არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილს გადავურჩი

არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილს გადავურჩი

არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილს გადავურჩი

მოგვითხრო ჯოზეფ ჰიზიგერმა

„რას კითხულობ?“ — ვკითხე ერთ-ერთ პატიმარს. „ბიბლიას“, — მიპასუხა მან და დასძინა: „თუ გინდა, ერთი კვირის ულუფა პურში გაგიცვლი“.

დავიბადე 1914 წლის 1 მარტს მოზელში, რომელიც იმ დროს გერმანიას ეკუთვნოდა. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს მოზელი საფრანგეთს დაუბრუნდა, 1940 წელს კი გერმანიამ კვლავ მოახდინა მისი ანექსია. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს ისევ საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა. ასე რომ, ხან გერმანელი ვიყავი და ხან — ფრანგი; ფრანგულადაც ვლაპარაკობდი და გერმანულადაც.

ჩემი მშობლები თავგამოდებული კათოლიკები იყვნენ. ძილის წინ მთელი ოჯახი მუხლებზე ვდგებოდით და ვლოცულობდით. კვირაობით და სახალხო დღესასწაულებზე ეკლესიაში მივდიოდი. მე კათოლიკეთა შემსწავლელი ჯგუფის წევრი ვიყავი და რელიგიას სერიოზულად ვეკიდებოდი.

აქტიურად ვიწყებ იეჰოვას მოწმეებთან თანამშრომლობას

1935 წელს ჩემს მშობლებთან იეჰოვას მოწმეები მივიდნენ. მათ იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ჩაერია რელიგია პირველ მსოფლიო ომში. ამ საუბრის შემდეგ ბიბლიით უფრო დავინტერესდი და 1936 წელს მღვდელს ვთხოვე, ჩემთვის ბიბლია მოეცა. როგორც მითხრა, ბიბლია რომ გამეგო, თეოლოგიური განათლება უნდა მქონოდა. მისმა პასუხმა ამ წიგნის წაკითხვის სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერა.

1937 წლის იანვარში ჩემმა თანამშრომელმა ალბინ რელევიცმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ბიბლიაზე დამიწყო საუბარი. ვკითხე, ჰქონდა თუ არა ბიბლია. მან თავისი ბიბლია (Elberfelder, გერმანული თარგმანი) გადამიშალა და ღვთის სახელი, იეჰოვა, მიჩვენა, შემდეგ დახურა და გამომიწოდა. დიდი ინტერესით დავიწყე ბიბლიის კითხვა და იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე დასწრება ახლომდებარე ქალაქ ტიონვილში.

1937 წელს ალბინთან ერთად პარიზში იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესს დავესწარი. კარდაკარ საქადაგოდ პირველად პარიზში გავედი. მალე მოვინათლე. 1939 წლის დასაწყისში პიონერად (სრული დროით მქადაგებელი) დავიწყე მსახურება, რის შემდეგაც მალე ქალაქ მეცში გამაგზავნეს. ამავე წლის ივლისში იეჰოვას მოწმეთა პარიზის ფილიალში მიმიწვიეს.

ომის ქარცეცხლში

ბეთელში დიდხანს ვერ ვიმსახურე, რადგან 1939 წლის აგვისტოში საფრანგეთის ჯარში გამიწვიეს. ცხადია, ომში არ წავიდოდი, ამიტომ დამაპატიმრეს. მომდევნო წლის მაისში ჯერ კიდევ ციხეში ვიყავი, როცა გერმანია თავს დაესხა საფრანგეთს. ივნისში გერმანიამ საფრანგეთი დაამარცხა. მე კვლავ გერმანელი გავხდი. 1940 წლის ივლისში ციხიდან გამათავისუფლეს და მშობლებთან დავბრუნდი.

ფაშისტური რეჟიმის დროს ბიბლიის შესასწავლად ფარულად ვიკრიბებოდით. „საგუშაგო კოშკი“ ერთ გაბედულ ქრისტიან მანდილოსანს მარიზ ანასიაკს მოჰქონდა ჩვენთვის, რომელსაც ერთი ძმის პურის მაღაზიაში ვხვდებოდი. 1941 წლამდე ნაცისტებისგან სერიოზულ პრობლემებს არ შევხვედრილვარ.

ერთ დღესაც გესტაპო დამადგა თავზე. ოფიცერმა მითხრა, რომ მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აკრძალული იყო და მკითხა, დავთმობდი თუ არ ჩემს რწმენას, რაზეც უარი ვუთხარი. მან მიბრძანა, თან გავყოლოდი. შიშისგან დედაჩემს გული წაუვიდა. ამის დანახვაზე ოფიცერმა მითხრა, დავრჩენილიყავი და დედისთვის მიმეხედა.

