არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ამიტომ მათ, ვისაც სურთ ბიბლიის წაკითხვა, თარგმანით უნდა ისარგებლონ.

დღეს ბიბლია მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. ბიბლიის ზოგიერთი ნაწილის წაკითხვა 2 400-ზე მეტ ენაზეა შესაძლებელი. ზოგ ენაზე ბიბლიის არაერთი თარგმანი არსებობს. თუ თქვენს ენაზეც გაკეთებულია რამდენიმე თარგმანი, ალბათ გსურთ, რომ მათგან საუკეთესო გამოიყენოთ.

გონივრული გადაწყვეტილება რომ მიიღოთ, საჭიროა, გაიგოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: ბიბლიის როგორი თარგმანები არსებობს? რით უპირატესობს ერთი თარგმანი მეორეზე? და რატომ გმართებთ სიფრთხილე, როცა ბიბლიის ზოგ თარგმანს კითხულობთ?

რადიკალურად განსხვავებული თარგმანები

სტილისტიკური თვალსაზრისით ბიბლიის მრავალი თარგმანი არსებობს, მაგრამ ისინი შეიძლება სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ. ამ კატეგორიებიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება სტრიქონობრივი თარგმანი. ასეთ თარგმანებში დედნისეულ ტექსტთან ერთად მოცემულია სიტყვასიტყვითი თარგმანი.

სიტყვასიტყვითი თარგმანისგან რადიკალურად განსხვავებულია თავისუფალი თარგმანი. მთარგმნელები, რომლებიც ბიბლიის ასეთ თარგმანზე მუშაობენ, ძალიან თავისუფლად უდგებიან ბიბლიის ცნობას და მას ისეთი სახით გადმოსცემენ, როგორც თავად ესმით, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთი თარგმანი უფრო დააინტერესებს მკითხველს.

მესამე კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი თარგმანები, რომლებსაც ამ ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, თარგმანებს შორის შუალედური ადგილი უკავია. ბიბლიის ასეთი თარგმანის მიზანი ისაა, რომ გადმოსცეს ის სული, რა სულშიც დაიწერა ესა თუ ის ტექსტი, და ამავე დროს იყოს აზრობრივად ზუსტი და ადვილად წასაკითხი.

საუკეთესოა სიტყვასიტყვითი თარგმანი?

მკაცრი სიზუსტით შესრულებული სიტყვასიტყვითი თარგმანი ხშირად საუკეთესოდ ვერ გადმოსცემს თითოეული ბიბლიური მუხლის აზრს. რატომ? რამდენიმე მიზეზის გამო. მოვიყვანოთ ორი მიზეზი:

1. არ არსებობს ერთნაირი გრამატიკის, ლექსიკისა და წინადადების წყობის მქონე ორი ენა. ებრაული ენის სპეციალისტი, პროფესორი ს. რ. დრაივერი ამბობს, რომ ენები „ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ გრამატიკისა და ეტიმოლოგიის თვალსაზრისით, არამედ . . . აზრების ერთ წინადადებად შერწყმის მანერითაც“. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები სხვადასხვანაირად აზროვნებენ. „ამის შედეგად, — განაგრძობს პროფესორი დრაივერი, — წინადადებების წყობა ყველა ენაში სხვადასხვაგვარია“.

რადგანაც არც ერთი ენის ლექსიკა და გრამატიკა არა ჰგავს იმ ებრაული და ბერძნული ენების ლექსიკასა და გრამატიკას, რომლებზეც ბიბლია დაიწერა, ბიბლიის სიტყვასიტყვითი თარგმანი გაუგებარი ან არასწორი აზრის მატარებელიც კი იქნებოდა. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

ეფესოელების მიმართ მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა გამოიყენა გამოთქმა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ადამიანთა კამათლები“ (ეფესოელები 4:14, „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“) *. ამ გამოთქმაში იგულისხმება კამათლებით ადამიანების მოტყუება. მაგრამ მრავალ ენაში ამ ალუზიის სიტყვასიტყვით გადმოტანა აზრს მოკლებულია. ამ გამოთქმის თარგმნა როგორც „ადამიანთა მზაკვრობა“ უფრო გამართლებულია, რადგან ეს ფრაზა უფრო გასაგებად გადმოსცემს აზრს.

რომაელებისადმი მიწერილ წერილში პავლემ გამოიყენა ბერძნული გამოთქმა, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულით ადუღებას“ (რომაელები 12:11, „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). ატარებს რაიმე აზრს ეს გამოთქმა თქვენს ენაში? ამ გამოთქმაში, ფაქტობრივად, იგულისხმება „სულით ანთება“.

