იწონებს ღმერთი თაყვანისმცემლობის ყველა ფორმას?
იწონებს ღმერთი თაყვანისმცემლობის ყველა ფორმას?
გავრცელებული შეხედულება:
▪ „ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ“.
▪ „მთავარია გულწრფელად გწამდეს და მნიშვნელობა არა აქვს, რას იწამებ“.
რას ამბობდა იესო?
▪ „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). იესო არ ასწავლიდა, რომ ყველა გზას ღმერთთან მივყავართ.
▪ «ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:22, 23). იესო არ თვლის თავის მიმდევრად ყველას, ვინც აცხადებს, რომ მისი სწამს.
მრავალი რელიგიის მიმდევარი ღრმად მორწმუნეა და ტრადიციებს ერთგულად იცავს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ მათი რელიგია არ ასწავლის იმას, რაც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია ჩაწერილი? იესომ რელიგიურ წინამძღოლებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ღვთისთვის მიუღებელია ადამიანთა წეს-ჩვეულებების მიყოლა. მან თქვა: „თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“. შემდეგ იესომ ციტატა მოიყვანა ღვთის სიტყვიდან: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“ (მათე 15:1—9; ესაია 29:13).
რწმენას თან საქმეებიც უნდა ახლდეს. ზოგიერთ მათგანზე, ვინც აცხადებს, რომ ღმერთს ემსახურება, ბიბლიაში ნათქვამია: „ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას“ (ტიტე 1:16). დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ისინი არიან „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ასეთებს ზურგი ვაქციოთ (2 ტიმოთე 3:4, 5).
ადამიანს ღმერთი შეიძლება გულწრფელად სწამდეს, მაგრამ მას სათანადო სახით არ სცემდეს თაყვანს. ამიტომ გულწრფელობა საკმარისი არ არის. საჭიროა ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღება (რომაელები 10:2, 3). თუ გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, საჭიროა ღვთის შესახებ ცოდნა შევიძინოთ და ბიბლიური მითითებების თანახმად ვიცხოვროთ (მათე 7:21). ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს გულის სწორი მოტივები აქვთ, სწამთ ის, რაც ღვთისთვისაა მისაღები, და ყოველდღე ღვთის ნების თანახმად ცხოვრობენ (1 იოანე 2:17).
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ღვთის შესახებ ბიბლიიდან, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც უსასყიდლოდ დაგეხმარებიან ბიბლიის შესწავლაში.
[ჩანართი 9 გვერდზე]
ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს გულის სწორი მოტივები აქვთ, სწამთ ის, რაც ღვთისთვისაა მისაღები, და ღვთის ნების თანახმად ცხოვრობენ