ერთ დღეს, ქარხანაში, სადაც ვმუშაობდი, უფროსს არ მივესალმე სიტყვებით „ჰაილ ჰიტლერ!“ და უარი ვთქვი ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანებაზეც. მეორე დღეს გესტაპომ დამაპატიმრა. დაკითხვების დროს თანამორწმუნეების სახელები არ გავამხილე. გაბრაზებულმა გამომძიებელმა რევოლვერი ჩამარტყა თავში, გონება დავკარგე. 1942 წლის 11 სექტემბერს ქალაქ მეცის სპეციალურმა სასამართლომ (Sondergericht) სამი წლით პატიმრობა მომისაჯა. ბრალად მედებოდა „იეჰოვას მოწმეთა და ბიბლიის მკვლევართა ორგანიზაციისთვის პროპაგანდის გაწევა“.

ორი კვირის შემდეგ მეცის ციხიდან წამიყვანეს, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ცვაიბრიუკენის შრომა-გასწორების ბანაკში აღმოვჩნდი, სადაც ლიანდაგების შემკეთებელთა ბრიგადაში გამამწესეს. რელსებს ვცვლიდით და ხრეშს ვასწორებდით ლიანდაგის ხაზზე. ჩვენს დილის რაციონში შედიოდა ფინჯანი ყავა, 75 გრამი პური, შუადღით და საღამოს კი — თითო ჯამი წვნიანი. მოგვიანებით გადამიყვანეს ახლომდებარე ქალაქის ციხეში, სადაც მეწაღედ ვმუშაობდი. რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ ცვაიბრიუკენის ბანაკში დამაბრუნეს, სადაც ყანებში მამუშავებდნენ.

არა პურითა ერთითა

ციხის საკანში ჩემთან ერთად ჰოლანდიელი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. მის ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე და როგორღაც ჩემი მრწამსი გავაგებინე. ის გაეცნო ჭეშმარიტებას, დაუახლოვდა იეჰოვას და მთხოვა, მდინარეში მომენათლა. წყლიდან რომ ამოვიდა, გადამეხვია და მითხრა: „ჯოზეფ, ახლა უკვე შენი ძმა ვარ!“ მალე კვლავ რკინიგზაზე სამუშაოდ გამაგზავნეს და ერთმანეთს დაგვაშორეს.

ამჯერად საკანში გერმანელთან მოვხვდი. ერთ საღამოს შევნიშნე, რომ ის ბიბლიას კითხულობდა. სწორედ მაშინ შემომთავაზა ერთი კვირის ულუფა პურში ბიბლიის გაცვლა და მეც დავეთანხმე. თუმცა მთელი კვირა უპუროდ ყოფნა ადვილი არ იყო, არასოდეს მინანია, პური ბიბლიაში რომ გავცვალე. სწორედ მაშინ დავრწმუნდი იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

ბიბლია კი მქონდა, მაგრამ მისი დაკარგვის საფრთხე ყოველთვის არსებობდა. ციხეში ბიბლიის ქონა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ეკრძალებოდათ. ამიტომ ღამით ჩუმად ვკითხულობდი და საბნის ქვეშ ვმალავდი, დღისით კი უბით დამქონდა. საკანში ვერ ვტოვებდი, რადგან ჩხრეკის დროს შეიძლება ეპოვათ.

ერთხელ ციხეში სიის ამოკითხვისას გამახსენდა, რომ ბიბლია საკანში დამრჩა. სამუშაო დღის ბოლოს დაუყოვნებლივ საკნისკენ გავეშურე, მაგრამ ბიბლია იქ აღარ დამხვდა. ვილოცე და მცველთან მივედი. ვუთხარი, რომ ბიბლია დავკარგე და მისი დაბრუნება მსურდა. ჩემდა გასაოცრად, ბიბლია მალე დავიბრუნე, რის გამოც მთელი გულით ვუხდიდი იეჰოვას მადლობას.

ერთხელ აბანოში ტანსაცმელს რომ ვიხდიდი, ბიბლია ფრთხილად დავაგდე იატაკზე. როცა დავრწმუნდი, რომ მცველი არ მიყურებდა, ნელ-ნელა ფეხით გავაცურე საშხაპისკენ და იქვე ახლოს დავმალე. საშხაპედან რომ გამოვედი, ისევ ფეხით გამოვაცურე იქიდან და სუფთა ტანსაცმლის ქვეშ შევაცურე.

