თქვენც გულითადად გიწვევენ
თქვენც გულითადად გიწვევენ
ალბათ, ჩაგივლიათ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზთან და გიფიქრიათ: „ნეტავ, რა ხდება ამ შენობაში?“. იცოდით, რომ იეჰოვას მოწმეების ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია? იქ ყველას გულთბილად იწვევენ.
მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვები: რატომ იკრიბებიან იეჰოვას მოწმეები ერთად? რა ხდება მათ შეხვედრებზე? რას ამბობენ მათი შეხვედრების შესახებ ისინი, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები?
„შეკრიბე ხალხი“
ძველი დროიდან მოყოლებული ხალხი ერთად იკრიბებოდა ღვთის თაყვანსაცემად და მისი მცნებების შესასწავლად. თითქმის 3 500 წლის წინათ ღმერთმა უთხრა ისრაელებს: „შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები, ბავშვები და შენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრები ხიზნები, რათა მოისმინონ და ისწავლონ, ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა“ (კანონი 31:12). ამგვარად, ისრაელში დიდსა თუ პატარას თაყვანი უნდა ეცა იეჰოვასთვის და მისდამი მორჩილება უნდა ესწავლა.
საუკუნეების შემდეგ ქრისტიანული კრება დაფუძნდა და ერთად შეკრება კვლავაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი“ (ებრაელები 10:24, 25). როგორც ოჯახის წევრების ურთიერთობას განამტკიცებს დროის ერთად გატარება, ისე ქრისტიანების სიყვარულს განამტკიცებს ღვთის თაყვანსაცემად შეკრება.
იეჰოვას მოწმეები კვირაში ორჯერ იკრიბებიან სამეფო დარბაზებში. ამას ბიბლიური საფუძველი აქვს. ასეთი შეხვედრები დამსწრეებს ეხმარება, გაიგონ ბიბლიური პრინციპები, დააფასონ ისინი და ცხოვრებაში გამოიყენონ. რამდენადაც შესაძლებელია, მთელ მსოფლიოში კრებები ერთი და იმავე პროგრამას მიჰყვებიან. თითოეული შეხვედრა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეხვედრის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ დამსწრეები ‘ერთმანეთს ამხნევებენ’ (რომაელები 1:12). როგორ ტარდება თითოეული შეხვედრა?
ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენება
პირველ შეხვედრაზე წარმოითქმება ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება. ეს შეხვედრა, ჩვეულებრივ, შაბათ-კვირას ტარდება და დამსწრეთა დიდი რაოდენობით გამოირჩევა. იესო ქრისტე ხშირად მსჯელობდა სხვადასხვა საკითხზე საჯაროდ, მაგალითად მთაზე ქადაგებისას (მათე 5:1; 7:28, 29). პავლე მოციქული ათენში მრავალი მსმენელის წინაშე ქადაგებდა (საქმეები 17:22—34). მსგავსად ამისა, იეჰოვას მოწმეების საჯარო შეხვედრებზე მოხსენებები განკუთვნილია ყველანაირი მსმენელისთვის, მათ შორის პირველად დამსწრეთათვის.
შეხვედრა იწყება სიმღერით წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“. * ყველას, ვისაც სურს, შეუძლია წამოდგეს და სხვებთან ერთად იმღეროს სიმღერა. მოკლე ლოცვის შემდეგ მომხსენებელი წარმოთქვამს ბიბლიაზე დაფუძნებულ 30-წუთიან მოხსენებას (იხილეთ ჩარჩო „საჯარო მოხსენებები“). ბიბლიური მუხლების ამოკითხვამდე მომხსენებელი სთხოვს აუდიტორიას, თვალი ადევნონ შესაბამის მუხლებს. ამიტომ კარგი იქნება შეხვედრაზე თან გქონდეთ ბიბლია. თუ არა გაქვთ, შეხვედრის დაწყებამდე შეგიძლიათ რომელიმე მოწმეს ერთი ეგზემპლარი სთხოვოთ.
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა
საჯარო მოხსენების შემდეგ, ჩვეულებრივ, იწყება „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა. ეს არის საქმეები 17:11).
რომელიმე ბიბლიური საკითხის ერთსაათიანი განხილვა კითხვა-პასუხებით. ამ შეხვედრაზე დამსწრეები მიჰყვებიან პავლეს დროს მცხოვრები ბერეელების მაგალითს, რომლებმაც „გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და . . . გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ („საგუშაგო კოშკის“ შესწავლაც სიმღერით იწყება. განსახილველი სტატია და თანდართული კითხვები, რომლებსაც ჩამტარებელი დასვამს, მოცემულია „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემაში. ეს ჟურნალი შეგიძლიათ რომელიმე იეჰოვას მოწმეს გამოართვათ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი სტატიები: „მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!“, „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ და „მალე ყველანაირ ტანჯვას ბოლო მოეღება!“. სტატიის შესწავლა აუდიტორიასთან კითხვა-პასუხებით ხდება. განხილვაში დამსწრეები ნებაყოფლობით მონაწილეობენ. ჩვეულებრივ, კომენტარებს ისინი აკეთებენ, ვისაც უკვე წაკითხული აქვს სტატია და მითითებული ბიბლიური მუხლები და ნაფიქრი აქვს მათზე. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა სიმღერითა და ლოცვით მთავრდება (მათე 26:30; ეფესოელები 5:19).