ერთ-ერთი თავისი ყველაზე ცნობილი ქადაგებისას იესომ გამოიყენა გამოთქმა, რომელსაც ხშირად შემდეგნაირად თარგმნიან: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“ (მათე 5:3). მრავალ ენაზე ამ გამოთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი გაუგებარია. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში გამოთქმა „სულით ღარიბნი“ ისეთ აზრსაც კი ტოვებს, რომ მუხლში საუბარია ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ან დასუსტებულ და გაუბედავ ადამიანებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში იესო ასწავლიდა ხალხს იმას, რომ მათი ბედნიერება დამოკიდებული იყო არა მათი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ იმის გაცნობიერებაზე, რომ მათ ესაჭიროებოდათ ღვთის ხელმძღვანელობა (ლუკა 6:20). ამგვარად, ამ გამოთქმის გადმოცემა როგორც „სულიერს მოწყურებულნი“ ან „ისინი, ვისაც ესმით, რომ სჭირდებათ ღმერთთან ურთიერთობა“ („ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“), უფრო ზუსტად გადმოსცემს იესოს სიტყვების მნიშვნელობას (მათე 5:3).

2. სიტყვის ან გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რა კონტექსტში გამოიყენება. მაგალითად, ებრაული გამოთქმა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის ხელზე მიუთითებს, შეიძლება ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდეს. კონტექსტიდან გამომდინარე ეს სიტყვა, მაგალითად, შეიძლება ითარგმნოს როგორც „ბატონობა“, „ხელგაშლილობა“ ან „ძალა“ (2 სამუელი 8:3; 1 მეფეები 10:13; ფსალმუნი 63:10). ფაქტობრივად, ეს ერთი სიტყვა „ბიბლიის — ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ გამოცემაში 40-ზე მეტი სხვადასხვა სახით არის გადმოტანილი.

რამდენადაც კონტექსტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ სიტყვისა და გამოთქმის თარგმნაზე, ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დაახლოებით 5 500 ბერძნულ ტერმინს თითქმის 16 000 ტერმინით თარგმნის, ხოლო დაახლოებით 8 500 ებრაულ ტერმინს — 27 000-ზე მეტი ტერმინით *. რატომ გახდა საჭირო თარგმნის დროს ამდენი სიტყვის გამოყენება? მთარგმნელობითმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, სიტყვები აზრობრივად გადმოცემულიყო კონტექსტის მიხედვით, ვიდრე შესრულებულიყო სიტყვასიტყვითი თარგმანი. და მაინც, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად თარგმნის ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს.

ცხადია, ბიბლიის თარგმანი უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე დედნის ენიდან სიტყვების ყოველთვის ერთნაირად გადმოტანას. მთარგმნელებისგან გამჭრიახობა მოითხოვება, რათა სათანადო სიტყვები შეარჩიონ და დედნისეული ენიდან აზრები ზუსტად და გასაგებად გადმოიტანონ. ამასთანავე, მათ სიტყვები და წინადადებები თავიანთი ენის გრამატიკის წესების დაცვით უნდა შეაჯგუფონ.

რა შეიძლება ითქვას თავისუფალ თარგმანებზე?

მთარგმნელები, რომლებიც ბიბლიის თავისუფალ თარგმანებზე მუშაობენ, დედნისეულ ენაზე წარმოდგენილ ტექსტს საკმაოდ თავისუფლად უდგებიან. როგორ? ისინი საკუთარ აზრს უმატებენ იმას, რაც დედნის ტექსტშია ნათქვამი, ან ამ ტექსტიდან რაღაც ინფორმაციას იღებენ. თავისუფალი თარგმანი ზოგისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, რადგან ის ადვილი წასაკითხია. მაგრამ, მთარგმნელების ასეთი თავისუფალი მიდგომა ზოგჯერ ბუნდოვანს ხდის ან ცვლის დედნისეული ტექსტის მნიშვნელობას.

ვნახოთ, როგორ არის ნათარგმნი ბიბლიის ერთ-ერთ თავისუფალ თარგმანში იესოს ლოცვა: „ჩვენო ზეციერო მამა, გაგვიმჟღავნე ვინა ხარ“ (მათე 6:9, „ცნობა: ბიბლია თანამედროვე ენაზე“). იესოს ამ სიტყვების უფრო ზუსტი თარგმანი შემდეგნაირად ჟღერს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“. ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე, როგორ არის ნათარგმნი ზოგიერთ ბიბლიაში იოანეს 17:26. ერთი ასეთი თავისუფალი თარგმანის თანახმად იესომ დაპატიმრების ღამეს მამას ლოცვაში უთხრა: „ვამცნე მათ შენ შესახებ“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). მაგრამ, იესოს ლოცვის უფრო ზუსტი თარგმანი ამ სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ვამცნე მათ შენი სახელი“. ხედავთ, ფაქტობრივად, როგორ მალავს ზოგი მთარგმნელი იმ ფაქტს, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და რომელსაც პატივი უნდა მივაგოთ?

