ღვთის თვალში ძვირფასნი ვართ
დაუახლოვდით ღმერთს
ღვთის თვალში ძვირფასნი ვართ
„ჩვენი გული გვდებს მსჯავრს“, — ამ სიტყვებით ბიბლია გვეუბნება, რომ დროდადრო ჩვენი გული შეიძლება მეტისმეტად გვადანაშაულებდეს. ის შეიძლება გამუდმებით გვიმეორებდეს, რომ ღვთის სიყვარულისა და მზრუნველობის ღირსნი არა ვართ. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20). ღმერთი იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. ჩვენს თავზე ღვთის თვალსაზრისი შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ჩვენი თვალსაზრისისგან. გვაფასებს იეჰოვა ღმერთი, ვის თვალსაზრისსაც სინამდვილეში აქვს მნიშვნელობა? ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შესაძლებელია მაგალითში, რომელიც იესომ ორ განსხვავებულ შემთხვევაში მოიყვანა.
პირველ შემთხვევაში იესომ თქვა, რომ „ორ ბეღურას ერთ მონეტად . . . ყიდიან“ (მათე 10:29, 31). ლუკას 12:6, 7-ის თანახმად კი იესომ თქვა: „განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება . . . ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“. ეს უბრალო, მაგრამ ნათელი მაგალითი გვასწავლის, თუ როგორ უყურებს იეჰოვა თავის თითოეულ თაყვანისმცემელს.
ბეღურა იაფი იყო იმ ჩიტებს შორის, რომლებსაც საკვებად იყენებდნენ. როგორც ჩანს, იესო აკვირდებოდა ღარიბ ქალებს — შესაძლოა საკუთარ დედასაც — როცა ბაზარში ამ პატარა ჩიტებს ყიდულობდნენ ხოლმე. ერთი ასირიული მონეტით (მისი ღირებულება დღევანდელ 5 ცენტზე ნაკლებია) მყიდველს ორი ბეღურის ყიდვა შეეძლო. ეს ჩიტები იმდენად იაფი იყო, რომ ორ მონეტად მყიდველი ოთხის ნაცვლად ხუთ ბეღურას ყიდულობდა; მეხუთეს უფასოდ აძლევდნენ.
იესომ თქვა, რომ ღმერთს არც ერთი ბეღურა „არ ავიწყდება“ და არც ერთი ბეღურა ‘არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამამ არ იცოდეს’ (მათე 10:29). იეჰოვა ნებისმიერ დროს ხედავს ბეღურის ჩამოვარდნას თუ საჭმლის მოსაძიებლად მის მიწაზე დაფრენას. როგორც ჩანს, ეს პატარა ჩიტები არც ისეთი უმნიშვნელოები იყვნენ, ღმერთს რომ არ შეექმნა, და არც ისეთი უმნიშვნელოები, რომ არ ხსომებოდა. სინამდვილეში ის აფასებს მათ იმიტომ, რომ მისთვის ძვირფასი ცოცხალი არსებები არიან. ხედავთ, რატომ მოიყვანა იესომ ეს მაგალითი?
სწავლებისას იესო ხშირად იყენებდა შედარებებს, მარტივი მაგალითებით მნიშვნელოვან საკითხებს ხსნიდა. მაგალითად, იესომ თქვა: „ყორნები . . . არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე?“ (ლუკა 12:24). ახლა უკვე ნათელი ხდება ბეღურების შესახებ იესოს იგავის მთავარი აზრი — თუ იეჰოვა ამ პატარა ჩიტებზე ზრუნავს, რამდენად უფრო იზრუნებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ ის და თაყვანს სცემენ!
იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მეტისმეტად უღირსები ვართ საიმისოდ, რომ ღმერთმა, რომელიც „ჩვენს გულებზე დიდია“, შეგვამჩნიოს და იზრუნოს ჩვენზე. განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ჩვენი შემოქმედი ჩვენში ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ საკუთარ თავში?!
[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]
Sparrows: © ARCO/D. Usher/age fotostock