სიხარული და იმედგაცრუება

1943 წლის ერთ დილას, როდესაც პატიმრები ციხის ეზოში ჩაგვამწკრივეს, უეცრად ალბინს მოვკარი თვალი. ისიც დაეპატიმრებინათ. მან შემომხედა და ძმობის ნიშნად გულზე ხელი დაიდო. შემდეგ მანიშნა, რომ წერილს მომწერდა. მეორე დღეს გვერდით რომ ჩამიარა ქაღალდის ნაგლეჯი გადმომიგდო. სამწუხაროდ, მცველმა დაგვინახა; მე და ალბინი ორი კვირით კარცერში ჩაგვყარეს. მხოლოდ გამხმარ პურსა და წყალს გვაძლევდნენ, ღამით კი ფიცრებზე საბნის გარეშე გვეძინა.

ამის შემდეგ ზიგბურგის ციხეში გადამიყვანეს, სადაც ლითონის საამქროში მამუშავებდნენ. ძალიან მძიმე სამუშაო გვქონდა და საკვებსაც ძალიან ცოტას გვაძლევდნენ. ღამღამობით ნამცხვრები და ხილი მესიზმრებოდა და გაღვიძებულს შიმშილისგან კუჭი მეწვოდა. ისე გავხდი, რომ ლანდი გამდიოდა. მაგრამ ბიბლიას ყოველდღე მაინც ვკითხულობდი და სიცოცხლის ხალისს არ ვკარგავდი.

ნანატრი თავისუფლება

1945 წლის აპრილის ერთ დილას მცველები ციხიდან გაიქცნენ და ჭიშკრები ღია დატოვეს. ნანატრი თავისუფლების დღე დამიდგა, თუმცა ისე ვიყავი დასუსტებული, რომ გარკვეული დროით საავადმყოფოში მომიწია ყოფნა. მაისის ბოლოს მშობლებთან ჩავედი. მათ ჩემი ნახვის იმედი გადაწურული ჰქონდათ. ჩემ დანახვაზე დედამ სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა. სამწუხაროდ, მშობლები მალე დამეღუპნენ.

ტიონვილის კრებას დავუბრუნდი. და-ძმები დიდი სიხარულით შევხვდით ერთმანეთს. ძალიან გავმხნევდი, როცა გავიგე, რომ ისინი არაერთი განსაცდელის მიუხედავად ერთგულები დარჩნენ. ჩემი ძვირფასი მეგობარი ალბინი რეგენსბურგში (გერმანია) გარდაიცვალა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ბიძაშვილი ჟან ჰიზიგერიც იეჰოვას მოწმე გამხდარიყო და ომში წასვლაზე უარის თქმის გამო სიკვდილით დაესაჯათ, ხოლო ჟან ქერეს, რომელთანაც ერთად იეჰოვას მოწმეთა პარიზის ფილიალში ვმსახურობდი, ხუთი წელი გერმანიის შრომა-გასწორების ბანაკში გაეტარებინა. *

ქალაქ მეცში დავბრუნდი და ისევ ქადაგებას შევუდექი. იმ დროს ხშირი ურთიერთობა მქონდა მინზანების ოჯახთან. მათი ქალიშვილი, თინა 1946 წლის 2 ნოემბერს მოინათლა. მას ძალიან უყვარდა ქადაგება; მე მისით მოვიხიბლე. ჩვენ 1947 წლის 13 დეკემბერს დავქორწინდით. 1967 წლის სექტემბერში თინამ სრული დროით ქადაგება დაიწყო. ის 2003 წლის ივნისში 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. თინას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია სრული დროით ქადაგება. უმისობას ძალიან განვიცდი.

დღეს 90 წელს გადაცილებული ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღვთის სიტყვა ყოველთვის მაძლევდა ძალას ნებისმიერი განსაცდელის გადასატანად. იყო დრო, როცა ცარიელი კუჭით ვიძინებდი, სამაგიეროდ ჩემი გონება და გული ყოველთვის სავსე იყო სულიერი საზრდოთი. იეჰოვა მაძლიერებდა, მისმა „სიტყვამ სიცოცხლე შემინარჩუნა“ (ფსალმუნი 119:50).

[სქოლიო]

^ აბზ. 27 ჟან ქერეს ბიოგრაფია იხილეთ 1989 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 22—26 [ინგლ.].

[სურათი 21 გვერდზე]

ჩემი ძვირფასი მეგობარი ალბინ რელევიცი

[სურათი 21 გვერდზე]

მარიზ ანასიაკი

[სურათი 22 გვერდზე]

მთელი კვირის პურის ულუფა ამ ბიბლიაში გავცვალე

[სურათი 23 გვერდზე]

მე და ჩემი ცოლი თინა ქორწინებამდე, 1946 წელი

[სურათი 23 გვერდზე]

ჟან ქერე მეუღლესთან, ტატიკასთან ერთად