კრების ბიბლიის შესწავლა
იეჰოვას მოწმეები კიდევ ერთ დღეს იკრიბებიან სამეფო დარბაზში სამნაწილიანი პროგრამის მოსასმენად, რომელიც მთლიანობაში საათი და 45 წუთი გრძელდება. პირველ ნაწილს, კრების ბიბლიის შესწავლას, 25 წუთი ეთმობა. ეს შეხვედრა დამსწრეებს ეხმარება, გულდასმით შეისწავლონ ბიბლია, სწორი აზროვნება განივითარონ და უკეთ მიჰბაძონ ქრისტეს (2 ტიმოთე 3:16, 17). „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის მსგავსად, ბიბლიური საკითხების განხილვა ამ შეხვედრაზეც კითხვა-პასუხებით ხდება. დამსწრეები დასმულ შეკითხვებს სურვილისამებრ პასუხობენ. ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაცია იეჰოვას მოწმეების მიერაა გამოცემული და, ჩვეულებრივ, ეს არის წიგნი ან ბროშურა.
რატომ გამოიყენება ამ შეხვედრაზე ბიბლიური ლიტერატურა? ბიბლიურ დროში ღვთის სიტყვის მხოლოდ წაკითხვა არ იყო საკმარისი. „თან ხსნიდნენ [მას], განმარტავდნენ და ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ“ (ნეემია 8:8). გასულ წლებში ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ბიბლიის წიგნები „ესაია“, „დანიელი“ და „გამოცხადება“, რაც დამსწრეებს ამ წინასწარმეტყველებების გაგებაში დაეხმარა.
თეოკრატიული მსახურების სკოლა
კრების ბიბლიის შესწავლის შემდეგ იწყება თეოკრატიული მსახურების სკოლა. ეს 30-წუთიანი შეხვედრა ქრისტიანებს „სწავლების ხელოვნების“ გაუმჯობესებაში ეხმარება (2 ტიმოთე 4:2). მაგალითად, დაუსვამთ თქვენთვის შვილს ან მეგობარს ღვთისა თუ ბიბლიის შესახებ კითხვა, რომელზეც ამომწურავი პასუხის გაცემა გაგჭირვებიათ? თეოკრატიული მსახურების სკოლაში ისწავლით, ბიბლიის გამოყენებით როგორ უპასუხოთ რთულ შეკითხვებს. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ წინასწარმეტყველ ესაიას, რომელმაც თქვა: „უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მომცა სწავლულთა ენა, რათა ვიცოდე, როგორი სიტყვით ვუპასუხო დაღლილს“ (ესაია 50:4).
თეოკრატიული მსახურების სკოლა იწყება მოხსენებით. ეს მოხსენება დაფუძნებულია ბიბლიის მონაკვეთზე, რომელიც აუდიტორიას ბოლო ერთი კვირის მანძილზე უნდა წაეკითხა. რამდენიმეწუთიანი მოხსენების შემდეგ მომხსენებელი აუდიტორიას სთხოვს, აღნიშნული მონაკვეთიდან გააკეთონ მოკლე, პრაქტიკული კომენტარები. ამის შემდეგ, თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერილი მოსწავლეები თავიანთ დავალებებს წარმოადგენენ.
მოსწავლეებისთვის მიცემულ დავალებებში შედის სცენიდან ბიბლიის რომელიმე ადგილის წაკითხვა ან იმის ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება ვინმესთვის ამა თუ იმ ბიბლიური საკითხის ახსნა. თითოეული დავალების შემდეგ გამოცდილი მრჩეველი „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ წიგნზე დაფუძნებით შეაქებს მოსწავლეებს. მოგვიანებით მან შეიძლება ცალკე მისცეს რჩევა მოსწავლეს, თუ რა მხრივ სჭირდება გაუმჯობესება.
პროგრამის ეს ნაწილი მოსწავლეების გარდა მსმენელებსაც ეხმარება კითხვის, საუბრისა და სწავლების ხელოვნების გაუმჯობესებაში. თეოკრატიული მსახურების სკოლა მთავრდება იმ კვირაში ბიბლიის განსახილველ მონაკვეთზე დაფუძნებული სიმღერით და იწყება სამსახურებრივი შეხვედრა.
