ვისაც სიცოცხლის დაბრუნება შეუძლია
დაუახლოვდით ღმერთს
ვისაც სიცოცხლის დაბრუნება შეუძლია
თუ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი წაგართვათ, ყველაზე დიდი ტკივილი ალბათ სწორედ მაშინ განიცადეთ. ჩვენს შემოქმედს ესმის თქვენი გრძნობები. უფრო მეტიც, მას შეუძლია განგიქარვოთ საყვარელი ადამიანის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი. ბიბლიაში მკვდრეთით აღდგომის არაერთი შემთხვევა ჩაიწერა, რაც გვარწმუნებს, რომ ღმერთს არა მარტო სიცოცხლის მოცემა შეუძლია, არამედ სიცოცხლის დაბრუნებაც. გავიხსენოთ, როგორ აღადგინა იესომ ღვთის ძალით ერთი ადამიანი. ამ სასწაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ლუკას 7:11—15.
იდგა ახ. წ. 31 წელი. იესო გალილეის ქალაქ ნაინში მიემგზავრებოდა (მუხლი 11). საღამო ხანი იქნებოდა, როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა ქალაქის კარიბჭეს უახლოვდებოდა, დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ, დედისერთა ბიჭს. დედამისი ქვრივი იყო. მას დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა ქალაქიდან“ (მუხლი 12). წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა ეს ქვრივი ქალი! ერთადერთი შვილის სიკვდილის შემდეგ ის მეორედ დარჩა პატრონისა და მარჩენლის გარეშე.
იესოს ყურადღება მგლოვიარე დედამ მიიპყრო, რომელიც ალბათ ცხედართან ახლოს იყო. «უფალმა რომ დაინახა, გული დაეწვა და უთხრა: „ნუ ტირი“» (მუხლი 13). იესო შეძრა ქვრივის მწუხარებამ. შეიძლება მან დედამისი წარმოიდგინა, რომელიც იმ დროისთვის, როგორც ჩანს, ქვრივი იყო, და მალე ისიც დამწუხრდებოდა შვილის სიკვდილით.
იესო ცხედარს მიუახლოვდა, მაგრამ პროცესიას არ გაჰყოლია. შემდეგ, როგორც ძალაუფლების მქონე, „საკაცეს შეეხო“. ხალხი შეჩერდა. იესომ, რომელსაც სიკვდილის დამარცხება შეეძლო, ომახიანი ხმით თქვა: «„ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. იესომ ის დედამისს ჩააბარა» (მუხლები 14, 15). მართალია, სიკვდილმა დედა-შვილი ერთმანეთს დააშორა, მაგრამ იესომ აღადგინა ბიჭი და „დედამისს ჩააბარა“. უდავოა, რომ ქვრივის მწუხარებას სიხარული შეცვლიდა.
თქვენც გსურთ განიცადოთ საყვარელ ადამიანთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული? დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთს ესმის თქვენი. ღვთის თანაგრძნობას კარგად ასახავს მწუხარე ქვრივისადმი იესოს დამოკიდებულება. ის ხომ თავისი მამის ანარეკლია (იოანე 14:9). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც სიცოცხლეს დაუბრუნებს გარდაცვლილებს, რომლებიც თავის მეხსიერებაში ჰყავს შემონახული (იობი 14:14, 15). ღვთის სიტყვა გვაძლევს იმედს, რომ ვიცხოვრებთ დედამიწაზე სამოთხეში და კვლავ ვიხილავთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29). მეტი გაიგეთ მის შესახებ, ვისაც სიცოცხლის დაბრუნება შეუძლია, და დარწმუნდით, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი რეალურია.
[სურათი 23 გვერდზე]
„მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. იესომ ის დედამისს ჩააბარა“