაროც არის. ის არც არასდროს ტყუვდება და არც არავის ატყუებს. ვინაიდან, ის არის „ჭეშმარიტების ღმერთი“, შეგვიძლია ყველა მის სიტყვას ვერწმუნოთ, მათ შორის მომავალთან დაკავშირებულ მის დაპირებებს (ფსალმუნი 31:5).

იეჰოვას ჩვენთვის იმის თქმაც უნდა, რომ ის „პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“ (მუხლი 7). ის ‘მზად არის აპატიოს’ მომნანიე ცოდვილს (ფსალმუნი 86:5). მეორე მხრივ, იეჰოვა არასდროს ხუჭავს თვალს ბოროტებაზე და „დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს“ (მუხლი 7). წმინდა და სამართლიანი ღმერთი განზრახ შემცოდველებს დაუსჯელს არ დატოვებს. ადრე თუ გვიან ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ბოროტებაზე.

ის, რაც იეჰოვამ საკუთარ თავზე გაგვიმჟღავნა, აშკარად მოწმობს იმაზე, რომ მას სურს, ვიცნობდეთ, ვიცოდეთ მისი თვისებები და განზრახვები. ნუთუ ამის გაგების შემდეგ არ უნდა გაგვიჩნდეს ღვთის უკეთ გაცნობის სურვილი?!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მოსეს პირდაპირი გაგებით არ უხილავს იეჰოვა, რადგან არც ერთ მოკვდავს არ შეუძლია იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს (გამოსვლა 33:20). როგორც ჩანს, იეჰოვამ მოსეს ხილვაში თავისი დიდება აჩვენა და მას ანგელოზის მეშვეობით დაელაპარაკა.