სამსახურებრივი შეხვედრა
პროგრამის ბოლო ნაწილია სამსახურებრივი შეხვედრა. მოხსენებების, ინსცენირებების, ინტერვიუებისა და აუდიტორიასთან ერთად მსჯელობის მეშვეობით ამ შეხვედრაზე დამსწრეები ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის ეფექტურად გადაცემას სწავლობენ. საქადაგებლად გაგზავნამდე იესომ მოწაფეებს კონკრეტული მითითებები მისცა (ლუკა 10:1—16). მოწაფეები კარგად იყვნენ მომზადებულნი სამქადაგებლო საქმისთვის, ამიტომ მრავალი საინტერესო შემთხვევა ჰქონდათ. მოგვიანებით ისინი დაბრუნდნენ და ყველაფერი უამბეს იესოს (ლუკა 10:17). მოწაფეები ხშირად უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ შემთხვევებს (საქმეები 4:23; 15:4).
სამსახურებრივი შეხვედრის 35-წუთიანი პროგრამის გეგმა მოცემულია ყოველთვიურ გამოცემაში, რომელსაც „ჩვენი სამეფო მსახურება“ ეწოდება. რამდენიმე ხნის წინ მასში განიხილებოდა შემდეგი საკითხები: „მთელი ოჯახით თაყვანი ეცით იეჰოვას!“ „რატომ ვაკითხავთ ადამიანებს სახლში კვლავ და კვლავ?“ და „მიჰბაძე ქრისტეს მსახურებაში“. პროგრამა მთავრდება სიმღერით და ლოცვით. ლოცვას კრების ერთ-ერთი წევრი წარმოთქვამს.
რას ამბობენ შეხვედრების შესახებ სტუმრები?
კრების წევრები ცდილობენ, რომ შეხვედრებზე მოსულ სტუმრებს გულთბილად შეხვდნენ. მაგალითად, ენდრიუს ბევრი არასწორი ინფორმაცია ჰქონდა მოსმენილი იეჰოვას მოწმეებზე. მაგრამ, როდესაც პირველად შეხვედრას დაესწრო, მოწმეების გულთბილმა მიღებამ გააოცა. ენდრიუ ამბობს: „ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. გაოცებული დავრჩი მათი მეგობრული ურთიერთობით. მოწმეებმა დიდი ყურადღება გამოავლინეს ჩემ მიმართ“. კანადაში მცხოვრები ახალგაზრდა ეშლი ამავე აზრისაა. ის ამბობს: „შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. სიამოვნებით მოვისმინე მთელი პროგრამა“.
ბრაზილიელ ხოსეს სამეზობლოში აგრესიულ პიროვნებად იცნობდნენ. მოწმეებმა ის სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე დაპატიჟეს. „კრებაში თბილად მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, როგორი სახელი მქონდა“, — თქვა ხოსემ. იაპონელი ათსუში იხსენებს: „გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც იეჰოვას მოწმეების შეხვედრას პირველად დავესწარი, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მოწმეები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, ჩემთვის მეგობრული ატმოსფერო შეექმნათ“.
თქვენც გულითადად გიწვევენ
ზემოთ მოყვანილი კომენტარები გვიჩვენებს, რომ სამეფო დარბაზში იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება თქვენთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. ამ შეხვედრებზე ღვთის შესახებ ბევრ რამეს ისწავლით. იქ მოსმენილი ბიბლიური მითითებების მეშვეობით იეჰოვა ღმერთი თქვენდა ‘სასიკეთოდ გასწავლით’ (ესაია 48:17).
იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია. იქ შესაწირავების შეგროვება არ ხდება. იეჰოვას მოწმეები გულითადად გიწვევენ, დაესწროთ მათ შეხვედრებს თქვენს სახლთან ახლოს მდებარე სამეფო დარბაზში!
[სქოლიო]
^ აბზ. 10 ამ სტატიაში მოხსენიებული ყველა პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
საჯარო მოხსენებები
ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენებები 170-ზე მეტ საკითხს განიხილავს, მათ შორისაა:
▪ აქვს მნიშვნელობა, ევოლუციის გწამს თუ შემოქმედების?
▪ ღვთის თვალსაზრისი სქესობრივ ცხოვრებასა და ქორწინებაზე
▪ დედამიწის მომსპობებს ღვთის სასჯელი არ ასცდებათ
▪ როგორ გავართვათ თავი ცხოვრებისეულ საზრუნავს?
▪ სულ ეს არის ცხოვრება?
[სურათი 21 გვერდზე]
ბიბლიაზე დაფუძნებული საჯარო მოხსენება
[სურათი 21 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა
[სურათები 22 გვერდზე]
კრების ბიბლიის შესწავლა
[სურათი 22 გვერდზე]
თეოკრატიული მსახურების სკოლა
[სურათი 23 გვერდზე]
სამსახურებრივი შეხვედრა