ბიბლიას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია
ბიბლიას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია
რამ აღძრა ძვირფასეულობით უკანონოდ მოვაჭრე ქურდი ქალი, პატიოსანი მშრომელი გამხდარიყო? რა დაეხმარა სიცოცხლის აზრის პოვნაში ერთ ქალს, რომელმაც ორჯერ სცადა თავის მოკვლა? როგორ შეძლო ერთმა მამაკაცმა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მონობისგან თავის დაღწევა? ვნახოთ, რას გვიამბობენ ისინი.
ზოგადი მონაცემები
სახელი, გვარი: მარგარეტ დე ბეირნი
ასაკი: 45 წელი
ქვეყანა: ბოტსვანა
წარსულში: კონტრაბანდისტი და ქურდი
მოკლე ბიოგრაფია: მამა წარმოშობით გერმანელი იყო, მაგრამ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში (ახლანდელი ნამიბია) გადავიდა საცხოვრებლად და მოქალაქეობა მიიღო. დედა ბოტსვანაში დაიბადა, ის მანგოლოგას ტომიდან იყო. მე გობაბისში (ნამიბია) დავიბადე.
1970-იან წლებში სამხრეთ აფრიკის მთავრობამ ნამიბიის სოფლებსა და ქალაქებში დააწესა აპართეიდი (არაევროპელი მოსახლეობის დისკრიმინაციის ფორმა). რამდენადაც სხვადასხვა ეროვნების მშობლები მყავდა, ისინი იძულებული გახდნენ, დაშორებულიყვნენ. ასე რომ, დედასთან ერთად მე და ჩემი და-ძმები განზიში (ბოტსვანა) გადავედით საცხოვრებლად.
1979 წელს ლობაცეში (ბოტსვანა) გადავედი, სადაც ერთმა ოჯახმა შემიკედლა. მათთან სკოლის დამთავრებამდე ვცხოვრობდი. მოგვიანებით ავტომობილების სახელოსნოში დავიწყე მუშაობა. ბავშვობიდანვე ვფიქრობდი, რომ ღმერთი არ ზრუნავდა ხალხზე, ამიტომ ადამიანს საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად შეეძლო ყველაფერი ეკეთებინა — კარგიც და ცუდიც.
სამუშაოზე სათადარიგო ნაწილებს ვიპარავდი. აგრეთვე მე და ჩემი მეგობრები ვაგზალზე ჩამომდგარ ღამის მატარებელში ავდიოდით და ვიპარავდით ყველაფერს, რაც ხელში მოგვხვდებოდა. გარდა ამისა, კონტრაბანდული გზით ქვეყნიდან ბრილიანტი, ოქრო და ბრინჯაო გამქონდა. დავიწყე ნარკოტიკების გამოყენება, ძალიან აგრესიული გავხდი და ბევრი საყვარელი მყავდა.
1993 წელს ქურდობაზე წამასწრეს და სამუშაოდან გამომაგდეს. ჩემმა ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა მიმატოვეს, რადგან დაჭერის ეშინოდათ. მათმა საქციელმა გული მატკინა და გადავწყვიტე, აღარავის მივნდობოდი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1994 წელს ტიმსა და ვირჯინიას შევხვდი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ და მისიონერებად მსახურობდნენ. ჩემს ახალ სამსახურში ისინი ბიბლიას მასწავლიდნენ შესვენების დროს. თანდათანობით მათდამი ნდობა განმივითარდა და ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად სახლში მივიწვიე.
მალევე მივხვდი, თუ მინდოდა, ღვთისთვის მესიამოვნებინა, ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. 1 კორინთელების 6:9, 10-ში წავიკითხე, რომ „ვერც მეძავები . . . ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“. თანდათანობით ცუდი ჩვევები მივატოვე. ქურდობას თავი დავანებე და ურთიერთობა გავწყვიტე ბანდიტებთან, რომელთა გვერდითაც გავიზარდე. იეჰოვას დახმარებით ძალები მოვიკრიბე და ყველა საყვარელს დავშორდი.
კურთხევები: როგორც იქნა შევძელი ემოციების გაკონტროლება და როცა ჩემი შვილები რამეს აშავებენ, აღარ ვუყვირი (ეფესოელები 4:31). ვცდილობ, ყოველთვის მშვიდად ვისაუბრო. შედეგად, ჩვენი ოჯახი უფრო მტკიცეა და ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.
ძველი მეგობრები და მეზობლები უკვე სანდო ადამიანად მთვლიან. პატიოსანი, კეთილსინდისიერი და მუყაითი მშრომელი გავხდი და შემოსავალს გონივრულად ვიყენებ. ეს შესაძლებლობას მაძლევს, რომ სხვებთან ბიბლიის შესახებ საუბარს დიდი დრო დავუთმო. მთელი გულით ვეთანხმები იგავების 10:22-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“.
ზოგადი მონაცემები
სახელი, გვარი: გლორია ელიზარარას დე ჩოპერანა
ასაკი: 37 წელი
ქვეყანა: მექსიკა
წარსულში: ორჯერ სცადა თავის მოკვლა
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე მეხიკოს ერთ-ერთ მდიდარ რაიონში, ნაუკალპანში. მოზარდობიდანვე მოჯანყე სული მქონდა და ქეიფი მიყვარდა. 12 წლისამ სმა დავიწყე, 14 წლისამ — მოწევა, ხოლო 16 წლის უკვე ნარკოტიკებს ვიღებდი. რამდენიმე წლის შემდეგ სახლიდან წავედი. ჩემი მეგობრების უმრავლესობა ისეთ ოჯახებში იზრდებოდა, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვეულებრივი იყო. ჩემი ცხოვრება იმდენად უიმედო ჩანდა, რომ ორჯერ ვცადე თავის მოკვლა.
19 წლისა მოდელი გავხდი და ცნობილ პოლიტიკოსებთან და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან მქონდა ურთიერთობა. შემდეგ გავთხოვდი და შვილები მეყოლა. ოჯახში გადაწყვეტილებებს მე ვიღებდი. მოწევისა და სმისთვის თავი არ დამინებებია. აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი. ვულგარულად ვსაუბრობდი და უხამსი ხუმრობები მიყვარდა. ძალიან ცუდი ხასიათი მქონდა.
უმრავლესობა, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა, ჩემნაირი ცხოვრებით ცხოვრობდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი მქონდა. მაგრამ უმიზნოდ ვცხოვრობდი და სიცარიელეს ვგრძნობდი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 1998 წელს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ბიბლიიდან გავიგე, რომ ცხოვრებას ნამდვილად
აქვს აზრი. ისიც გავიგე, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, მკვდრები აღდგებიან და სამოთხისებურ პირობებში მეც შემეძლება ცხოვრება.ბიბლიიდან ვისწავლე, რომ ღვთისადმი სიყვარულის გამოსავლენად მისი მცნებების დაცვაა საჭირო (1 იოანე 5:3). თავიდან მორჩილების გამოვლენა გამიჭირდა, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ბოლოს, როგორც იქნა მივხვდი, რომ ცხოვრება ღვთისგან დამოუკიდებლად არ უნდა წარმემართა (იერემია 10:23). იეჰოვას ხელმძღვანელობას ვთხოვდი და ვევედრებოდი, დამხმარებოდა ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრებასა და შვილებისთვის იმის სწავლებაში, რომ ჩემი შეცდომები არ გაემეორებინათ.
ჩემთვის რთული იყო ცვლილებების მოხდენა, მაგრამ თანდათანობით დავიწყე ეფესოელების 4:22—24-ში ჩაწერილი რჩევის გამოყენება: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია . . . და შეიმოსეთ ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’. ახალი პიროვნებით შემოსვა ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ უნდა მიმეტოვებინა ცუდი ჩვევები — თავი უნდა დამენებებინა მოწევისთვის და უხამს ლაპარაკს უნდა გადავჩვეოდი. თითქმის სამი წელი დამჭირდა, რომ საჭირო ცვლილებები მომეხდინა, მოვნათლულიყავი და იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი.
გარდა ამისა, ვცდილობდი, ვყოფილიყავი კარგი დედა და მეუღლე და გამეთვალისწინებინა 1 პეტრეს 3:1, 2-ში ჩაწერილი რჩევა: „თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“.
კურთხევები: ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რადგან ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა. ვფიქრობ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდი და კარგად შემიძლია შვილების აღზრდა. დროდადრო გული მსჯავრს მდებს წარსულში ჩადენილი საქმეებისთვის, მაგრამ მიხარია, რომ იეჰოვა ხედავს ჩემს გულს (1 იოანე 3:19, 20). უდავოა, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება ბევრი რამისგან მიცავს და შინაგან სიმშვიდეს მანიჭებს.
ზოგადი მონაცემები
სახელი, გვარი: ჯეილსონ კორეია დი ოლივეირა
ასაკი: 33 წელი
ქვეყანა: ბრაზილია
წარსულში: ლოთი და ნარკომანი
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ბრაზილიის ქალაქ ბაჟეში, რომელიც ურუგვაის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ქალაქში დაახლოებით 100 000 მოსახლე ცხოვრობს. ჩვეულებრივ, აქ ხალხი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევს. მე ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც ბევრი კრიმინალური დაჯგუფება იყო. ახალგაზრდებში ფართოდ იყო გავრცელებული ნარკომანია და ლოთობა.
სკოლის დატოვების შემდეგ უზომოდ ვსვამდი, მარიხუანას ვეწეოდი და ჰევი-მეტალს ვუსმენდი. ღმერთი არ მწამდა. ტანჯვა-წამებისა და ქაოსის შემხედვარე ვფიქრობდი, რომ ღმერთი არ არსებობდა.
