ღვთის სასჯელია სტიქიური უბედურებები?
მკითხველები გვეკითხებიან
ღვთის სასჯელია სტიქიური უბედურებები?
ღმერთი არ იწვევს სტიქიურ უბედურებებს და ამით არ სჯის ადამიანებს. მას არასდროს გაუკეთებია ასეთი რამ და არც არასოდეს გააკეთებს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ „ღმერთი სიყვარულია“, როგორც ნათქვამია 1 იოანეს 4:8-ში.
სიყვარული ღვთისგან მომდინარეობს და ის ყველა მის მოქმედებაში აირეკლება. სიყვარული უდანაშაულო ადამიანს ზიანს არ აყენებს, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს“ (რომაელები 13:10). ბიბლიაში, იობის 34:12-ში ვკითხულობთ: „არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით“.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად ბოლო დღეებში იქნებოდა სტიქიური უბედურებები, მაგალითად „დიდი მიწისძვრები“ (ლუკა 21:11). მაგრამ იეჰოვას არ მიუძღვის ბრალი ასეთი მოვლენებით გამოწვეულ უბედურებებში, ისევე როგორც მეტეოროლოგები არ არიან დამნაშავენი იმ ზარალში, რასაც განაპირობებს ტაიფუნის ამოვარდნა, რომლის შესახებაც ისინი წინასწარ აკეთებენ პროგნოზს. მაშ, თუ ღმერთი არ არის პასუხისმგებელი სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეულ ადამიანთა ტანჯვაში, რა არის ამ ყოველივეს მიზეზი?
„მთელი ქვეყნიერება ბოროტის [სატანა ეშმაკის] ხელშია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 5:19). კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან მოყოლებული, როცა სატანა ღვთის წინააღმდეგ წავიდა, ის დღემდე კაცისმკვლელია (იოანე 8:44). სატანა ადამიანთა სიცოცხლეს არაფრად მიიჩნევს. მას ეგოისტური მიზნები ამოძრავებს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მის მიერ ფორმირებული მსოფლიო ეგოიზმითაა გაჟღენთილი. დღევანდელ ქვეყნიერებაში ეგოისტი ადამიანები დაუცველ ხალხს ექსპლუატაციას უწევენ, რის გამოც მრავალი მათგანი იძულებულია დასახლდეს ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ალბათობაა, რომ სტიქიური ან ადამიანთა მიერ გამოწვეული უბედურებები მოხდეს (ეფესოელები 2:2; 1 იოანე 2:16). ამგვარად, ეგოისტი ადამიანები არიან პასუხისმგებლები იმ ზოგ უბედურებაში, რაც ადამიანებს თავს ატყდებათ (ეკლესიასტე 8:9). რატომ შეიძლება ამის თქმა?
უბედურებები, რომელთა რიცხვიც საოცრად დიდია, ნაწილობრივ ადამიანთა მიზეზებითაა განპირობებული. მოვიყვანოთ ორი შემთხვევა. მაგალითად, ახალ ორლეანს (აშშ) დიდი უბედურება დაატყდა თავს, როდესაც იქ ამოვარდა ქარიშხალი და მოხდა წყალდიდობა. აგრეთვე ვენესუელას მთიან სანაპიროზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც სახლები მიწასთან გაასწორა. ამ და სხვა შემთხვევებში, ბუნებრივმა მოვლენებმა, როგორიცაა ქარი და წვიმა, უბედურება გამოიწვია ძირითადად ადამიანთა მიზეზის გამო. ამ მიზეზებს შორისაა ის, რომ ადამიანებს ცოდნა არა აქვთ ბუნებრივი მოვლენების, გარემოსა თუ ეკოსისტემის შესახებ, ისინი უხარისხოდ აშენებენ, არაგეგმაზომიერად მოქმედებენ და ყურს არ უგდებენ გაფრთხილებებს. ამაში ასევე შედის ხელისუფლების ბიუროკრატიული შეცდომები.
მოვიყვანოთ ერთი უბედური შემთხვევა, რომელიც ბიბლიურ დროში მოხდა. დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს ერთი კოშკის უეცარმა ჩამონგრევამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ლუკა 13:4). ეს უბედური შემთხვევა შეიძლება განაპირობა ადამიანის მიერ დაშვებულმა შეცდომამ, „დრო და შემთხვევამ“ ან შესაძლოა ორივემ. როგორც უნდა ყოფილიყო, ეს ღვთის სასჯელი ნამდვილად არ იყო (ეკლესიასტე 9:11).
მომხდარა ოდესმე ღვთის განზრახვით ისეთი უბედურება, რასაც ადამიანთა განადგურება მოჰყოლია? დიახ, მაგრამ სტიქიური თუ ადამიანის მიზეზით გამოწვეული უბედურებებისგან განსხვავებით ღმერთი ამას კონკრეტული მიზნით აკეთებდა, ის წინასწარ საზღვრავდა, თუ ვინ განადგურდებოდა, და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდებოდა. ბიბლიაში ამის ორი მაგალითია მოყვანილი — პატრიარქ ნოეს დროს მომხდარი მსოფლიო წარღვნა და ლოტის დროს სოდომისა და გომორას განადგურება (დაბადება 6:7—9, 13; 18:20—32; 19:24). ღვთის ამ სასჯელის დროს განადგურდნენ მოუნანიებელი ბოროტი ადამიანები, ხოლო გადარჩნენ ისინი, ვინც ღვთის თვალში მართლები იყვნენ.
იეჰოვა ღმერთს აქვს იმის სურვილი და ძალა, რომ ბოლო მოუღოს ბოროტებას და შვება მოუტანოს მათ, ვინც სტიქიური უბედურებების გამო იტანჯება. ფსალმუნის 72:12-ში ღვთის მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს შესახებ ასეთი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს“.