რატომ გვმართებს სიფრთხილე?

ზოგი თავისუფალი თარგმანი აბუნდოვნებს დედნის ტექსტში მოცემულ ზნეობრივ ნორმებს. მაგალითად, ბიბლიის ერთ ასეთ თარგმანში („ცნობა: ბიბლია თანამედროვე ენაზე“) 1 კორინთელების 6:9, 10-ში წერია: „ვერ ხვდებით, რომ ასე არ უნდა იცხოვროთ? უსამართლოები, რომლებსაც არ აინტერესებთ ღმერთი, ვერ შეუერთდებიან მას მის სამეფოში. ვინც იყენებს და ბოროტად იყენებს ერთმანეთს, იყენებს და ბოროტად იყენებს სექსს, იყენებს და ბოროტად იყენებს დედამიწას და ყველაფერს, რაც მასშია, არ ჩაითვლება ღვთის სამეფოს მოქალაქედ“.

შეადარეთ ეს მუხლები უფრო ზუსტ თარგმანს, რომელიც შესრულებულია ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“. ამ თარგმანში ვკითხულობთ: „როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“. ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე მოციქულის მიერ ჩამოთვლილი კონკრეტული მხარეები, რასაც უნდა მოვერიდოთ, თავისუფალ თარგმანში ნახსენებიც კი არ არის.

მთარგმნელის ნამუშევარზე გავლენა შეიძლება გარკვეულ მოძღვრებებზე წინასწარ შექმნილმა აზრმაც მოახდინოს. მაგალითად, „თანამედროვე ინგლისურ თარგმანში“ იესო თავის მიმდევრებს ეუბნება: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან ჯოჯოხეთის ჭიშკარი ფართოა და მისკენ მიმავალი გზაც ადვილია და მრავალი დადის ამ გზით“ (მათე 7:13). ამ მუხლში მთარგმნელებმა ჩაამატეს სიტყვა „ჯოჯოხეთი“ მიუხედავად იმისა, რომ მათეს სახარებაში გასაგებად წერია სიტყვა „დაღუპვა“. რატომ მოიქცნენ ასე მთარგმნელები? როგორც ჩანს, იმიტომ, რომ გაემართლებინათ ის აზრი, თითქოს ბოროტები კი არ ნადგურდებიან, არამედ მარადიულად იტანჯებიან *.

რომელია საუკეთესო თარგმანი?

ბიბლია იმ ენებზე დაიწერა, რომლებზეც ჩვეულებრივი ადამიანები — მიწათმოქმედები, მწყემსები და მეთევზეები — ყოველდღე ლაპარაკობდნენ (ნეემია 8:8, 12; საქმეები 4:13). ამიტომ, ბიბლიის კარგი თარგმანი ის არის, რომელიც მასში მოცემულ ცნობას ნებისმიერი წარმოშობის მქონე გულწრფელ ადამიანებს გასაგებად გადასცემს. კარგი თარგმანი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

◗ ზუსტად უნდა გადმოსცემდეს ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ცნობას (2 ტიმოთე 3:16).

◗ სიტყვასიტყვით უნდა იყოს ნათარგმნი, თუ დედნისეული ტექსტის სიტყვები და სტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას.

◗ სწორად უნდა გადმოსცემდეს სიტყვებსა თუ ფრაზებში ჩადებულ აზრს იმ შემთხვევაში, როცა სიტყვასიტყვითი თარგმანი აზრს ბუნდოვანს ხდის ან მას მნიშვნელობას უცვლის.

◗ დაწერილი უნდა იყოს ბუნებრივი და ადვილად გასაგები ენით, რათა მკითხველს სიამოვნებდეს მისი წაკითხვა.

