იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
რატომ შეშინდა პონტიუს პილატე, როდესაც გაიგო, რომ იესოს ბრალი საკუთარი თავის „ღვთის ძედ“ გამოცხადებაში ედებოდა? (იოანე 19:7).
რომის სენატმა იულიუს კეისარი სიკვდილის შემდეგ ღმერთად შერაცხა. ამიტომ მისი შვილობილი და მემკვიდრე ოქტავიანე „დივი ფილიუსად“, ანუ „ღვთის ძედ“, გამოაცხადეს. მას შემდეგ ამ ტიტულს რომაელები მხოლოდ იმპერატორებს ანიჭებდნენ. ამას ადასტურებს რომაულ სამსხვერპლოებზე, ტაძრებზე, სტატუებსა თუ მონეტებზე გაკეთებული წარწერები. როდესაც იუდეველებმა იესოს საკუთარი თავის „ღვთის ძედ“ გამოცხადებაში დასდეს ბრალი, ფაქტობრივად, სახელმწიფო ტიტულის მითვისებაში დაადანაშაულეს; ეს კი სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი იყო.
იესოს გასამართლების დროს „დივი ფილიუსის“ ტიტულს ტიბერიუსი ატარებდა. ეს იმპერატორი ცნობილი იყო იმით, რომ სიკვდილით სჯიდა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მტრად ჩათვლიდა. ასე რომ, როდესაც იუდეველებმა პილატეს უთხრეს, რომ იესოსთვის ბრალის არ დადება კეისრისადმი ორგულობაში ჩაეთვლებოდა, ამ რომაელ მმართველს „უფრო შეეშინდა“. საბოლოოდ, პილატემ ვერ გაუძლო იუდეველთა ზეწოლას და იესოს სიკვდილით დასჯა ბრძანა (იოანე 19:8, 12—16).
რატომ იწინასწარმეტყველა ზაქარიამ ტვიროსის განადგურება მაშინ, როცა ბაბილონელებმა ის დიდი ხნით ადრე გაანადგურეს?
ძველი ტვიროსი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა და, ფაქტობრივად, ერთი კი არა, ორი ქალაქი იყო. ერთი კონტინენტზე მდებარეობდა, ხოლო მეორე — კუნძულზე.
იყო დრო, როდესაც ტვიროსელები ისრაელებთან მეგობრობდნენ. მაგრამ მოგვიანებით ტვიროსი გამდიდრდა და იეჰოვა ღმერთს აუმხედრდა; ტვიროსელები იეჰოვას ხალხს ოქრო-ვერცხლს ჰპარავდნენ და ღვთის ხალხს მონებად ჰყიდდნენ (იოელი 3:4—6). ამიტომ იეჰოვამ მათ განაჩენი გამოუტანა. თავისი წინასწარმეტყველების პირით იეჰოვამ თქვა, რომ ტვიროსს ბაბილონელი მეფე ნაბუქოდონოსორი გაანადგურებდა, რაც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ მოხდა (ესაია 23:13, 14; იერემია 27:2—7; ეზეკიელი 28:1—19).
დამარცხებულმა ტვიროსელებმა თავიანთ ქონებას მოჰკიდეს ხელი და კუნძულზე მდებარე ქალაქში გაქცევით უშველეს თავს. ბაბილონელებმა კონტინენტზე მდებარე ქალაქი მიწასთან გაასწორეს. დაახლოებით 100 წლის შემდეგ იეჰოვამ ტვიროსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი თავის წინასწარმეტყველ ზაქარიას ათქმევინა: „აი, იეჰოვა განდევნის მას და ზღვაში დასცემს მის ჯარს, ცეცხლით შთაინთქმება ის“ (ზაქარია 9:3, 4).
ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა კუნძულზე მდებარე ტვიროსი გაანადგურა, რითაც ზაქარიას ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. ქალაქის ასაღებად ალექსანდრემ კონტინენტზე მდებარე ქალაქის ნანგრევებიდან აიღო ხის მასალა და ქვები, ისინი ზღვაში ჩაყარა და კუნძულთან მისასვლელი 800 მეტრიანი მიწაყრილი გააკეთა. ესეც ნაწინასწარმეტყველები იყო ეზეკიელის მიერ (ეზეკიელი 26:4, 12).
[სურათი 27 გვერდზე]
„ალყაშემორტყმული ტვიროსი“
[საავტორო უფლება]
Drawing by Andre Castaigne (1898-1899)