გიტარისტი ვიყავი და სიმღერებს ვწერდი. ბიბლიის წიგნ „გამოცხადებას“ ვკითხულობდი, რაც ხშირად სიმღერების დასაწერად ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. ჩვენმა მუსიკალურმა ჯგუფმა ისეთ წარმატებას ვერ მიაღწია, როგორსაც მოველოდი, ამიტომ უფრო და უფრო მივეძალე ნარკოტიკებს. ისიც კი არ მადარდებდა, რომ დიდ დოზას შეიძლებოდა მოვეკალი. მრავალ მომღერალს, ვისაც ვაღმერთებდი, სწორედ ნარკოტიკებმა მოუსწრაფა სიცოცხლე.
ნარკოტიკებისთვის ფულს გამზრდელ ბებიას ვთხოვდი, თუმცა არასდროს ვეუბნებოდი, რისთვის მჭირდებოდა. უფრო ცუდი კი ის იყო, რომ ოკულტიზმის მიმდევარი გავხდი. შავი მაგიითაც დავინტერესდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემს მუსიკალურ შემოქმედებას გაამდიდრებდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებისა და კრების შეხვედრებზე დასწრების შემდეგ აზროვნება თანდათანობით შევიცვალე. იმის სურვილი გამიჩნდა, რომ აზრიანად მეცხოვრა და ბედნიერი ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, გრძელი თმა შემეჭრა, რომელსაც იმიტომ ვატარებდი, რომ უკმაყოფილება და დაუმორჩილებლობა გამომეხატა. მივხვდი, რომ ღვთისმოსაწონად ცხოვრება თუ მსურდა, ზედმეტი სმისთვის, ნარკოტიკებისა და მოწევისთვის თავი უნდა დამენებებინა. გარდა ამისა, ზოგიერთი სახის მუსიკისთვის აღარ უნდა მომესმინა.
პირველად, როდესაც იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დავესწარი, ჩემი ყურადღება კედელზე გაკრულმა ბიბლიურმა მუხლმა მიიპყრო. ეს მუხლი აღებული იყო იგავების 3:5, 6-დან, სადაც წერია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. ამ მუხლმა დამარწმუნა, რომ იეჰოვა დამეხმარებოდა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
ღრმად გამჯდარი ჩვევების მიტოვება ჩემთვის ისეთივე რთული იყო, როგორც საკუთარი „ხელის მოჭრა“ (მათე 18:8, 9). ვიცოდი, რომ ამ ჩვევების თანდათანობით დაძლევას ვერ შევძლებდი. ამიტომ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოვიშორე. აგრეთვე ვერიდებოდი ისეთ ადგილებს, რომლებიც შეიძლებოდა ჩემთვის საცდური გამხდარიყო, და იმ ნაცნობებთან ურთიერთობას, ვინც ძველი ცხოვრებისკენ მიბიძგებდა.
ვცდილობდი, კმაყოფილი ვყოფილიყავი იმ სასიკეთო ცვლილებებით, რომლებსაც ყოველდღე ვახდენდი, და ხელი არ ჩამექნია, თუ რაიმე სისუსტე დამძლევდა. ვიცოდი, რომ ფიზიკურად, მორალურად და სულიერად თუ წმინდა ვიქნებოდი, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა მექნებოდა. ლოცვაში დახმარებას ვთხოვდი ღმერთს, რომ წარსულ ცხოვრებაზე აღარ მეფიქრა და მზერა მომავლისკენ მქონოდა მიპყრობილი. ზოგჯერ ძველ ჩვევებს ვუბრუნდებოდი. მაგრამ მაინც განვაგრძობდი ბიბლიის შესწავლას, რომლის დროსაც ნაბახუსევიც კი ვყოფილვარ.
ბიბლიიდან ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგებამ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა. წმინდა წერილებიდან გავიგე, რომ ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს და მალე ის ცრუ რელიგიას გაანადგურებს; ჩემთვის იმასაც მოეფინა ნათელი, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ღმერთი ხელმძღვანელობს (მათე 7:21—23; 24:14; 1 პეტრე 5:6, 7). ამ ყოველივეს ცოდნამ ჩემზე დიდად იმოქმედა. გადავწყვიტე, ღვთისთვის მიმეძღვნა თავი. მსურდა, მადლიერება გამომეხატა ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
კურთხევები: დღეს უკვე მიზანმიმართულად და აზრიანად ვცხოვრობ (ეკლესიასტე 12:13). ახლა ოჯახს აღარ ვაწევარ ტვირთად, პირიქით, ვეხმარები კიდეც მათ. ბიბლიიდან ნასწავლი ბებიას გავუზიარე და მან თავი მიუძღვნა იეჰოვას. ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრიც იეჰოვას მოწმე გახდა. აგრეთვე იეჰოვას მსახური გახდა იმ მუსიკალური ჯგუფიდან ერთ-ერთი, ვისთან ერთადაც ვუკრავდი.
დღეს მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს ვუთმობთ სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას. ბედნიერი ვარ, რომ ‘იეჰოვაზე მთელი გულით მინდობა’ ვისწავლე.
[ჩანართი 29 გვერდზე]
„თანდათანობით იმის სურვილი გამიჩნდა, რომ აზრიანად მეცხოვრა და ბედნიერი ვყოფილიყავი“