არსებობს ასეთი თარგმანი? ამ ჟურნალის მილიონობით მკითხველი სიამოვნებით იყენებს „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ეთანხმებიან იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებითაც მთარგმნელობითმა კომიტეტმა შეასრულა ბიბლიის ეს თარგმანი. მათი მიდგომის შესახებ პირველი ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ჩვენ ბიბლიის თავისუფალ თარგმანს არ გთავაზობთ. ჩვენ ყველგან ვეცადეთ, შეძლებისდაგვარად გაგვეკეთებინა სიტყვასიტყვითი თარგმანი, სადაც კი თანამედროვე ინგლისური ენა გვაძლევდა ამის საშუალებას და სადაც სიტყვასიტყვითი თარგმანი დედნისეულ აზრს არ კარგავდა და არ აბუნდოვნებდა“.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 60-ზე მეტ ენაზეა გამოცემული. ამ თარგმანის საერთო ტირაჟი 145 000 000-ს აღემატება! თუ ეს თარგმანი თქვენს ენაზეც არის ხელმისაწვდომი, სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, რომ მოგიტანონ ეს წიგნი, და ნახეთ, რამდენად სასარგებლოა ბიბლიის ამ ზუსტი თარგმანის გამოყენება!

ბიბლიის გულწრფელ შემსწავლელებს სურთ, რომ ჩასწვდნენ ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ცნობას და მის შესაბამისად იმოქმედონ. თუ თქვენც გსურთ ასე მოიქცეთ, თქვენ ბიბლიის ზუსტი თარგმანი გჭირდებათ, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 სტრიქონობრივი თარგმანი მკითხველს საშუალებას აძლევს, დედნისეულ ტექსტთან ერთად ნახოს თითოეული სიტყვის ზუსტი თარგმანი.

^ აბზ. 17 აღსანიშნავია, რომ ბიბლიის ზოგი ინგლისური თარგმანი გაცილებით მეტი სიტყვითა თუ ფრაზით თარგმნის ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს, და აქედან გამომდინარე, ნაკლებად თანმიმდევრულია.

^ აბზ. 25 ბიბლია გვასწავლის, რომ სიკვდილის დროს ადამიანი მტვერს უბრუნდება, სული კვდება და ადამიანი მეტად ვეღარ აზროვნებს და ვეღარაფერს გრძნობს (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5, 6; ეზეკიელი 18:4). ბიბლიაში არსად არ წერია, რომ ბოროტ ადამიანთა სულები მარადიულად იტანჯებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში.

[ჩანართი 21 გვერდზე]

თავისუფალი თარგმანი ზოგისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, რადგან ის ადვილი წასაკითხია. მაგრამ, მთარგმნელების ასეთი თავისუფალი მიდგომა ზოგჯერ ბუნდოვანს ხდის ან ცვლის დედნისეული ტექსტის მნიშვნელობას.

[ჩანართი 22 გვერდზე]

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 60-ზე მეტ ენაზეა გამოცემული. ამ თარგმანის საერთო ტირაჟი 145 000 000-ს აღემატება!

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

ძველი დროის თავისუფალი თარგმანი

ბიბლიის თავისუფალი თარგმანი ძველ დროშიც კეთდებოდა. მაგალითად, ასეთი იყო ებრაელების მიერ შედგენილი არამეული თარგუმები ანუ წმინდა წერილების თავისუფალი თარგმანები. მართალია, ეს არ არის ზუსტი თარგმანები, მაგრამ ამ თარგმანებიდან ვიგებთ, თუ როგორ ესმოდათ ებრაელებს ბიბლიის ზოგიერთი ტექსტი, რაც ეხმარება მთარგმნელებს, ჩასწვდნენ ამა თუ იმ რთული მონაკვეთის აზრს. მაგალითად, იობის 38:7-ში მოხსენიებულ „ღვთის ძეებზე“ არამეულ თარგუმებში ნათქვამია, რომ ამაში იგულისხმება „ანგელოზთა გუნდები“. თარგუმები გვიჩვენებს, რომ დაბადების 10:9-ში გამოყენებული ებრაული წინდებული, რომელიც ნიმროდის აღწერისას გვხვდება, მიუთითებს „წინააღმდეგობის გაწევაზე“ ანუ „მოწინააღმდეგეზე“ და არა უბრალოდ ღვთის „წინაშე დგომაზე“. მართალია, ბიბლიის ასეთი თავისუფალი თარგმანები ძველად გამოიყენებოდა, მაგრამ მათ ბიბლიის ადგილი არასოდეს დაუკავებია.

[[სურათი]

1657 წელს დასრულებული თარგმანის მონაკვეთი უოლტონის „ბიბლია პოლიგლოტადან“, იობი 38:1—15

ბიბლიის ებრაული ტექსტი (ლათინური სტრიქონობრივი თარგმანით)

არამეული თარგუმის შესაბამისი ტექსტი

[სურათი 19 გვერდზე]

„ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანის“ მონაკვეთი, ეფესოელები 4:14

მარცხენა სვეტში მოცემულია სიტყვასიტყვითი თარგმანი, მარჯვენაში კი — აზრობრივი

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Background: Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem