სასიკეთო ცნობის მოყვარეობა
სასიკეთო ცნობის მოყვარეობა
„კაცს კითხვების დასმა სჩვევია. კითხვებს დაბადებიდან ვსვამთ . . . შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორია დასმული კითხვებისა და გაცემული პასუხების ისტორიაა“ (ოქტავიო პაზი, მექსიკელი პოეტი).
რა აღძრავს, მზარეულს, ახალი კერძი მოიგონოს? რატომ მიდიან მკვლევარები შორეულ ქვეყნებში? რატომ არ ელევათ ბავშვებს კითხვები? ხშირად მიზეზი ცნობისმოყვარეობაა.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? აღგიძრავთ ცნობისმოყვარეობას ახალი აზრი ან საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი? მაგალითად, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე? რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას? არსებობს ღმერთი? ბავშვობიდან მრავალ ჩვენგანს სწორედ ცნობისმოყვარეობამ დაასმევინა ასეთი კითხვები, და პასუხებიც მიაღებინა. როდესაც რაღაც გვაინტერესებს, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, ცნობისმოყვარეობას შეიძლება ბევრი კარგი შედეგი მოჰყვეს, მაგრამ მას პრობლემების შექმნა და უბედურების მოტანაც კი შეუძლია.
საჭიროა სიფრთხილე და გაწონასწორებულობა
მრავალს სმენია ანდაზა: „ბევრი გეცოდინება და მალე დაბერდებიო“. ასე რომ, ცნობისმოყვარეობას კონტროლი სჭირდება, რადგან გაუკონტროლებელმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება არაერთი პრობლემა შეგვიქმნას. მაგალითად, ცნობისმოყვარეობის გამო ბავშვმა შეიძლება ცხელ ღუმელს დაადოს ხელი, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება. მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობა აღგვძრავს, გავიღრმავოთ ცოდნა და საინტერესო კითხვებზე პასუხები მივიღოთ. მაგრამ გონივრულია ნებისმიერი ინტერესის დაკმაყოფილება?
ცხადია, არსებობს ისეთი რამ, რისი ცოდნაც სასურველი არ არის, რადგან ასეთი ცოდნა ზიანის მომტანია. რომელიმე ექსტრემისტთა ჯგუფის ან სექტის სწავლებებისადმი, პორნოგრაფიისა და ოკულტიზმისადმი ინტერესმა შეიძლება დიდი საფრთხე შეგვიქმნას. ამ და სხვა საკითხებში, კარგია მივბაძოთ ებრაელ ფსალმუნმომღერალს, რომელიც ლოცულობდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37).
არსებობს საკითხები, რომელთა ცოდნაც საზიანო არ არის, მაგრამ არაფრის მომცემია. მაგალითად, რა სარგებლობა მოაქვს იმას, რომ ვიცოდეთ კინოვარსკვლავების ან სხვა ცნობილ ადამიანთა პირადი ცხოვრების დეტალები; ყველაფერი ვიცოდეთ ყველა სპორტული გუნდისა და ნებისმიერი მოთამაშის ან ტექნიკისა და მანქანების უახლესი მოდელების შესახებ? უმრავლესობისთვის მსგავს ინფორმაციას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.
დადებითი მაგალითები
ცნობისმოყვარეობას დადებითი შედეგებიც მოაქვს. განვიხილოთ XIX საუკუნის გერმანელი ბუნებისმეტყველისა და მკვლევარის ალექსანდერ ჰუმბოლდტის შემთხვევა, რომლის პატივსაცემადაც მისი სახელი ეწოდა სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ერთ დინებას.
ერთხელ ჰუმბოლდტმა თქვა: „ბავშვობიდან იმ შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის დიდი სურვილი მქონდა, სადაც ევროპელები იშვიათად დადიოდნენ“. სამოგზაუროდ წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც „დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ
მოსვენება დაუკარგა“. 29 წლის ასაკში მან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურა; ექსპედიცია 5 წელს გაგრძელდა და მოგროვებულმა მასალებმა მას 30 ტომიანი ნაშრომი დააწერინა.ჰუმბოლდტს ყველაფერი აინტერესებდა — ოკეანის ტემპერატურა, მასში მობინადრე თევზები და ნებისმიერი მცენარე, რომელსაც გზად გადაეყრებოდა. ის ადიოდა მთებზე, იკვლევდა მდინარეებს და სერავდა ოკეანეებს. ჰუმბოლდტის კვლევებმა თანამედროვე მეცნიერების რამდენიმე დარგს ჩაუყარა საფუძველი. ყველაფერი კი მისი ცნობისმოყვარეობიდან და ცოდნის მიღების დაუცხრომელი სურვილიდან დაიწყო, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განელებია. ამერიკელმა ესეისტმა რალფ უოლდო ემერსონმა თქვა, რომ „ჰუმბოლდტი იმ ერთ-ერთი მოაზროვნეთაგანი იყო . . . რომლისნაირებიც იშვიათად იბადებიან და თითქოს იმისთვის, რომ ადამიანის გონების შესაძლებლობები დაგვანახვონ“.
