როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი?
რას ვსწავლობთ იესოსგან?
როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი?
იესო ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისთვის და თავის მიმდევრებსაც ურჩევდა, იგივე გაეკეთებინათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ერთხელ იესო ლოცულობდა და როცა ლოცვა დაასრულა, ერთ-ერთმა მოწაფემ უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ . . . მან უთხრა მათ: „ასე ილოცეთ: მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (ლუკა 5:16; 11:1, 2). იესოს ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ლოცვით მხოლოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ, რადგან ის არის ჩვენი შემოქმედი და „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2).
ისმენს ღმერთი ყველა ლოცვას?
ღმერთს არ მოსწონს გაზეპირებული ლოცვების გამეორება. იესომ თქვა: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7). ზეციერ მამას გულიდან გამომდინარე სიტყვებით უნდა მივმართოთ. ერთხელ იესომ თავის მიმდევრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გულწრფელად მომნანიებელი ცოდვილი ადამიანის ლოცვები უფრო მისაღებია ღვთისთვის, ვიდრე ამაყი ადამიანის ლოცვები, რომელიც ზედმიწევნით იცავს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს (ლუკა 18:10—14). თუ გვსურს, ჩვენი ლოცვებიც შეისმინოს ღმერთმა, თავმდაბლად უნდა ვასრულებდეთ მის ნებას. იესოც ასე იქცეოდა. მან თქვა: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ . . . ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:28, 29). ლოცვაში იესომ ღმერთს უთხრა: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42).
რის შესახებ უნდა ვილოცოთ?
კაცობრიობის დასაწყისში ღვთის სახელი შეურაცხყვეს, ამიტომ იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“» (მათე 6:9, 10). ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ მოვიდეს ღვთის სამეფო, ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მეშვეობითაც ღმერთი შეასრულებს თავის ნებას როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. იესომ თქვა, რომ შეგვიძლია „დღეისთვის სამყოფი პურისთვისაც“ ვილოცოთ. აგრეთვე შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვეხმაროს სამუშაოს შოვნასა და თავშესაფრის პოვნაში, მოგვცეს ჯანმრთელობა და ყოველივე აუცილებელი. გარდა ამისა, ღმერთს პატიებაც უნდა ვთხოვოთ (ლუკა 11:3, 4).
უნდა ვილოცოთ სხვებისთვის?
იესო სხვებისთვისაც ლოცულობდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ხელები დაედო მათთვის და ელოცა“ (მათე 19:13). მოციქულ პეტრეს იესომ უთხრა: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს“ (ლუკა 22:32). იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, ელოცათ თავიანთი შეურაცხმყოფელებისა და მდევნელებისთვის (მათე 5:44; ლუკა 6:28).
რატომ უნდა ვილოცოთ გამუდმებით?
იესო დროს გამოყოფდა ლოცვისთვის და თავის მიმდევრებსაც ეუბნებოდა, ‘ყოველთვის ელოცათ და სულით არ დაცემულიყვნენ’ (ლუკა 18:1). იეჰოვა მოგვიწოდებს, გამოვავლინოთ მისადმი ნდობა და არაერთხელ მივმართოთ ლოცვით იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს. „ითხოვეთ და მოგეცემათ“, — თქვა იესომ. ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვა მოვალეობის მოხდის მიზნით პასუხობს მათ ლოცვას, ვისაც უყვარს ზეციერი მამა. პირიქით, იესომ თქვა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:5—13).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თავი 17 *
[სქოლიო]
^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