ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ
ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ კაცობრიობას „მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დაუდგებოდა. ამ პერიოდს ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5; 2 პეტრე 3:3—7). იესო ქრისტე იმავე დროზე საუბრობდა, როდესაც თავისი მოწაფეების მიერ „ქვეყნიერების აღსასრულის“ შესახებ დასმულ კითხვას პასუხობდა (მათე 24:3). ვცხოვრობთ ჩვენ ახლა ბოლო დღეებში? ბიბლიური წინასწარმეტყველებები შეადარეთ ქვემოთ მოყვანილ მონაცემებს და შემდეგ თავადვე გაეცით პასუხი ამ კითხვას.
ბიბლიური წინასწარმეტყველება: გლობალური კონფლიქტები (ლუკა 21:10; გამოცხადება 6:4).
ბოლოდროინდელი მონაცემები: „მე-20 საუკუნეში ომების გამო სამჯერ მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ყველა იმ ომში, რომლებიც გასული ოცი საუკუნის განმავლობაში მოხდა“ (უორლდუოჩის ინსტიტუტი).
ბიბლიური წინასწარმეტყველება: საკვების უკმარისობა და დაავადებები (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:5—8).
ბოლოდროინდელი მონაცემები: ერთი გამოთვლის თანახმად 2004 წელს დედამიწაზე 863 მილიონი ადამიანი საკვების უკმარისობას განიცდიდა. ეს რიცხვი 7 მილიონით აღემატება 2003 წლის მონაცემებს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია).
დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ღარიბ რაიონებში, სადაც ძალიან მძიმე პირობებია; 2,6 მილიარდს ელემენტარული სანიტარული პირობები არა აქვს; 1,1 მილიარდ ადამიანს სასმელად ვარგის წყალზე არ მიუწვდება ხელი (უორლდუოჩის ინსტიტუტი).
500 მილიონი ადამიანი დაავადებულია მალარიით; 40 მილიონი აივ-ის მატარებელია ან შიდს-ითაა დაავადებული; 2005 წელს ტუბერკულოზმა 1,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია).
ბიბლიური წინასწარმეტყველება: ეკოლოგიური პრობლემები (გამოცხადება 11:18).
ბოლოდროინდელი მონაცემები: „ადამიანის საქმიანობამ გადაშენების პირას მიიყვანა
ცხოველებისა თუ მცენარეების ესა თუ ის ჯიში“. „ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი ბუნებრივი პროცესებიდან, რომლებიც პლანეტაზე მიმდინარეობს, თითქმის ორი მესამედი სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას“ („Millennium Ecosystem Assessment“).„ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილმა სათბურის აირებმა დედამიწის კლიმატი კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, რაც ჩვენს პლანეტას საფრთხეს უქმნის“ (კოსმოსური კვლევის გოდარდის ინსტიტუტი, ნასა).
ბიბლიური წინასწარმეტყველება: მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:14; გამოცხადება 14:6, 7).
ბოლოდროინდელი მონაცემები: 2007 წელს იეჰოვას მოწმეებმა, რომელთა რიცხვმა 6 957 854-ს მიაღწია, 236 ქვეყანაში 1,4 მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას („იეჰოვას მოწმეების 2008 წლის წელიწდეული“).
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იმ ცუდი მოვლენების მიუხედავად, რაც დღეს ხდება, არსებობს იმედის საფუძველი. იესო ღვთის სამეფოს შესახებ „სასიხარულო ცნობას“ ქადაგებდა. რა არის ღვთის სამეფო? რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ერთადერთი იმედია? რას გააკეთებს ეს სამეფო პირადად თქვენთვის?
[ჩანართი 5 გვერდზე]
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ჩვენ თვალწინ ხდება