რის გამოკვლევაც ღირს
ცხადია, არც ისე ბევრ ჩვენგანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის მკვლევარი იყოს ან მეცნიერების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მაგრამ არსებობს ისეთი ცოდნა, რომლის მიღებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია და, რომელიც უდიდეს ჯილდოს მოგვიტანს. იესო ქრისტემ სწორედ ეს ცოდნა მოიხსენია ზეციერი მამისადმი ლოცვაში: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ ცოდნის მიღება ცნობისმოყვარე კაცს ისეთ სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის, რომლის მსგავსსაც ვერსად მოისმენს. გაიხსენეთ ამ სტატიის დასაწყისში სიცოცხლის შესახებ დასმული კითხვები. არანაკლებ მნიშვნელოვანია კითხვები: რატომ არის მსოფლიოში ამდენი ტანჯვა-წამება? გაანადგურებენ დედამიწას ადამიანები? და რას გააკეთებს ღმერთი დედამიწის გადასარჩენად? ამ კითხვებზე პასუხების მიღება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება როდია. როგორც იესომ აღნიშნა, ეს „მარადიულ სიცოცხლეს“ მოგვიტანს. რის საფუძველზე შეიძლება გვჯეროდეს ეს?
ბიბლია ღვთის შთაგონებული სიტყვაა. მის შესახებ ქრისტიანი მოციქული პავლე წერდა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
დაფიქრდით, მოციქულმა თქვა, რომ ბიბლია იძლევა ცოდნას, რომელიც ყოველმხრივ გვამზადებს ნებისმიერი კარგი საქმისათვის. ის გვეხმარება, ყველაფერს ღვთის თვალით ვუყუროთ. ღვთის ცოდნა და სიბრძნე კი ბევრად აღემატება ნებისმიერი ადამიანის ცოდნასა და სიბრძნეს. ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას პირით თქვა: „თქვენი აზრები ჩემი აზრები არ არის, არც თქვენი გზებია ჩემი გზები, — ამბობს იეჰოვა. — როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ესაია 55:8, 9).
გსურთ გაეცნოთ ღვთის აღმატებულ გზებსა და აზრებს? აღგძრავთ ცნობისმოყვარეობა, გაიგოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა, ბიბლია, ღვთის გზებისა და აზრების შესახებ? გსურთ, გაიგოთ რას გააკეთებს ღმერთი ყოველგვარი ტანჯვა-წამების აღმოსაფხვრელად და რა სიკეთე აქვს შემონახული მორჩილი კაცობრიობისთვის? ბიბლია მოგიწოდებთ: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“ (ფსალმუნი 34:8).
ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას ისეთივე ძლიერი გავლენა აქვს გულწრფელი ადამიანის გულზე, როგორიც სინათლეს — მის პირველად დამნახავზე. მოციქულმა პავლემ თქვა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33). ცხადია, ვერასოდეს ჩავწვდებით ბოლომდე ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმეს; ამ მხრივ ყოველთვის გვექნება რაღაც ახლის აღმოჩენის შესაძლებლობა.
ნუ ჩაკლავთ თქვენში ამ თვისებას!
მართალია, ბევრი ჩვენგანი ვერასოდეს გახდება ცნობილი მკვლევარი ან მეცნიერი, არც მთელი სიცოცხლე გვეყოფა იმისათვის, რომ გავიგოთ ყველაფერი, რის გაგებაც გვინდა, მაგრამ მაინც, ნუ ჩაკლავთ თქვენში ცნობისმოყვარეობას. ყოველთვის დაიკმაყოფილეთ ცოდნის წყურვილი; ცოდნის მიღებისკენ ლტოლვა ხომ ღმერთმა ჩადო ჩვენში.
გამოიყენეთ ღვთის მიერ ბოძებული ეს ძღვენი და ჩასწვდით, რას გვეუბნება ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვა, ბიბლია. თუ ამგვარად მოიქცევით, დღეს თქვენი ცხოვრება მეტ აზრს შეიძენს და უფრო ბედნიერი იქნებით, მომავალში კი ცოდნის მარადიულად გაღრმავების შესაძლებლობა გექნებათ. „მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე, — ნათქვამია ბიბლიაში. — მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლესიასტე 3:11).
[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]
იცოდით რომ
• სანამ კოლუმბი და მაგელანი იტყოდნენ, საუკუნეებით ადრე ბიბლიაში ნათქვამი იყო, რომ დედამიწა ბრტყელი კი არა, მრგვალია (ესაია 40:22).
• სანამ ასტრონომები ნახავდნენ, რომ დედამიწას საყრდენი არა აქვს, ბიბლიაში ნათქვამი იყო, რომ ის არაფერზე ჰკიდია (იობი 26:7).
• ინგლისელი ექიმის უილიამ ჰარვეის მიერ სისხლის მიმოქცევის სისტემის აღმოჩენამდე, სულ მცირე, 2 500 წლის წინათ ბიბლიაში აღნიშნული იყო რომ გულშია სიცოცხლის წყარო (იგავები 4:23).
• ბიბლიაში დაახლოებით 3 000 წლის წინათ მარტივი სიტყვებით ჩაიწერა წყლის წრებრუნვის, როგორც ეკოსისტემის ნაწილის, შესახებ, რისი წყალობითაც შესაძლებელია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა (ეკლესიასტე 1:7).
განა გასაკვირი არ არის, რომ ეს მეცნიერული ფაქტები ბიბლიაში იმაზე დიდი ხნით ადრე იყო მოხსენიებული, ვიდრე ადამიანები აღმოაჩენდნენ მათ? ამ წიგნში ძალიან ძვირფასი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განძის პოვნა შეგიძლიათ.
[სურათი 19 გვერდზე]
ალენქსანდერ ჰუმბოლდტი